ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია– ირაკლი ღარიბაშვილი
ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია– ირაკლი ღარიბაშვილი

„ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, ქვეყანაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ არსებობდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ, დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მინდა, მივმართო ყველას, დავფიქრდეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით მაშინ. ის საქართველო შევცვალეთ და მთავარი გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 2012 წელს. ჩვენს ხალხთან ერთად შეუძლებელი შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა,  რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი საქართველოს არ ჰყოლია.

„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: 1. ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. 2. მშვიდობა – მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და 3. სტაბილურობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები.

„ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო გახვეული ომებში და კონფლიქტებში. შეიძლება სათქმელად მარტივი იყოს რა კარგია მშვიდობა და სტაბილურობა, მაგრამ გადავხედოთ როგორ მოვედით აქამდე და ვინ განაპირობა ეს მშვიდობა და სტაბილურობა. ამას მართავს გონიერი ადამიანი და გონიერი მმართველი. 8-წლიანი პერიოდი ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც ტერიტორიები დაუკარგავს და არანაირი დესტაბილიზაციის ნიშანი არ არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

'.$TEXT['print'].'