ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი 75 წლისაა
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი 75 წლისაა
75 წლის მანძილზე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში მრავალი უნიკალური მასალა დაგროვდა, მათ შორისაა 7-ათას.წლის წინანდელი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, კოლხური ცულების კოლექციები: მელექედურის,შრომის, ვაკიჯვრის, ბაღდადის , მაკვანეთის, ლაითურის, ბრინჯაოს ნივთების განძები. ურეკ-წვერმაღალას გვიანი ბრინჯაოს – ადრეული რკინის ხანის სამარხეული ინვენტარი. ანტიკური პერიოდის ოქროსა და ვერცხლის ნივთები: ოქროს სამკერდული, ოქროს სამაჯურის ფრაგმენტი (ორთავე შემკულია ალმადინის თვლებით). ვერცხლის ლანგარი , მინის დანაყოფებიანი მენზურა ურეკიდან, წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის მინა, სამშენებლო აგური, კრამიტი - ადრეშუასაუკუნეების ვაშნარის ნაქალაქარიდან. მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექციები: ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეების კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი III ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის, სიმონ I-ის, ერეკლე II-ის მონეტები. ოზურგეთის ,,სერის განძად “ წოდებული ვერცხლის უიშვიათესი ევროპული მონეტები, უკვე გახმაურებული ნაპოლეონის დაშნა, მრავალი ისტორიული ფოტო, ნივთიერი დოკუმენტური მასალა, მათ შორის რამდენიმე ათეულს თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს მოძრავი ძეგლის სტატუსი. 
მუზეუმის შექმნის ისტორია ასე დაიწყო: 1923- 1924 წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილმა ანტირელიგიურმა მოძრაობამ, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი შეიწირა. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს საგანგებო დადგენილებით მოხდა საეკლესიო განძეულობის კონფისკაცია, განადგურდა კულტურის იშვიათი ძეგლები – ეკლესიები, მონასტრები, ხატები, სარიტუალო საგნები, ხელნაწერები, წიგნები.
ინტელიგენციის პროტესტის შედეგად განათლების სახალხო კომისარიატმა ისტორიული ძეგლების აღსაღრიცხად და გადასარჩენად მაზრებში სასწრაფოდ შედგენილი ბრიგადები დაგზავნა. გურიაში 1924 წლის აპრილში აკაკი შანიძე და შალვა ამირანაშვილი გამოგზავნეს. მათ მოიარეს ოზურგეთი, შემოქმედი, ლიხაური, ჯუმათი, ბაილეთი, ვანისქედი, ასკანა, მეწიეთი, ჩოხატაური, ერკეთი, ხიდისთავი. ხიდისთავში ნახეს და აღწერეს ზემო გურიის რამდენიმე სოფლის ეკლესიებიდან მოტანილი ნივთები.
გურიაში აკაკი შანიძისა და შალვა ამირანაშვილის ჩამოსვლისას ისტორიული მნიშვნელობის ნივთების ძირითადი ნაწილი გამოტანილი იყო ეკლესია-მონასტრებიდან და ინახებოდა ოზურგეთის სამაზრო გლეხთა კომიტეტის შენობაში . ამ დროისთვის უკვე დანგრეული იყო გურიის მრავალი ეკლესია, გადაედნოთ ჯვარ-ხატების ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული შემკულობა. გაეძარცვათ ძვირფასი ქვებითა და მინანქრით შემკული ხატები და სხვა საკულტო ნივთები. Lლიხაურის მრავალრიცხოვანი სიძველეებიდან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ეტრატის ხელნაწერის ნაწილი, ზოგ ეკლესიაში შემორჩენილი იყო გაძარცვული ხატების ფიცრები, ხელნაწერთა ყდები და ცალკეული ფურცლები.
აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა აღრიცხეს და აღწერეს გადარჩენილი ძეგლები. აღნიშნეს რა იყო განადგურებული და რაც გადარჩა თბილისში წაიღეს.

აკაკი შანიძის ინიციატივით, 1924 წლის აპრილში ოზურგეთში დაარსდა გურიის საეთნოგრაფიო მუზეუმი, რომლის ამოცანად დაისახა ეთნოგრაფიული მასალების შეკრება, დაცვა და ხელოვნების ძეგლთა მოვლა-პატრონობა. მუზეუმის ფონდს საფუძვლად დაედო გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი ძველი ნაბეჭდი წიგნი. ,,საეთნოგრაფიო მუზეუმის “ შემდგომო ბედი ჩვენთვის უცნობია.
1936 წელს მახარაძის რაიონის მოწინავე საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. რაიონის მშრომელთა თხოვნით, სოფელ ექადიის მკვიდრმა დავით დოლიძემ დასვა საკითხი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე, ეთხოვა ფილიპე მახარაძეს ეშუმდგომლა მთავრობის წინაშე მახარაძეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის შესახებ.
1936 წლის 1 აპრილს წითელგვარდიელთა და პარტიზანელთა საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვეტერან რევოლუციონერთა საზოგადოებას. ამ საზოგადოებამ მუზეუმს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული საბრძოლო იარაღები: კაჟიანი თოფები, დამბაჩები, სატევრები, ხმლები, სულ 200 ცალი სამუზეუმო ნივთი. ამდენად მუზეუმის პირველი ექსპონატები პარტიზანელთა საზოგადოების მიერ შეგროვილი და დაცული ნივთები იყო. მუზეუმის შექმნის შემდეგ პარტიზანელთა საზოგადოება გაუქმდა, მისი გამგეობის თავმჯდომარე ბესარიონ რუსიძე დაინიშნა მუზეუმის მეცნიერ მუშაკად, ხოლო საზოგადოების ბუღალტერი იორდანე კუპრაძე _ მუზეუმის ბუღალტრად.
მუზეუმი მოთავსებული იყო ერთ პატარა ოთახში, ჟდანოვის ქუჩაზე (ქალაქის ყოფილი გამგეობის შენობა), შემდეგ გადატანილი იქნა გურიის გამზირზე, გამოეყო 402 კვ. მ ფართობი (ამჟამად ყოფილი ოზურგეთის პოლიციის შენობის მიმდებარე სკვერი) და მთლიანად დაეთმო შენობის მეორე სართული.
მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ნიკოლოზ სამსონია, რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. წლების მანძილზე მუზეუმის დირექტორებად მუშაობდნენ: კიტა კვაშალი, გიორგი კილაძე, აკაკი ერქომაიშვილი, ტერენტი ტაკიძე, ივანე ანთელიძე, ისიდორე ჯანელიძე, გივი თავაძე, ნიკოლოზ წიტაიშვილი, ენვერ გოგუაძე.
სამამულო ომის წლებში დროებით შესუსტდა მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ხოლო ომის შემდგომ წლებში განახლდა. Mმუზეუმის ფონდები შეივსო ძვირფასი მატერიალური კულტურის ძეგლებით. შეიქმნა სახვითი ხელოვნებისა და მეგობრობის ამსახველი გამოფენები.
1974 წელს მუზეუმი გადავიდა 25 ოქტომბრის (ამჟამად 26 მაისის ) ქუჩაზე. Gგურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ბიძაშვილის დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელის ყოფილ სასახლეში (აგებულია 1873 წელს). აღნიშნული სასახლის ორივე სართული დაეთმო მუზეუმის ექსპოზიციას, 1977 წელს გაიხსნა საბჭოთა საზოგადოების ამსახველი ექსპოზიცია. 1978 წელს მოეწყო ისტორიის რევოლუციამდელი პერიოდის ამსახველი გამოფენა . შეიქმნა ისტორიის რევოლუციამდელი და საბჭოთა პერიოდების განყოფილებები, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების, ხელნაწერების და ნუმიზმატიკის განყოფილებები.
მუზეუმი წლების მანძილზე ნაყოფიერად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით, შეგროვებით, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას, შეგროვდა მრავალი მატარიალური და სულიერი კულტურის ძეგლი, სხვადასვა კოლექციები, ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა.
1989 წელს სალხინოს არქეოლოგიური ბაზიდან მუზეუმს გადმოეცა ურეკ-წვერმაღალას სამაროვანზე 1974 -1978 წლებში მოპოვებული ადრეული რკინისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები.
1990 წლის 30 მაისს მოეწყო სრულყოფილი ექსპოზიცია სადაც გამოფენილი იქნა უნიკალური ექსპონატები. აღნიშნულმა ექსპოზიციამ იარსება მხოლოდ 10 თვე, რადგან 1991 წლის აპრილში რაიონული ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მუზეუმმა შეიცვალა ადგილმდებარეობა. ოზურგეთის რაიონში ახალი ეპარქიის (გურიის ეპარქია) გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელი გახდა დიმიტრი გურიელის ყოფილი სასახლიდან რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოტანა და მისი განთავსება მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმში, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ეროვნული მოძრაობის მუზეუმი. მას გადაეცა აღნიშნული შენობის მარცხენა ნაწილი, მარჯვენა ნაწილი საექსპოზიციო დარბაზებისა და სათავსოებით გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
მაგრამ სულ ცოტა ხანში მოხდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან უკვე ეროვნული მოძრაობის მუზეუმად წოდებული მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის შეერთება. შამწუხაროდ, ამ გაერთიანებამ დააზარალა ორივე მხარე, ჯერ ერთი, სასწრაფოდ ჩამოგვახსნევინეს ახალგაკეთებილი ექსპოზიცია, ტრანსპორტირების დროს მრავალი ექსპონატი დაზიანდა, განსაკუთრებით რკინის ხანის ექსპონატები, არ ჩატარდა ინვენტარიზაცია, მეორე მხრივ, ჩრდილში მოექცა და საერთოდ მინავლდა საბრძოლო დიდების, იგივე ეროვნული მოძრაობის მუზეუმის ექსპონატები და დოკუმენტაცია, მესამეც, გაერთიანების დროს არსებულ ორივე მუზეუმში 90-მდე საშტატო ერთეული იყო, დღეს პერმანენტული შემცირების შედეგად 31 საშტატო ერთეულზეა დასული.
1997 წლის 26 მაისს გაერთიანებულ მუზეუმთა ბაზაზე გაიხსნა ახალი განახლებული ექსპოზიცია.
2002 წლის მაისში მუზეუმმა შეწყვიტა დამთვალიერებელთა მიღება, რადგან შენობის სახურავიდან ჩამონადენმა წყალმა დააზიანა საგამოფენო დარბაზებში არსებული ექსპონატები.
2003 წლის ზაფხულში ოზურგეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვანო ჩხარტიშვილმა მუზეუმის სახურავის შესაკეთებლად 15000 ლარი გამოყო, მაგრამ სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ და ფაქტიურად ეს თანხა წყალში ჩაიყარა.
2004 წლის ივნისში მუზეუმში შეიცვალა ხელმძღვანელობა, მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ისტორიკოსი გოგა ტრაპაიძე. რაიონული გამგეობის მიერ გამოყოფილმა კომისიამ და მუზეუმის მუშა ჯგუფმა დიდი შრომა გასწია და მოახდინა მუზეუმის ფონდებში არსებული ექსპონატების აღწერა-ინვენტარიზაცია. მართალია 2002 წლის მაისიდან მუზეუმმა შეწყვიტა დამთვალიერებელთა მიღება, მაგრამ მას მუშაობა არ შეუჩერებია. იგი ნაყოფიერად წარმართავდა შეგროვებით, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანმანათლებლო მუშაობას.
მუზეუმისათვის მნიშვნელოვან შენაძენად უნდა ჩაითვალოს 1980 წელს ოზურგეთის ყოფილი მაღაროთა სამართველოს ზეინკლის გიორგი კალანდარიშვილის მიერ სეფა- წვერმაღალას დიუნაზე მაგნეტიტის დამუშავების დროს 1947- 1957 წლებში შემთხვევით ნაპოვნი ბრინჯაოს ექსპონატების კოლექციების გადმოცემა; 1988 წელს დაბა ლაითურში, მე-7 მიკრორაიონშო მოქალაქე გალინა ჟარკოვას საბოსტნე ნაკვეთში ნაპოვნი, თიხის ქილაში ჩაფლული ბრინჯაოს კოლხური განძი, რომლის შემადგენლობაში იყო ბრინჯაოს ცულები, წალდები, სეგმენტისებური იარაღები, თოხები და სხვა; 2003 -2010 წლებში სოფელ გურიანთის ციხისფერდის უბანში, ვახტანგ კვერღელიძის საკარმიდამო ნაკვეთში შემთხვევით აღმოჩენილი ნეოლითური ქვისა და კაჟის იარაღები.
2005 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა რაიონის ომის ვეტერანებთან.
2005 წლის 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო მუზეუმის ფონდებში არსებული გურიის თემაზე შექმნილი ოზურგეთელ და სხვა ცნობილ მხატვართა გამოფენა.
2006 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა თემატური კონფერენცია ოზურგეთის სამაზრო ქალაქად გამოცხადების 160 წლისთავთან დაკავშირებით.
2008 წლის ივლისში საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ექსპედიციასთან ერთად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ,,გურიის არქეოლოგიური ძეგლები”.
2008 წლის დეკემბერში გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლასთან ერთად მოეწყო ღონისძიება აკაკი ბაქრაძე 80 წლისაა.
2009 წლის ივლისში საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივ ექსპედიციასთან ერთად მუზეუმში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ვაშნარი, სპონიეთი, გვიანანტიკური–ადრეშუასაუკუნეების ციხე-ქალაქი და სატაძრო კომპლექსი”.
2010 წლის 9 მაისს მოეწყო შეხვედრა რაიონის ომის ვეტერანებთან.
2010 წლის 18 ოქტომბერს ბახვისა და ნაგომრის საჯარო სკოლებთან ერთად ჩატარდა თემატური კონფერენცია: ,, გურული მოჯირითეები საზღვარგარეთ”
2010 წლის 2 დეკემბერს მოეწყო პროფესორ იური სიხარულიძის საიუბილეო საღამო.
2011 წლის 9 მარტს მოეწყო ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
2007 წელს სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმის ბაზაზე გაიხსნა ოზურგეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ისტორიული მუზეუმის ფილიალი).
2010 წლის 24 ნოემბერს სოფელ ლიხაურში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი (ისტორიული მუეუმის ფილიალი).
მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მთლიანად დაკავშირებულია მის ძირითად პროფილთან,რომლის მიზანია გურიის მდიდარი ისტორიული წარსულის შესწავლა. სისტემატური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და გურიაში არქეოლოგიური ექსპედიციების (ძირითადად გურიის მუდმივ მოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია ხელმძღვანელი პროფესორი ვაჟა სადრაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელმძღვანელი დოქტორი თენგიზ მეშველიანი) ჩატარების შედეგად მუზეუმში დაგროვდა ძვირფასი ,უნიკალური ექსპონატები. მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ დამუშავდა მრავალი სამეცნიერო შრომა. მათ შორის გურიის ქვის ხანის ძეგლები, გურიაში სავაჭრო ისტორიიდან, გურული კარ-მიდამო, კერამიკის წარმოება გურიაში, მივიწყებული დღესასწაულები და სხვა.
სისტემატურად ეწევა კვალიფიციური კონსულტაციები და ფონდებში დაცული მასალებით სარგებლობს ათეულობით სტუდენტი, მოსწავლე-ახალგაზრდობა და დაინტერესებული პირები.
2008 წლის მაისში რაიონის ხელმძღვანელთა დახმარებით გარემონტდა სამი საგამოფენო დარბაზი. ჭლეულს, საიუბილეოდ ამ დარბაზებში მოეწყობა არქეოლოგიური , ნუმიზმატიკური ნივთების და ძველი ოზურგეთის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
2005 წლის ოქტომბრის წყალდიდობამ მუზეუმის შენობა თითქმის უფუნქციო გახადა, სამხარეო ადმინისტრაციისა და რაიონის გამგეობის ძალისხმევით მოხერხდა შენობის ხელახალი გადახურვა, მაგრამ სამუშაო შესრულდა უხარისხოდ. დღეისთვის სახურავიდან ისევ ჩამოდის წყალი, განსაკუთრებით შენობის სამ/აღმოსავლეთ ნაწილში წვიმის დროს, ისე წვიმს როგორც გარეთ.
მივმართავთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, გამოძებნოს საჭირო თანხა 2005 წლის წყალდიდობის დროს დაზიანებული დარბაზების სარესტავრაციოდ, მუზეუმის გადახურვისა, მუზეუმის ფასადის და საერთოდ მუზეუმის შენობის შეცვლის შესახებ, რათა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერა, ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის და საზოგადოების ფართო ფენებისთვის.


'.$TEXT['print'].'