ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლას 75 წელი უსრულდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლას 75 წელი უსრულდება
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ქვეყანაში, ასევე მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ დარჩა სკოლის მიერ სახელოვნად განვლილი გზა და შვიდი ათეული წლის შემდეგ ტრადიცია კლავინდებურად გრძელდება.
ოზურგეთის სამუსიკო სკოლის წარსულსა და დღევანდელობაზე გვესაუბრება მისი დირექტორი, ქალბატონი ლელა შარაშენიძე.
_ ქალბატონო ლელა, სამუსიკო სკოლას საიუბილეო თარიღი უახლოვდება. ბუნებრივია, მისი ისტორია თქვენ გაცილებით უკეთ იცით, ვიდრე ეს ჩვენი მკითხელისთვისაა ცნობილი.
_ მინდა დავიწყო იმით, რომ იმხანად ამ კეთილშობილური საქმის თაოსანი გახლდათ დიდი ექვთიმეს და _ უბრწყინვალესი ქალბატონი, ადა თაყაიშვილი.
კარგად დააკვირდით, 1937 წელია. რეპრესიები ფიზიკურად უსწორდება ქვეყნის ინტელიგენციას, ებრძვიან ექვთიმეს. მაგრამ არსებობენ ძლიერი ადამიანები, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამსაც კი სასიკეთო საქმეების საკეთებლად იღვწიან. ადა თაყაიშვილმა თავის დროზე მართლაც კეთილშობილური მისია იკისრა. მან ოზურგეთის ახალგახსნილ სამუსიკო სკოლაში მოიწვია მოსკოვის კონსერვატორიის კუსდამთავრებული ანა პიატკოვა (ფორტეპიანოს კლასი) და იონა ტუსკია (საორკესტრო განყოფილება).
აი, ასეთმა ბრწყინვალე ადამიანებმა გადაშალეს ჩვენი სკოლის ისტორიის თავფურცელი.
_ ნებისმიერი სკოლა მისი ნიჭიერი კურსდამთავრებულებით ფასობს, გაგვაცანით თქვენი აღზრდილები.
_ წლებთან ერთად სკოლა განვითარდა, დაიხვეწა და გახდა ბევრი პროფესიონალი მუსიკოსის აღმზრდელი. აქ თაობები ნაბიჯ-ნაბიჯ ეწაფებოდნენ კლასიკურ მუსიკას, ხვეწდნენ გემოვნებას, უმუშავდებოდათ შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა. წარმატებულ აღზრდილებზე ცოტათი ქვემოთ.
მანადე კი, განსაკუთრებით მინდა გამოვყო უნიჭიერეს პედაგოგთა პლეადა, რომელთა ნაწილი თავის პროფესიონალიზმს, გამოცდიელბას დღესაც ახმარს მომავალი თაობების აღზრდას. ჩვენს ქალაქში მათ ძალიან დიდ პატივს სცემენ: დოდო ტრაპაიძე, იზოლდა სიხარულიძე, ეთერ შარაშიძე, დოდო კალანდაძე, ლედი კვაჭაძე. სამწუხაროდ, აღარ არიან: დოდო ბოჭორიშვილი, ლამარა მიქატაძე, ლამზირა გორდელაძე, იამზე სიმონიშვილი, ირა ჯავახიშვილი, ეთერ ჯაყელი. მე სკოლის რიგით მეოთხე დირექტორი ვარ, მანამდე სკოლას ხელმძღვანელობდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სოფო პეტრიაშვილი, შალვა ლორთქიფანიძე, ნატო ერქომაიშვილი.ამ ადამიანებმა, მომდევნო და ახალგაზრდა თაობებმა ერთად მოიტანეს სკოლის დღევანდელობა. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, ვფიქრობ, ამ მხრივ მართლაც საამაყოდ გვაქვს საქმე _ სამგზის საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი, ვოკალისტი სოფიო გორდელაძე; ამჟამად მილანის კონსერვატორიის სტუდენტი, ქეთი თავართქილაძე (თავარადი), ბრწყინვალე სოპრანო, ვენის მოცარტის სახელობის ოპერისა და თეატრალური მუსიკის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, ორივენი წარმატებით გამოდიან კონცერტებზე სხვადასხვა ქვეყნებში; ამჟამად საბერძნეთში მოღვაწე ბრწყინვალე პიანისტი, თემურ სიმვულიდი და სხვ.
ჩვენთან შემონახულია სია, სადაც ამოიკითხავთ ასობით ჩვენი თანაქალაქელის სახელსა და გვარს, ისინი სხადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები არიან.
_ რამდენი მოსწავლე ჰყავს დღეს სამუსიკო სკოლას?
_ სამასზე მეტი, აქედან ორასი ოზურგეთში, დანარჩენი ნატანებში, შრომაში, ბახვში, შემოქმედსა და მაკვანეთში. დაინტერესება ისევ დიდია. მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მქონე ბავშვებისთვის დაბრკოლება ნაკლებად არსებობს. მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი ჩვენთან მეცადინეობები არ წყდება.
_ ქალბატონო ლელა, როგორ შეხვდება იუბილეს თქვენი სკოლის კოლექტივი?
_ არ შემიძლია მადლიერი არ ვიყო მხარისა და რაიონის ხელმძღვანელებისა ახლახან მათი დახმარებით შევიძინეთ საკონცერტო როიალი. წლეულს სკოლას ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი, კეთილმოეწყობა ოთახები, საკონცერტო დარბაზი. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ხშირად მოვაწყოთ გასვლითი კონცერტები, მოვიწვიოთ გურიის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები, ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები. კეთილმოწყობილი გარემო კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას.
ერთი რამ მინდა ვთქვა, ოზურგეთის სამუსიკო სკოლა იუბილესაც ღირსეულად აღნიშნავს და ასევე ღირსეულად განაგრძობს სკოლის ტრადიციებს ისე, როგორც ეს მის დამფუძნებლებს ეკადრებათ.

'.$TEXT['print'].'