ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მარიონეტების თეატრი პატარა მაყურებლების წინაშე ორი საპრემიერო ჩვენებით წარსდგა
 პატარა მაყურებლებში ზღაპრულ, ჯადოსნურ სამყაროში დანახული გმირების სიხარული და ტკივილი, დაბრკოლება და გამარჯვება იმ ბავშვურ ემოციებს იწვევს, ხანაც ტაში, ხანაც კი გაცისკროვნებული თვალები რომ ჰქვია. ყველაზე ძალიან კი ის დასასრული იზიდავთ, კეთილის მიერ დამარცხებულ ბოროტებას რომ ნათლად უსვამს ხაზს. ამიტომაც, შეიყვარეს ის გმირები, სიკეთეს რომ ემსახურებიან და მოყვასის სიყვარული რომ შეუძლიათ. სწორედ ამის გამოა, მათთვის პატარა ქეთო და მისი აღმზრდელები დიდი გმირები, ცეროდენა და ბეკეკა კეთილი, მგელი და ყაჩაღები კი ბოროტი, დამარცხებული თოჯინები. ბავშვური ვარდისფერი სამყარო რომ გაამდიდრონ, სულიერი საზრდოს მიღებით კი ფანტაზიებს შეასხან ფრთები, მათთვის ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანია მსახიობის მიერ ამღერებული, თუ ამოძრავებული თითოეული გმირი თოჯინა. კარგად აწყობილი თეატრალური სანახაობა რომ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მოზარდთა სრულქმნისათვის, ეს უფროსებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული, ამიტომაც, თეატრს პატარა მაყურებლები მუდამ ჰყავს. მათი ინტერესების გასამდიდრებლად ახალგაზრდა რეჟისორი, მსახიობებთან ერთად, აქტიურად მუშაობს. ამის შედეგია, რომ მიმდინარე რეპერტუარს სულ მალე 4 ახალი წარმოდგენა შეემატება, ამათგან ორი მარიონეტული, ერთიც თოჯინური და ერთიც მოზარდმაყურებელთა სპექტაკლი. 
'.$TEXT['print'].'