დიაკვნის აღსრულებული ანდერძი და ისტორია სასწაულმოქმედი ჯვრისა, რომლითაც თამარ მეფე ლაშქარს ლოცავდა
დიაკვნის აღსრულებული ანდერძი და ისტორია სასწაულმოქმედი ჯვრისა, რომლითაც თამარ მეფე ლაშქარს ლოცავდა
- აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვნის არსენ სალუქვაძის ეს ანდერძი მისმა შთამომავლებმა 2007 წელს აღასრულეს.

აჭის ეკლესია
აჭის დარბაზული ეკლესია, რომელიც ოზურგეთიდან 9 კილომეტრის დაცილებით ლიხაურის თემში შემავალ სოფელ აჭში მდებარეობს, მე-13 საუკუნის დასასრულსა და მე-14 საუკუნის დასაწყისშია აგებული. ეკლესიის უმთავრესი სიმდიდრე მისი ფრესკები და ასომთვარული წარწერებია. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, აჭის ეკლესიისადმი გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ მეორე გურიელს, აჭი საწინამძღვროდ უქცევია. ქაიხოსრო პირველს კი უხვი შეწირულობა უბოძებია და აჭი შემოქმედის მეტოქედ დაუსახელებია. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. სწორედ, მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი.

თამარის წმინდა ჯვარი
1990-იან წლებში ღვთის წყალობით აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღდგა. 2007 წელს კი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ღვაწლითა და ლოცვა- კურთხევით აჭში დედათა მონასტერი გაიხსნა. მოხდა სასწაული: მონასტერს ესტუმრა აჭში მოღვაწე ბოლო დიაკვნის არსენ სალუქვაძის შთამომავალი და ეკლესიის წინამძღვარს მოახსენა იმ ანდერძის შესახებ, რომელიც მათ ოჯახს დიდმა ბაბუამ უანდერძა: "ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა მოუფრთხილდით და შეინახეთ, ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება აღდგება, მხოლოდ მაშინ დაუბრუნეთ."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე, რომელიც არსენ სალუქვაძის შვილთაშვილია წინაპრის ანდერძის აღსრულების ერთ-ერთი თანამონაწილე იყო. მისი თქმით, დიაკვანმა წმინდა ჯვარი ეკლესიიდან მისი დაცვის მიზნით წამოიღო: "დიაკვანი არსენ სალუქვაძე საქართველოს გასაბჭოებამდე მსახურობდა აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. არსენ სალუქვაძემ ეკლესიაზე მრავალი თავდასხმის და საქართველოს გასაბჭოების გამო ტაძრიდან წამოიღო "წმინდა ჯვარი" მისი დაცვის მიზნით". - ამბობს ის. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ მისი ბაბუა არსენი ყოველთვის ხაზს უსვამდა ამ ჯვრის მნიშნელობას: "ბიძაჩემის გადმოცემით, ბაბუა განსაკუთრებულად ეპყრობოდა ამ ჯვარს და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვდა. ის დიდმორწმუნე, სათნო და ძალზედ კეთილი კაცი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საღვთო მსახურებას ეკლესიის დახურვის გამო ვეღარ ასრულებდა, სახლში ჰქონდა მოწყობილი სალოცავი კუთხე და იქ ლოცულობდა, სადღესასწაულო დღეებში კი გამოაბრძანებდა ამ ჯვარს და მისი მეშვეობით აღასრულებდა ყველა რიტუალს". 

აღსრულებული ანდერძი
"წმინდა ჯვარი" 1921 წლიდან 1946 წლამდე არსენ სალუქვაძის ოჯახში, სოფელ აჭში ინახებოდა, სადაც ამჟამად იღუმენია ალექსანდრა და მონაზვნები ცხოვრობენ. შემდგომ კი ეს ჯვარი, 1949 წლიდან 1973 წლამდე სოფელ ბოხვაურში, არსენის მეორე შვილის ბენიამინის ოჯახში, ბოლოს კი გია სალუქვაძის ოჯახში ინახებოდა. "ბიძაჩემი რევაზ სალუქვაძე თავის შვილებს ბავშობიდანვე უნერგავდა ამ ჯვრისადმი განსაკუთრებულ მოწიწებასა და სიყვარულს. ელოდებოდა იმ დღეს, როცა ოჯახი შეძლებდა ჯვრის აჭის ეკლესიისთვის დაბრუნებას. 2000 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას, აღსრულდა ჩემი დიდი ბაბუის, დიაკვან არსენ სალუქვაძის ანდერძი. მისმა შვილიშვილმა რევაზ სალუქვაძემ წინაპრის დანაბარები ანდერძი, თავისი შვილის გია სალუქვაძის ვაჟის ნათლობის დღეს განახორციელა, რომელიც აჭის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა. ნათლობის შემდეგ კი ჯვარი შემოქმედის მიტროპოლიტ იოსებს გადაეცა". - გვითხრა პეტრე სალუქვაძემ. 

არსენ სალუქვაძე
ისტორიულ წყაროებში, ჯერ კიდევ მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭის ეკლესიის მღვდლად, აჭის სალუქვაძეთა გვარიდან, მოხსენიებულია თაყა სალუქვაძე, ეკლესიის ბოლო დიაკვანი კი არსენ სალუქვაძე იყო. რომელიც აღათი სალუქვაძის მეცხრე შვილი ყოფილა და 1848 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაბადებულა. არსენი და მისი ძმა კონსტანტინეც სასულიერო პირები გამხდარან და ტრადიციის მიხედვით აჭში მოღვაწეობდნენ. დიაკვანი არსენ სალუქვაძე, მეუღლე სოფიო ღლონტთან და ოთხი შვილთან ერთად, 1946 წლამდე სოფელ აჭში ცხოვრობდა. შემდგომ კი მეორე შვილთან ერთად სოფელ ბოხვაურში გადმოსახლებულა, სადაც ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. არსენ სალუქვაძე 1953 წლის 5 მარტს 105 წლის ასაკში გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, აჭის წმნიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

უნიკალური აღმოჩენა
სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის გახსნისას, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა, მეუფე იოსებმა პატრიარქს აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ჯვარი გადასცა. მის უწმინდესობას უბრძანებია, რომ ჯვარში სიწმინდე ინახებოდა. "ჯვარი წააბრძანეს საპატრიარქოში და გაირკვა, რომ მასში ჯვარცმის სიწმინდის ნაწილი ინახებოდა. ორი დღე ჰქონდა პატრიარქს ეს ჯვარი საპატრიარქოში. მთელი ჩვენი ოჯახი და ნათესაობა ბედნიერნი ვართ იმით, რომ ეს ჯვარი აღმოჩნდა წმ. დედოფალ თამარ მეფის ჯვარი, რომლითაც ის ლაშქარს ლოცავდა. ეს ჯვარი თითქმის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. ამჟამად იგი დაბრუნდა დედათა ეკლესიის წიაღში და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მრავალ სასწაულს მოახდენს".
'.$TEXT['print'].'