გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ამსახველ უნიკალურ მასალებს თბილისში რესტავრაცია ჩაუტარდება
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს სარესტავრაციოდ უნიკალური მასალა გადასცა. მუზეუმში აცხადებენ, რომ 10-მდე ძვირფასი ხელნაწერი ის იშვიათი ისტორიული წყაროა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გურული ცხენოსნების მოგზაურობას ასახავს. წერილები ძირითადად კალიფორნიის შტატიდანაა გამოგზავნილი და ~ველურ დასავლეთში" ქართველთა წარმატებაზე მეტყველებს. 
1892 წლიდან გურული მოჯირითეების ისტორია დაიწყო. ისინი 30 წელზე მეტხანს ბაფალო ბილისა და სხვა შოუების არენაზე გამოდიოდნენ. ქართველების განუმეორებელმა ჯირითმა იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა, რომ 1892 წლის 25 ივნისს გურულებს ბუკინგემის სასახლეში ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ უმასპინძლა.
სარესტავრაციოდ გადმოტანილ უნიკალურ ხელნაწერებს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტების უმეტესობა ბოლშევიკებმა გაანადგურეს.
რესტავრაცია ლანჩხუთისა და თეატრისა და კინოს მუზეუმებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.
'.$TEXT['print'].'