საქართველოში ყველა პირობა არსებობს ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოებისთვის
სუბტროპიკული კულტურებთან შედარებით, ჩაი, რომლის პროდუქციაზე მოთხოვნილება მსოფლიოში მკვეთრად იზრდება, გამოირჩევა არახელსაყრელი კლიმატური პირობებისადმი მდგრადობით და სტაბილურად მაღალპროდუქტიულია. 
ტროპიკული ქვეყნების ჩაისგან განსხვავებით, ქართული ჩაის პროდუქცია არ შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს, რადგან შედარებით მკაცრ პირობებში გამოზამთრებული ბუჩქები არ საჭიროებს მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატებით დამუშავებას. ამიტომ, საქართველოში ყველა პირობა არსებობს ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოებისთვის.
როგორც ცნობილია, ქართული ჩაის პროდუქტს ისეთივე პრობლემები შეექმნა,
როგორიც ქართულ ღვინოს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მეჩაიეობის რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას (აქ ცხოვრების დონის მკვეთრად დაცემამ განაპირობა შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაცია). ამას დაემატა ჩაის პლანტაციების ტოტალური ამოძირკვა, რის შედეგადაც განვითარდა ეროზიული პროცესები და ძლიერი მეწყერული მოვლენები. ქართული ჩაის ექსპორტის შეფერხებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი სრულად არ არის შესწავლილი. ეს საკითხი წინა პლანზე არ წამოწეულა, არც ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში სახელმწიფო ხელშეწყობის საკითხი დასმულა.
ქართული ჩაისთვის `მწვანე შუქის~ მისაცემად, უპირველესად საჭიროა ქსელიდან ამოვიღოთ ფალსიფიცირებული, შეღებილი პროდუქცია. სასურველი იქნება, მთავრობამ, ღვინის რეკლამირებასთან ერთად, აქტიური პროპაგანდა გაუწიოს ქართულ ჩაისაც, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. მიზანშეწონილია ჩაის სასხლავი და საკრეფი აპარატების საცდელი ნიმუშების (უპირატესად იაპონური წარმოების) შეძენა და ფერმერებისთვის შეღავათიან ფასებში გადაცემა. ადგილობრივი ბაზრის დაბრუნებამდე, აუცილებელია 2-3 წლის განმავლობაში, მთავრობამ ჩაის მწარმოებლებს 1 კგ ჩაის ნედლეულის დამზადებისთვის გამოუყოს 15 თეთრი დანამატის სახით, როგორც ეს ხდებოდა ყურძნის დამზადებისას. 2010 წელს რესპუბლიკაში დამზადდა 4100 ტონა ჩაის ნედლეული, აქედან გამომდინარე, სუბსიდირებისთვის საჭირო იქნება 615 000 ათასი ლარი. ყოველივე ამის შედეგად მოსახლეობას გაეზრდება შემოსავალი, შემცირდება მიგრაცია, შეიქმნება წინაპირობა ხარისხიანი ჩაის დამზადების სტიმულირებისთვის.
სოციალურ ჭრილში სუბსიდირების მნიშვნელობა ნათელი ხდება თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ჰექტარი ჩაის პლანტაციის მოვლა-მოყვანას საშუალოდ ორი ადამიანის შრომა სჭირდება. ექსპლუატაციაში მყოფ ფოთოლსაკრეფად ვარგის პლანტაციებში დასაქმდება 40 000 ადამიანი.
ჩაის ალტერნატიული ბაზრების მოძიების თვალსაზრისით საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია. ჩაის მოხმარების მაღალი დონე მაღალია მეზობელ სახელმწიფოებში - თურქეთსა და აზერბაიჯანში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულთან შედარებით, თურქული ჩაი დაბალი ხარისხისაა, თუმცა, ამ ქვეყანაში ჩაის იმპორტზე საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალია.
ხსენებულ ქვეყნებში ქართული ჩაის ექსპორტისთვის (1000-1000 ტონა პროდუქცია) უპირატესი ხელშემწყობი რეჟიმის გახორციელება, მსგავსად იმისა, რაც გათვალისწინებულია ღვინო-მასალის მიმართ (საბაჟო გადასახადის შემცირება), მეტად ეფექტური იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მცირე იქნება პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯებიც.
აღნიშნული საკითხის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, ჩემი აზრით, სცილდება გურიის მხარეს, აქტუალურია ზოგადად ქვეყნის სუბტროპიკული ზონისთვის და მოითხოვს ოპერატიულ გადაწყვეტას.

'.$TEXT['print'].'