"წინა კაცი უკანასი ხიდია"
 გვესაუბრება ღირსების ორდენოსანი, რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სისტემის დამსახურებული ინჟინერი, შრომის ვეტერანი, ქართულ ჩოხოსანთა წევრი, წიგნის ,,ქართული სუფრის სადღეგრძელოების ავტორი, ბატონი ნოე (ნოდარ) ჯიქია.

  _ ბატონო ნოდარ! თქვენ ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით საქართველოს ქალაქისა და სოფლის სატელეფონო კავშირის სამმართველოს. ბუნებრივია ამ მეტად მოუცლელ პოსტზე არ გექნებოდათ წიგნზე მუშაობის საშუალება. მაშ, როგორ შეძელით ასე სქელტანიანი წიგნის გამოცემა?
_ სამსახურში მართლაც და მეტად დატვირთული ვიყავი. საქართველოს ყველა კუთხე_კუნჭულში მიწევდა ჩასვლა. საქმის შემდეგ ქართული სტუმართმოყვარეობის წყალობით სუფრა იშლებოდა. უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებთან თამადად, რატომღაც მე მიმიჩნევდნენ ადგილს. როცა მაგიდის რიგითი წევრი ვიყავი ყურადღებით ვუსმენდი სხვებს, ვიმახსოვრებდი ან ვინიშნავდი საინტერესოსა და მოსაწონს. ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში აუარები ჩანაწერი დამიგროვდა. იგი უბრალო მაკულატურად დარჩებოდა, წიგნად რომ არ მექცია.
_რით შეგიძლიათ წინასწარ დააინტერესოთ მკითხველი თქვენი წიგნით?  
_ ქართული სუფრა ჩვენი ეროვნული კულტურის, ხელოვნების, განათლების ფართო ასპარეზია. ორკაციან სუფრასთანაც კი, ერთი თამადაა. თამადად შეირჩევა პატივსაცემი მჭერმეტყველი, თადარიგის მცოდნე პიროვნება, რომელსაც შეეძლება ტრადიციული სადღე­გრძელოების წარმოთქმა და სუფრის მსვლელობის რე­გუ­რილება. თამადა ერთმმართველია და მისი გადაყენება არ შეიძლება. თამადის წარმომჩენი, სადღეგრძელოა. საქართველოში სხვადასხვა დანიშნულების სუფრასთან 300-ზე მეტი სადღეგრძელო წარმოითქმება, რომელთა უმრავლესობა წარსულიდანაა მოღწეული, დანარჩენი თანამედროვე ძიების ნაყოფია.
წიგნში გაეცნობით ეპიზოდებს, როგორები იყვნენ სუფრასთან პოეტი გიორგი (გოგლა) ლეონიძე, მსახიობი კოტე მახარაძე, პოეტი მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი, კინომცოდნე გოგი დოლიძე, ეთნოგრაფი, საქართველოს თამადების პრეზიდენტად წოდებული, კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილი, პროფესორი ანზორ ხაბეიშვილი და სხვ.
წაიკითხავთ სადღეგრძელოების შემამკობ სტრი­ქონებს ცნობილი პოეტების ლექსებიდან, ბრძნულ ნათ­ქვამებს და აშ.
წიგნის შინაარსი არ მოიყოლება იგი უნდა წაიკითხო.
_ თამადის მთავარი დამხმარე, სუფრის წარმართვაში?
_რა თქმა უნდა კარგი ღვინო. როდესაც თამადობას შემომთავაზებდნენ, ღვინოს წინასწარ ვაჭაშნიკებდი. ბევრჯერ მომითხოვია ფალსიფიცირებული ღვინის შეცვლა. დიდი ილიაც მოუწოდებდა; ხელი აეღოთ ,,შაქარიზაციაზე’,’
რათა არ შეელახათ ქართული ღვინის სიწმინდე და ხარისხი. ამ მიზანს ისახავდა მიმდინარე წლის დასაწყისში ბათუმში ჩატარებული ოჯახში დამზადებული ღვინის რიგით მეორე ფესტივალი.
_როგორც ვიცით თქვენ მონაწილეობდით ამ ფესტივალში  
_ ნამდვილი ღვინის თაყვანისმცემელი ვარ. მე თვითონ კარგად ვფლობ ღვინის დაყენების მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიას_ევროპულს, კახურს და იმერულს. ამიტომაც გავბედე მიმეღო მონაწილეობა აღნიშნულ ფესტივალში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილ საუკეთესო ღვინოებს შორის, ჩემმა ,,ცოლიკაურმა’’ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. დამაჯილდოვეს აგრეთვე სიგელით, დიპლომით, მობილური ტელეფონით, საფირმო ღვინოების ნაკრებით და 500 ლარით.
ფესტივალის შედეგები დაბეჭდილია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ კრებულში. იგი ყველა მევენახე-მეურნე კაცმა უნდა წაიკითხოს, მასში გაეცნობა ვაზის ისტორიას, ღვინოების დაყენების მამა-პაპურ ტრადიციებს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ღვინის წარმოება-წარმოჩენის თაობაზე მასალები ფესტივალს მიაწოდა წარმოშობით ჩოხატაურელმა, მეღვინეობის საერთა­შორისო აკადემიის აკადემიკოსმა, ალკოჰოლური სასმელების ექსპერტ-კონსულტანტმა ბატონმა ბონდო კალანდაძემ. მისი უნიკალური, სქელტანიანი წიგნი ,,მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები’’ ავტორისეული წარწერით, ჩემს საოჯახო ბიბლიოთეკას ამშვენებს. თუ ბატონი რედაქტორი თანახმა იქნება, ამავე გაზეთის საშუალებით მივაწოდებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას, ამ დიდებული ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 
-თქვენი აზრით უცხოელ სტუმართა მოწონებას ქართულ სუფრაზე ძირითადად რა კერძები იწვევს, დაგვისახელეთ ქართველი დიასახლისების ,,საუცხოო’’ ნახელავი. 
_უცხოელ სტუმრებთან ყოფნის დროს მრავალჯერ მხილველი გავხდი როგორ მოსწონდათ ფშავ-ხევსურული ხინკალი, კახური ხაშლამა და ჩაქაფული, მეგრული ელარჯი, გურული ჭყინტი ყველის ხაჭაპური და სხვ. განსაკუთრებით უნდა დავძინო; ინდაური, როგორც ფრინველი, სამხრეთ ამერიკიდან გავრცელდა მსოფლიოში, ხოლო მისგან მართლაცდა ,,საუცხოო’’ კერძის-საცივის გაკეთების საიდუმლოებას მხოლოდ ქართველი დიასახლისები ფლობენ. საცივს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შევხდებით. იგი ქართული სუფრის მშვენებაა. წარმოშობის კერად გურიას მიიჩნევენ.
_ბატონო ნოდარ! ხომ არ ამჩნევთ რაიმე ბზარს ქართული სუფრის ტრადიციებში? 
_ეს ცალკე, თანაც სერიოზული საუბრის თემაა. მხოლოდ ერთ მაგალითზე გავამახვილებ ყურადღებას. ადრე ქორწილის მაყრიონი წინასწარ შეირჩეოდა,
თავკაცად დარბაისელი, გამოცდილი კაცი გამოიყოფოდა. მაყრიონში უნდა ყოფილიყვნენ ,,მაგარი მსმელები’’, მჭერმეტყველები, იუმორისტები, მომღერლები და მოცეკვავეები. თითოეული მაყარი ცდილობდა გამოეჩინა თავი და ესახელებინა ოჯახი, კუთხე, რომლიდანაც იგი წარმოდგებოდა. დღეს უმეტეს შემთხვევაში, კაციშვილმა არ იცის ვინ ჯდება მაყრიონისათვის ჩამომდგარ ავტომანქანაში. თამადას ნაკლებად უსმენენ. გართობა ძირითადად ჯაზ-ორკესტრთან მოზარდი ახალგაზრდების გაუთავებელი როკვით შემოიფარგლება. ქართული სუფრის ადათ-წესების გაუბრალოებისაკენ მისწრაფება უნდა შეიზღუდოს.
_ამბობენ რომ საზღვარგარეთ მოსწონთ ქართული სუფრა და მისი წესები, თქვენ როდის და როგორ შეამჩნიეთ იგი?  
_მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყანა მაქვს მოვლილი და ქართული სუფრის მსგავსი არსად მინახავს. ერთხელ ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკაში სხადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის საქართველოს დელეგაციაც მიიწვიეს მეგობრულ ვახშამზე. დარბაზში 500-მდე კაცი ვიჯექით. შეხვედრის ორგანიზატორმა წვეულების თამადობა საქართველოს წარმომადგენელს სთხოვა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს, ეს საპატიო და თანაც საპასუხისმგებლო მისია მე მერგო წილად. სადღეგრძელოებს რუსულად წარმოვთქვამდი და ითარგმნებოდა სხადასხვა ენაზე. 
მშვიდობის, ბულგარეთის, სიყვარულის, მანდილოსნების, მსოფლიოს, ხალხთა მეგობრობისა და თანამშრომლობის სადღეგრძელოებს მხურვალე ოვაციებით შეხვდნენ. ქალაქის მერმა მოიგონა მისი საქართველოში მოგზაურობა და გულთბილად შესვა ქართველი ხალხისა და მისი სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო. სადღეგრძელო ერთხმად დიდი აღფრთოვანებით შეისვა.
ყველაფერი ეს შემთხვევით როდი იყო, იგი ჩვენი ეროვნული ტრადიციების, უცხოელთათვის გაწეული მამა-პაპური სტუმართ-მასპინძლობის ანარეკლი გახლდათ.
_ მაგრამ ქართულ სუფრას ბევრი მტერიც და მოშურნეებიც აღმოაჩნდა.
_ისტორიას არ შევეხები. 80-იან წლებში ,,შოთაობაზე’’ ჩამოსულმა ერთ-ერთმა უცხოელმა მწერალმა, რომელსაც მასპინძლები ,,ჩიტის რძესაც’’ კი არ აკლებდნენ, უკან დაბრუნების შემდეგ დაწერილ წიგნში, ქართველები სმა-ჭამას გადაყოლილებად მონათლა და ქართული სტუმართმოყვარეობა მიწასთან გაასწორა. რუსთაველის პრემიის ლაურეატმა პოეტმა, ფრიდონ ხალვაშმა საპასუხო ლექსში თქვა: ,,როდესაც ქართველს სუფრას წაართმევ, ქართველი ძნელად იქნება შემდეგო’’ და სუფრის წართმევის მრავალგზის უშედეგო მცდელობაც შეგვახსენა. მე მინდა ამ ლექსის დასასრულით დავასრულო კითხვაზე პასუხი.
,,გარჯილს და დაღლილს, 
მშრომელს თავმდაბალს,
  ნიჭიერს, კრძალულს, ალალს და მომთმენს,
  ღმერთო ყოველთვის ალალმართალი,
  პურის და ღვინის შეძლება ჰქონდეს’’
_რას უსურვებდით თანამედროვე ახალგაზრდობას თქვენი ცხოვრების ამ დიდი გადასახედიდან?  
_ პოეტი, მხედართმთავარი და ერის თამადად მონათლული ქართველი გრიგოლ ორბელიანი,, ომის შემდგომ ლხინისას ,,სადღეგრძელოში’’ თავდა­პირვე­ლად პატივს მიაგებს ,,წარსულთა დღეთა მოამაგეთა’’. თანამედროვე ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, ვინც წარსულს ივიწყებს_მომავალს უარყოფს. ვუსურვებ მათ შეინარჩუნონ და განავითარონ მამა-პაპათა ტრადიციები. 
ბატონ ნოე (ნოდარ) ჯიქიას ქვეყნის წინაშე საკმაო დამსახურების გარდა უამრავი მოქალაქეობრივი ღირსება გააჩნია. პენსიაში გასვლის შემდეგ, იგი მის დიდებულ მეუღლესთან, ქალბატონ ლამარასთან ერთად, მშობლიურ კერას დაუბრუნდა და სათუდად უვლის მას და დღეს იგი ერთ-ერთი ბრწყინვალე კარ-მიდამოა მთელს გურიაში, რომელსაც ამშვენებს ბატონი ნოდარის ხელით დაწნული მამა-პაპური ,,გურული ფაცხა’’ აუარება უნიკალური ექსპონატებითა და ,,აუღებელი’’ ქართული სუფრით. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ,,ბერმუხა’’.

ღვაწლმოსილი ჟურნალისტი  
გიგლა ვაჩეიშვილი 

'.$TEXT['print'].'