ანსამბლი ,,ფესვები" ფესტივალ ,,აჭარა 2009"-ის საპატიო ლაურეატი გახდა
ოზურგეთიდან მიწვეული იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი - ,,ფესვები," მერაბ მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ანსამბლმა ცეკვები ,,რაჭულ-ფერხული" და ,,სვანური" წარუდგინა მაყურებელს, მაღალი შემოქმედებითი და საშემსრულებლო დონის წარმოჩენისათვის მათ დიპლომი და ფესტივალის ლაურიატის საპატიო წოდება მიენიჭათ.
 ანსამბლ ,,ფესვების" მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მის ხელმძღვანელს, მერაბ მორჩილაძეს ვესაუბრეთ: ,,ფესტივალი აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის ეგიდით ჩატარდა, გურიის რეგიონი მხოლოდ ჩვენმა ანსამბლმა წარმოადგინა, ფესტივალს კონკურსის სახე ჰქონდა. თავის ქებად არ გამომივიდეს, მაგრამ გურია მართლაც საუკეთესო იყო. ,,რაჭულ-ფერხული" პირველად იცეკვა მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ჩემმა ანსამბლმა და კარგადაც გამოუვიდათ, კმაყოფილი არასოდეს არ ვარ, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო. ყველა ბავშვს გადაეცა დიპლომები და ლაურეატის მედლით დაჯილდოვდნენ. ასვე გადმოგვეცა საერთო დიპლომი და წმ.გიორგის ხატი, რომელსაც ვაკურთხებინებთ და ბავშვების თხოვნით დარბაზში საპატიო ადგილზე დავდებთ.
 უახლოეს მომავალში გვექნება გასვლა თბილისში, სადაც ოპერის თეატრში, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, მისი მენეჯერი ნიჭიერ ბავშვთა ფორუმს ატარებს. ფორუმი 9 მარტს გაიხსნა და თბილისის კოლექტივები უკვე წარსდგნენ რჩეული ნომრებით. 13 აპრილიდან იქნება დასავლეთის რეგიონები და მათ შორის ჩვენც. გურიის რეგიონიდან იქნებიან ასევე იური ჩიხრაძის ინსტრუმენტალური ანსამბლი "ედელვაისი" და ტრისტან სიხარულიძის კრიმანჭულის სკოლა. აქ უკვე კონკურსანტებს სერიოზული ჟიური შეაფასებს. პირველ ივნისს-ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს გაიმართება გალა კონცერტი, სადაც გამარჯვებული ჯგუფები წარსდგებიან, რომლებსაც პატარ-პატარა ბიოგრაფიებით ბუკლეტებს დაუბეჭდავენ. ჩვენ წარვადგენთ ,,სვანურ" და ,,მთიულურ" ცეკვებს, იმედი გვაქვს, ეს ნომრები წარმატებას მოგვიტანს და გურიაში გამარჯვებულები დავბრუნდებით." 

'.$TEXT['print'].'