,,ჩოხაგრძელა” გურული ცხენოსნების ისტორია
,,ჩოხაგრძელა” გურული ცხენოსნების ისტორია
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მასალები გვატყობინებენ, რომ XIX საუკუნის-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც, ამერიკასა და ევროპას გააცნო თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. 
უცსოეთში გურულების პირველი ჯგუფი 1892 წელს გავიდა.
ეს ის დრო იყო, როცა ამერიკა თავისი სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა და ამასთან დაკავშირებით იმართებოდა გრანდიოზული სანახაობები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ცხენოსნები. ამ მისიით ამერიკიდან ჩამოსულა აშშ-ს წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელსაც ამერიკის მაშინდელი კონსულისა (სამწუხაროდ, მისი ვინაობა არ არის დაფიქსირებული) და ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეუკრებია ათ კაციანი გუნდი, რომელსაც მეთაურობდა ოზურგეთის სოფელ ნაგომარიდან ივანე მახარაძე.
მათ მონაწილეობა მიუღიათ ამერიკულ ,,შაპიტო ცირკში” გამართულ სანახაობებში, ყოფილან ამერიკის აღმოჩენის 400 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე ფაბლო ბილის მიწვევით. ყველაზე ცნობილი შოუც, სადაც კი გურულებს მოუწიათ გამოსვლა, ყოფილა ფაბლო ბილის ,,უალდ უესთ შოუ”_ ველური დასავლეთის შოუ. როგორც წყაროები იტყობინებიან, განსაკუთრებით საინტერესო მაყურებელთათვის გამხდარა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა.
მომდევნო ჯგუფი, პირველი ჯგუფის წევრის, ლანჩხუთელი ლუკა ჩხარტიშვილის ხელმძღვენელობით მალევე გამგზავრებულა, ოღონდ ამჯერად ინგლისში. გურულებს ბუკინგემის სასახლეში ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ უმასპინძლა, რომელსაც იმდენად მოსწონებია ,,ჩოხაგრძელა” გუნდის მიერ წარმოდგენილი სანახაობა, რომ გურულებისთვის მათივე ფოტოსურათებით სავსე, მოვარაყებული ალბომი გადაუცია. მსგავსი წარმატებით დაგვირგვინებულა გურული ცხენოსნების ასპარეზობა საფრანგეთშიც.
მუზეუმში დაცული წყაროების მიხედვით, გურულ ვაჟკაცებს ცხენოსნობაში ტოლს არ უდებდნენ ქალბატონებიც. ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. პირველი გურული ქალბატონები, რომლებიც ამერიკაში მოხვდნენ, იყვნენ ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე და დები მარო და ბარბარე ზაქარეიშვილები.
,,ჩოხაგრძელების” ტურნეს ამერიკაში დასწრებია აშშ-ს პრეზიდენტები უილსონი და თეოდორ რუზველტი. ეს უკანასკნელი იმდენად აღფრთოვანებულა მოჯირითე გიორგი ჩხაიძის ოსტატობით, რომ მისთვის სამსახსოვროდ ოქროს ბეჭედი და ლანგარი გადაუცია, რომელზეც თავად ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტი ყოფილა გამოსახული.
აღნიშნული ცხენოსნების უნიკალურ ხელნაწერებს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან როგორც ცნობილია, ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტების უმეტესობა ბოლშევიკებმა გაანადგურეს.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული რელიკვიური ხელნაწერები ძირითადად გურული მოჯირითეების პირადი წერილებია, რომლებიც შინაარსებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. რა უნდა მოეწერა ჯალაბობისთვის ოჯახს მოწყვეტილ, გადახვეწილ ცხენოსანს გარდა იმისა, თუ როგორ ენატრება სამშობლო და მშობლიური ფუძე-კერა? განსაკუთრებული და საინტერესოა ერთ-ერთი ლანჩხუთელის, გიორგი გვარჯალაძის წერილის ის ნაწყვეტი, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს: _ გული რავა არ გაგისკდება, როცა აქ საერთოდ არ იციან ვინ ვართ ქართველები და საერთოდ სად არის საქართველო. აქ ყველა კაზაკებად გვიცნობსო.
განსაკუთრებული დაინტერესება ცხენოსნებს ანაზღაურების გამო ჰქონიათ და საქართველოში არსებული სიდუხჭირე, სიღარიბე, შიმშილი და ისახსრობა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ თანხმდებოდნენ საზღვარგარეთ წასვლას.
აღნიშნული წყაროებიდან ირკვევა ისიც, რომ თითოეული ,,ჩოხაგრძელის” ანაზღაურება 50 დოლარი იყო, რაც იდენტური იყო ადგილობრივი ცხენოსნების ანაზღაურებისა. Eეს კი ძალიან დიდი ფული იყო გაჭირვებული ქართველისთვის მაშინ, როცა აქ საქართველოში ძროხა 3 მანეთი ღირდაო.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული წყაროების ნახვის შემდეგ, კინო-რეჟისორმა ირაკლი მახარაძემ მოიძია დამატებით ისტორიული ფაქტები და დაწერა წიგნი ,,ჩოხაგრძელა” ცხენოსნებზე სათაურით ,,უაილდ ვესთის მხედრები”, ცოტა მოგვიანებით კი მან იგივე თემაზე ფილმიც გადაიღო.
რაც შეეხება ხელნაწერების რესტავრაციას, როგორც ცნობილია, ლანჩხუთის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.

'.$TEXT['print'].'