დედა ენის დაცვის დღე ოზურგეთში საზეიმოდ აღნიშნეს
 ერთიანობისა და ერთმთლიანობის სიმბოლოდ სხვადასხვა სკოლის უმცროსკლასელები ხელიხელჩაკიდებულნი, "დედა ენით" ხელში თეატრალურ მოედანზე, დამრიგებლებთან ერთად, რიგ-რიგობით შემოდიოდნენ. შეკრული წრით ფეხზე იმ უმნიშვნელოვანეს სიმდიდრესა და საგანძურს დაუდგნენ, მომავალ თაობებს ღირსეულად რომ მოუტანეს დღემდე წინაპრებმა. ამიტომაც, ასე კრძალვით, ასე ამაყად წარმოთქვამდნენ თითოეულ სიტყვასა თუ ლექსად შექმნილ საგალობლებს იმ ენისა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ძლიერ ფესვებზე ერის სიწმინდეს იცავს, ყველაზე ძლიერად და ყველაზე ღირსეულად. იყო ბევრი სიტყვა, სიტყვა წმინდა საგანძურზე და ბევრჯერ მოტაცებულ "დედა ენაზე". შემდეგ კი მოედანს მათეული, თავისებური მხატვრობით ამშვნებდნენ პატარები. 
 ღონისძიების მონაწილეებმა თეატრში გადაინაცვლეს, სადაც შემოქმედის კულტურის სახლში არსებული თეატრალური სტუდია "ბერიკონის" ბავშვებმა, ქეთევან მახნიაშვილის ხელმძღვანელობით, მაყურებლებს სპექტაკლი "საქართველო არის ესე" წარმოუდგინეს, სპექტაკლი, რომელშიც ხალხური და კლასიკური ნაწარმოებები სინთეზურადაა შერწყმული, გლობალური პრობლემები კი ნათლად წარმოჩენილი. იყო მაგალითები, როცა ღალატმა და უვიცობამ ერი ტკივილამდე მიიყვანა, იყო მოწოდება ეს არ უნდა გახდეს სამაგალითო, განმეორებადი. არა ეთქვა ბოროტებას, დამანგრეველს, დამანგრეველს ერისთვის, საზოგადოებისთვის. რომ სალოცავად ქცეული ენა, მამული, სარწმუნოება მუდამ წმინდად დარჩება ქართველი კაცისთვის, ასე იყო თავიდან და ღირსეულად უნდა გააგრძელოს მომავალმა. საქართველო ხომ სწორედ ესე არის. 

'.$TEXT['print'].'