ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი - გადარჩენის გზების ძიებაში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი - გადარჩენის გზების ძიებაში
 ამ დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ წლეულს იგი დასამახსოვრებელი იქნება ყველასათვის. მუზეუმის ფონდების მცველისა და ამაგდარი მუშაკის, მანანა ლომაძის ინიციატივით გურიანთა - ვაშნარის ძეგლის პოპულარიზაციას აპირებენ. ღონისძიება ორდღიანი იქნება, პირველი დღე სამეცნიერო- კონფერენციას დაეთმობა, მეორე დღე კი, უშუალოდ ადგილზე გასვლასა და ძეგლის მონახულებას. თუმცა ,,გურიის მოამბემ" ექსკლუზიურად ისიც შეიტყო, რომ ამ დღისთვის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ორიგინალური აქციის ჩატარებასაც გეგმავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა ჯაყელი აცხადებს, რომ 18 მაისს იმ კონკრეტული სამეცნიერო ღონისძიებების გარდა, იგეგმება ,,მუზეუმის მეგობართა კლუბის" ჩამოყალიბება. ,,ჩვენი აქციის მიზანია საზოგადოებას დავანახოთ მუზეუმის პრობლემები თუ სატკივარი და გვჯერა, რომ ჩვენს რაიონში გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც საკუთარი ისტორიის პატივისცემა ღირსების საკითხი იქნება. როდესაც  მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებაზე საუბრობენ, მუზეუმს კულტურული ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამისთვის კი სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა აუცილებელი. საზოგადოებაზე ორიენტირებული პროგრამები კი ემსახურება იმას, რომ ის პროდუქტი თუ სიმდიდრე, რაც მუზეუმს გააჩნია, კარგად შეფუთოს და ისე წარუდგინოს საზოგადოებას მათი ინტერესისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. თუ 21-ე საუკუნის მუზეუმმა ეფექტური კომუნიკაცია ვერ დაამყარა საზოგადოებასთან, ის მუზეუმი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. "
,,გ.მ" ესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დირექტორს გოგა ტრაპაიძეს
 ბატონო გოგა, როგორც ვიცი, როცა თქვენ დირექტორად დაინიშნეთ, მუზეუმს უკვე ჰქონდა საკმაოდ პრობლემები, რა მდგომარეობა დაგხვდათ მაშინ და რა ხდება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში?
 2004 წლის 1 ივლისს დავინიშნე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორად. იმ პერიოდში თითქმის განადგურებული იყო მუზეუმის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, თვითონ შენობა კი სავალალო მდგომარეობაში დამხვდა - ჭერი და კედლები ჩამონგრეული, იატაკი აყრილი და გაფუჭებული, სახურავი გამოსაცვლელი. ყოველ გაწვიმებაზე წყალი ნიაღვრებად ჩამოდიოდა. რაც შეეხება ფასადს, იგი დღესაც იგივე მდგომარეობაშია რაც მაშინ იყო. ამის გამო 2002 წლიდან ჩვენს მუზეუმს დამთვალიერებლები არ მიუღია. 
 2004 წლიდან ეტაპობრივად დავიწყეთ რვავე საექსპოზიცო დარბაზის გარემონტება. გურიის ყოფილი გუბერნატორის, რამაზ ნიკოლაიშვილისა და მოქმედი გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თაოსნობითა და ძალისხმევით გასულ, ანუ 2008 წელს მოხერხდა სამი საექსპოზიციო დარბაზის გარემონტება. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა არქეოლოგია - ნუმიზმატიკის ექსპონატებისათვის თანამედროვე ტიპის კარადა-ვიტრინების შეძენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთების გამოფენა შეუძლებელი იქნება. არქეოლოგიურ ნივთებზე მაქვს საუბარი, რომელთაც სხავანაირი დაცვა, სხვანაირი მოფრთხილება სჭირდებათ. რაც შეეხება სხვა დარბაზებს, რომლებშიც ეთნოგრაფიული, ხალხური რეწვისა და ოზურგეთელ ფერმწერთა ნამუშევრებია გამოფენილი,ისინი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. ბოლო საექსპონატო დარბაზი ასახავს ოზურგეთის ყოფას 19 საუკუნეში. ეს დარბაზი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და მას სრულყოფილი სახე არ მიუღია. დაგეგმილი გვაქვს ფოტო-არქივის საშუალებით ძველი ოზურგეთის ხედები აღვადგინოთ, რომელიც ჩვენთან ფონდში ინახება. Mმცირეოდენი რაკურსის გაკეთება გვინდა თუ რა შენობები იდგა და როგორი იერსახე ქონდა მე-19 საუკუნის ოზურგეთს. ვფიქრობ, ეს ძალზედ საინტერესო იქნება. დამთვალიერებლებს ვიღებთ, მაგრამ ამას არ ჰქვია სრულყოფილი გამოფენა. ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირებული ექსპონატები, როგორიცაა საბრძოლო იარაღები, ნუმიზმატიკის იშვიათი ნიმუშები და ანტიკური ხანის სამკაულები, ჯერ კიდევ საცავში ინახება.
 _ რა თანხებზეა საუბარი, ვიტრინა-კაბინების შეძენა უხეში გათვლებით რა თანხა ჯდება და ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს თუ არა მუზეუმისთვის ამ თანხის გამოყოფას. 
_ ეს ყველაფერი გამოკვლეული და სპეციალისტის მიერ დაანგარიშებული მაქვს. სადღაც 10 000 ლარზეა საუბარი. ჩვენ წერილებითა თუ სიტყვიერი საუბრებით ხშირად მივმართავთ ყველა იმ ადგილობრივ სამსახურს, რომელთა დაქვემდება-რებაშიც ვირიცხებით. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო ამას დაგვიფინანსებს, მივესალმებით. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ გამგეობაცა და საკრებულოც შეძლებისდაგვარად გვერდში გვიდგანან და თანხებს ეტაპობრივად გვირიცხავენ. გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან რეკომენდაცია მოგვივიდა, რომ უნდა გავაკეთოთ მუზეუმში სავენტილაციო სისტემა, მუზეუმი უნდა თბებოდეს ისე, როგორც ამას თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს და აქცენტს იმაზეც აკეთებდნენ, რომ ჩვენი გამოფენა სრულყოფილი არ არის. 
 _ "ვარდოსნების" ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში რეფორმები ჩაატარა.მათ შორის სამუზეუმო რეფორმაც განხორციელდა. რას გულისხმობს ეს რეფორმა და როგორ შეეხო მუზეუმს, რა სიკეთეები მოუტანა თუ პირიქით?
_ კანონი ითვალისწინებს, რომ მუზეუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყოს. კულტურის სამინისტრომ კი წლების განმავლობაში, ამ სტატუსით არ დაგვარეგისტრირა. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე მუზეუმი აირჩია. ფაქტიურად ჰაერში გამოკიდულები დავრჩით.ისევ და ისევ მუნიციპალიტეტის გამგეობამ გვიხსნა, სახეცვლილი სტატუსით - არასამეწარმეო, არაკომერციულ, იურიდიულ პირად დაგვარეგისტრირა. სწორედ ამ სტატუსით განაგრძო მუზეუმმა ფუნქციონირება. რისთვისაც, ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.ფინანსურად მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველგვყოფს, რეკომენდაციებს და მითითებებს, წმინდა სამუზეუმო თვალსაზრისით, კულტურის სამინისტროსაგან ვიღებთ.
_ საქართველოში ბოლო ათწლეულების კრიზისი მძიმედ აისახა კულტურაზე, მოხდა ფასეულობების დევალვაცია და გაუცხოება საზოგადოებასა და ხელოვნებას (კინო, თეატრი) შორის, ასევე საზოგადოებასა და მუზეუმს შორის. ეს განსაკუთრებით რეგიონებში შეიმჩნევა. რა გზებით აპირებთ ამ გაუცხოების აღმოფხვრას და მუზეუმის საზოგადოებასთან დაახლოებას და თანამშრომლობას?
 _ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჩვენს მუზეუმში სულ ახლახანს ჩამოყალიბდა და მას ქალბატონი მარიკა ჯაყელი კურირებს. 21-ე საუკუნის მუზეუმის მართვის თანამედროვე სტანდარტები და მენეჯმენტი საზოგადოებაზე ორიენტირებული პროგრამების განყოფილების არსებობას თავისთავადად გულისხმობს, რომელიც იმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და შესათავაზებს მას კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, იმუშავებს მარკეტინგის მიმართულებით და დაკავდება "ფანდრაიზინგით".ასეთი სტანდარტები უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ეროვნულ მუზეუმებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენც, ამ მიმართულებით გააქტიურება საშუალებას მოგვცემს მუზეუმი განვითარდეს როგორც მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. როცა ჩვენ ექსპოზიციის სრულყოფას შევძლებთ, შემდგომ, უკვე შეგვეძლება საგანმანათლებლო რესურსცენტრს და უშუალოდ საჯარო სკოლების ხელმძღვანელობას შევთავაზოთ საინტერესო მუშაობა საგანმა-ნათლებლო კუთხით და მოსწავლეების მუზეუმში მოყვანის პრობლემა, ვთვლი, რომ აღარ გვექნება. დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც, რომ მსურველები ძალიან ბევრია. ელოდებიან ჩვენს სრულყოფას, არა მარტო მომავალი თაობა, არამედ ყველა ოზურგეთელი ელოდება, ვისაც ინტელექტზე, გონიერებაზე პრეტენზია აქვს.
_ შეგიძლიათ დაგვისახელოდ ის სავარაუდო თარიღი, როცა ეს მოხდება? ფაქტია, ოზურგეთისთვის 10 000 ლარი მცირე თანხა არ არის , მაგრამ არც ისე დიდია. ქალაქს, თან საკმაო ისტორიის მქონე ქალქს, ნორმალური მუზეუმი აუცილებლად სჭირდება. ხშირ შემთხვევაში, როცა უცხოეთიდან სტუმრები გვყოლია, ამ მხრივ პრობლემები შექმნილა.
_ გეთანხმებით. არა ერთი უხერხული და გამოუვალი სიტუაცია იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და კეთილი ნებით მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და არა მარტო ქართველი არამედ, უცხოელი დამთვალიერებლების გაკვირვებას. ჩვენი მუზეუმი ხომ ქვედა პალეოლითის ხანიდან იწყებს ექსპოზიციების ათვლას. მაგრამ ამას კარგი შეფუთვა და მომხმარებლისადმი საინტერესო ფორმით მიტანა სჭირდება. სავენტილაციო სისტემა და ტემპერატურული რეჟიმი სტანდარტული უნდა იყოს, ეს არა მარტო დამთვალიერებელს, არამედ ექსპოზიციებსაც სჭირდებათ. რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, შესაბამისი თანხა ოზურგეთის ბიუჯეტში დღეს არ არის გამოყოფილი. დამერწმუნეთ, როცა ეს პრობლემები მოგვარდება, ოზურგეთის მუზეუმი თავის სიტყვას იტყვის და ბევრ ცნობილ მუზეუმს ტოლს არ დაუდებს. ნებისმიერს აღფრთოვანებულს გავუშვებთ.
'.$TEXT['print'].'