,,ხელმწიფის კარის გარიგება,, და კალანდა გურიაში
ავტორი: გურიის მოამბე
,,ხელმწიფის კარის გარიგება,, და კალანდა გურიაში

,,ხელმწიფის კარის გარიგება,, და კალანდა გურიაში

წინასაახალწლოდ მედია ფართოდ აშუქებს გურიაში კალანდის აღნიშვნას, რა დროსაც საზოგადოებას აწვდიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას კალანდობის რიტუალზე, მის ისტორიაზე და წარმოშობის საფუძვლებზე, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, მაგრამ კარგი იქნება თუ კი ამ კუთხით გავითვალისწინებთ ქართული ისტორიული წყაროებსაც.

რამდენიმე წლის წინ გავეცანი ქართული სამართლის უნიკალურ ძეგლის ,,ხელმწიფის კარის გარიგების,,, შინაარსს, რომელიც ჩემი აზრით ნებისმიერი ადამინისათვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს თავისი მრავალფეროვნებით. ,,ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წყობილების, ისე კულტურული, ეკონომიკური და ნივთიერი კულტურულის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს.,, წერდა ივანე ჯავახიშვილი.

კალანდობასთან მიმართებაში ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ძეგლის პირველი და მეორე პარაგრაფი სადაც აღწერილია საახლწლო რიტუალი ხელმწიფის კარზე. რადგანაც იგი თავისი არსით ძალიან ჰგავს გურიაში ,,კალანდას,, სადღესასწაულო რიტუალს, კერძოდ - საღვინეში (მარანში) გაშლილი სუფრით, მოხარშული ტახის თავით და მეკვლეობით (ფეხადობით).

ძეგლის შინაარსის მიხედვით ხელმწიფის საახალწლო ქუდითა და მოსასხამით შემოსვის პატივი მონადირეთუხუცესს ჰქონდა _ ,,მას წელიწადის თავს დღეს მეფე არავისგან შეიმოსების ამისგან კიდე, რომე მონადირეთუხუცესი ყვითლით ყაბარჩით შემოსს, სახელმოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად, საყელოსა, - და თავსა კარგისა ყვინდიზისა და და მაღლად აშვერილსა, მჭლოს შეკერულსა ქუდსა დაარქვამს.,, ამის შემდეგ მეფე ჩადიოდა საღვინეში სადაც საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ველური ტახის მოხარშული თავი _- ,,საღვინეს წინ ქვე დასმენ მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგამენ და ველური ტახის თავს, მოხარშულს, წინ დაუდგამენ,,. შემდგომ საახალწლო სუფრას ყველაზე ადრე მკერვალთუხუცესი და ტყის მცველები მიუსხდნებოდნენ, მეხელადენი კი სუფრასთან იდგნენ - ,,ამას წინათ, საღვინეთაკე, იმის კერძს, შორს, ადრე მკერვალთუხუცესი და ტყისმცველნი დასხდებიან. და მეხელადეთუხუცესნი დგანან; აღთვალვენ მათცა და დასხდებიან მასვე ადგილსა, საცა დგებიან. და მონადირეთაცა.,,

მეორე პარაგრაფში უშუალოდ აღწერილია საახალწლო ნადიმის დასაწყისი _ ,,მონადირეთ უხუცესი მწვადს მიიხვამს, უკანისღა მიდგების, იკითხავს, ხვალ სიით ჰკვლევენ; უბრძანებს მეფე, სითაც ეპრიანების, ჭიქას უბოძებს და მწვადს შესჭამს და შესვამს ღვინოსა, და მუნვე წავა და დაჯდების თავის ადგილსა,,. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით თავდაპირველად მონადირეთ უხუცესი თავად სინჯავდა (მიიხვამდა) მწვადს და ეკითხებოდა მეფეს ,,ხვალ სიით ჰკვლევენ,, რაც მისი აზრით მეკვლეობასთან იყო დაკავშირებული რადგანაც ახალიწლის მეორე დღე (პირველი რიცხვი) სწორედ მეკვლეობის დღე იყო.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ნათელია, რომ გურიამ ყველაზე უფრო კარგად შემოინახა ახალიწლის საერო დღესასწაულის რიტუალები – სიმღერით, ჩიჩილაკით, ფეხადობით, ღორისთავით და მარანში ახალი წლის შეხვედრით.

'.$TEXT['print'].'