სად და როგორ იცხოვრა გოდერძი მახარაშვილმა-გიორგი კობახიძემ

ასეთია რეზო ჩხეიძის ,,ჯარისკაცის მამა''. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმატების მიზეზი მხოლოდ სცენარი და რეჟისორის ოსტატობა როდია. აქ დირიჟორია მთავარი როლის შემსრულებელი და რომ არა სერგო ზაქარიაძე, ფილმი ჩვეულებრივი, უბრალოდ მისაღები შეიძლებოდა ყოფილიყო.
თავის დროზე ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სერგო ზაქარიაძემ, გიორგის როლის შესრულებისათვის, ძალიან ბევრ კინოფესტივალზე, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, მიიღი პრიზები- მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. რეზო ჩხეიძე ხუმრობით აღნიშნავდა კიდეც: ჯარისკაცის კი არა, ჩემი მამა ყოფილა, მთელი მსოფლიო მომატარაო.
ჭეშმარიტად, ეს არის ერთი მსახიობის ფილმი. მაყურებელი ფეხდაფეხ მიჰყვება ომში წასული შვილის სანახავად მავალ გლეხს, კახეთიდან ბრძოლის პირველ ხაზამდე. ამ მოგზაურობისას იგი ხან იცინის, ხანაც თვალები ცრემლებით ევსება. დაუვიწყარია ეპიზოდური როლიც გოდერძი მახარაშვილისა. ფილმის დასრულებამდე სულ ათი წუთით ადრე გამოჩნდება იგი კადრში, მაგრამ მაყურებელი გაცილებით ადრე ელოდება მას და თითქოს მის გვერდით ტრიალებს.
გოდერძი მახარაშვილი- გიორგი კობახიძე საოცრად მიმზიდველი გარეგნობის მსახიობი იყო. მისი კინოდებიუტი აქ შედგა.
სად და როგორ იცხოვრა მან, ამის შესახებ მისი ვაჟი- დიტო კობახიძე გვიამბობს:
სამწუხაროდ, მამა შარშან 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. პროფესიით იყო მსახიობი, დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი, მუშაობდა ჯერ რუსთაველის, შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. აქ შენიშნა იგი რეზო ჩხეიძემ. პოპულარობის თვალსაზრისით, დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა. მოგვიანებით ითამაშა ფილმში ,,ჩემი მეგობარი ნოდარი". გარეგნობით იყო გაცილებით მიმზიდველი, ვიდრე ეკრანზე. 
-როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოახერხა მან შესაძლებლობების სრული რეალიზება?
-მამა ცხოვრობდა ისე, როგორც მას უნდოდა. დარწმუნებული ვარ, არ უოცნებია მეტ პოპულარობაზე, თორემ ამასაც მოახერხებდა. საქართველოში ძალიან ცოტამ იცის, რომ იგი 50-მდე კინოფილმშია გადაღებული, აქედან მხოლოდ სამია საქართველოში. 47 კონოროლი იყო მოსკოვში, პეტერბურგში, კიევსა და ალმა-ატაში. მისი კინოგმირები ძირითადად ქართველები იყვნენ.
-რას და ვის იგონებდა მამა ყველაზე მეტად?
-ამბობდა, რომ მსოფლიოს არა ჰყავს იმ რანგის მსახიობი, როგორიც იყო სერგო ზაქარიაძე. მეგობრობდა რეზო ჩხეიძესთან და კახი კავსაძესთან. გვიყვებოდა რა მოხდა ფილმის-,,ჩემი მეგობარი ნოდარი"-გადაღებისას. იქ არის კადრი, სადაც ნოდარს სცემს ძმაკაცი. მამა იმდენად შესულა როლში, რომ უმოწყალოდ მოსვლია გარტყმა. კოლეგა დაშავებულა, გაბრაზებულა კიდეც და ფილმზე მუშაობა ათი დღით შეჩერებულა. საერთოდ, გამრტყმელ ბიჭად იცნობდნენ, აქედან წამოვიდა მისი მეტსახელი ,,გიჟუა". მაგრამ იყო სამართლიანი და უკანონოდ არავის აწყენინებდა. 
მას რუსეთში ჰყავდა ძალიან ბევრი გავლენიანი მეგობარი. ამის გამო ბიზნესი წამოიწყო, რომელიც ახლოს იყო მის პროფესიასთან. ფულიც იშოვა. იწვევდა ქართულ თეატრალურ დასებს მოსკოვსა და პეტერბურგში .შემდეგ დროც აირია და მისი პარტნიორიც.
-თავად როგორ მოხვდით ოზურგეთში?
-ბიზნესის გაფართოების სურვილით და განსაკუთრებული სიყვარულით გურულებისადმი. დედაჩემი, პროფესიით ფიზიკოსი, ლანჩხუთელია. გადასცემდა ფიზიკის კურსს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება ოზურგეთში ბიზნესის განვითარებას, სფერო ფირმის საიდუმოდ დავტოვოთ. დიდი სურვილის მიუხედავად, აქ შევფერხდით ობიექტური მიზეზების გამო. მოგეხსენებათ, ბიზნესმა უნდა მოიტანოს ფული, დაასაქმოს ადამიანები და აქტიური წვლილი შეიტანის ბიუჯეტის ზრდაში. იმედი მაქვს, მალე სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და ჩემი ოჯახური ბიზნესის თაობაზე ოზურგეთელებიც მიიღებენ სრულ იფორმაციას.

'.$TEXT['print'].'