მუზეუმი - დარბაისლური აზროვნების ჭეშმარიტი საშუალება! ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის 75 წლისთავის გამო
ამის შესახებ ,,გურიის მოამბე” უკვე იტყობინებოდა. მნახველთა შორის მეც გახლდით და სასიამოვნოდ გაკვირვებული და აღფრთოვანებული დავრჩი. მართლაც რომ გულმოდგინედ და ფაქიზად გაულამაზებიათ ყველაფერი! 
სამუზეუმო საქმეს ჩვენში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ასეთი ინტერესი მე-19 საუკუნიდან მოგვყვება.ომიანობის ცეცხლში გახვეულ ჩვენს სამშობლოს მუზეუმებისა თუ სხვა საცავების მოწყობის თავი სად ჰქონდა; ყველაფერს მაოხრებელი მტერი ანადგურებდა. და აი, როდესაც ,,მშვიდობა ნახა საქართველომ”, ჩვენი ერის პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეულმა შვილებმა დაიწყეს სხვადასხვა ტიპის მუზეუმებისა თუ საგანმანათლებლო-სამეცნიერო არქივების აშენება-დამკვიდრება. ქართული ცივილიზაციის ბრწყინვალება ექვთიმე თაყაიშვილი სწორედაც რომ მეპირველე და დაუცხრომელი მოთავეა ამგვარი საშვილიშვილო საქმეებისა. ახალგაზრდობაში ის მუდამ კვალში ედგა სამაგალითო მოღვაწეებს (პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე) და თავადაც გამოუჩნდნენ მიმდევრები (ალექსანდრე სარაჯიშვილი,კირიონ II, დავით და ეკატერინე სარაჯიშვილები, პავლე თუმანიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, აკაკი ხოშტარია, იროდიონ სონღულაშვილი, ივანე ჯავახიშვილი), მაგრამ მაშინ, ველიკოდერჟავული იმპერიის ტყვეობაში, ქართველთა საკულტურო მისწრაფებები იხშობოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების განუხრელმა მეცადინეობებმა მაინც შედეგი გამოიღო და გასული საუკუნის დასაწყისიდან სამუზეუმო საქმის პერსპექტივები ძალუმად ვითარდება. ყველაფერი კი ამ მხრივაც ,, თერგდალეულთა,, იდეურ წიაღში წარმოიშვა და სწორედ მათი დამსახურებაა საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ რელსებზე შედგომა. როგორც აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი წერდა, ,,60-იანი წლების პოლიტიკურმა მერცხლებმა ქართულ საზოგადოებას გაზაფხული ახარეს. ქვეყანა ახალი ცხოვრების სარბიელზე გამოდიოდა,, . მართალია, ჩვენში მარქსიზმის სენის გავრცელებამ ეროვნული ცნობიერება ძლიერ დააზარალა, მაგრამ ისტორიამ განმსაზღვრელ ფიგურებს თავ-თავისი საკადრისი ადგილი მიუჩინა. ამაგდართა სახელები კი მუდამ ოქროს ასოებით იკიაფებენ გამარჯვებული შთამომავლობის მეხსიერებაში.
ოზურგეთში მუზეუმის შექმნის აუცილებლობაში კი აზრი ექვთიმე თაყაიშვილის სასიქადულო უმცროს კოლეგებს – აკაკი შანიძესა და შალვა ამირანაშვილს მოუმწიფებიათ. ეს ამბები ხდებოდა საქართველოში ბარბაროსი ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ. წითელი ველურები ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ დაუნდობლად. წვავდნენ და ანგრევდნენ მათ კარ-მიდამოებსა და ეკლესია-მონასტრებს, სადაც მრავალი უძვირფასესი სამატიანო განძი თუ სიწმინდე ინახებოდა. ღმერთის მგმობელთა უმოწყალო თარეშმა მე-20 საუკუნის ოციან წლებში, გულად ხალხთან ერთად, ქართული კულტურის მრავალი ძეგლი თუ ნაშთი მოსპო.
საქართველოს დევნილმა დემოკრატიულმა მთავრობამ მყისიერად იგრძნო მაშინ დამშეული რუსეთის ვანდალური ზრახვები. სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ჩვენი ერის რუდუნებით მიკვლეულ-შემონახული საგანძური და მისი მცველი ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში.
აქ კი, შემდგომში მადლიერ შთამომავალთა მიერ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად და წმინდანად შერაცხული მოწამის სანატრელ ,,სამშობლო მხარეში,, ლენინურ ,,იდეალებს,, აყოლილი კაციჭამიები მუსრს ავლებდნენ ყოველივეს, რაც მათ ათეისტურ წარმოდგენებში არ ჯდებოდა.
როგორც ჩანს, მოწინავე მამულიშვილთ მაშინაც გამოსდიოდათ ზოგი რამ. სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს უკვე ოცდაათიან წლებში მახარაძეში (!!!) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსება.
ამ ხნის მანძილზე მის ფონდებში შემოდიოდა ჟამთა სრბოლას გადარჩენილი უნიკალური დოკუმენტები თუ ნივთები. მართალია, რევოლუციონერთა ბოდვები კაცობრიობის ნათელ მომავალზე, რომელიც მხოლოდ მათ ,,იცოდნენ,, შეურიგებლად უპირისპირდებოდა წარსულს, მაგრამ მაინც მოხერხდა რის ვაი-ვაგლახით გადამალული ნაშთების მომავალი თაობებისთვის გამომზეურება. თანდათან საღი აზრი იმარჯვებდა და ცივილიზებული მსოფლიოსთვის დამახასიათებელ ბევრ მემკვიდრეობაზე საბჭოეთის კომუნისტ მამამთავართ უარი აღარ უთქვამთ. ამგვარი მეტამორფოზით ყოველთვის სარგებლობდნენ ხოლმე საქართველოს პატრიოტი მოამაგენი და ზოგადად სწორედ ამის შედეგია, რომ კულტურული ცხოვრება არც საბჭოთა ანექსიის 70-წლიან პერიოდში ჩამკვდარა. ასეთი გზა აქვს გავლილი ჩვენში სამუზეუმო საქმეს.
.... გასულ 18 მაისს კი ოზურგეთის ინტელიგენციამ მისი საამაყო კულტურული კერის 75-ე წლისთავი აღნიშნა. ეს დღე საერთოდაც მუზეუმების საერთაშორისო თარიღად ითვლება და ფართოდაც აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით.
ვერაფერს იტყვი, ყველაფერი კარგად იყო შერჩეული, მაგრამ მთავარი ნახელავ-ნაამაგარი გახლდათ. საერთო აზრით, რომელსაც სტუმარი თუ მასპინძელი იზიარებდა, ის იყო, რომ სადღეისოდ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მრავალფეროვნება, სიმდიდრე, საექსპოზიციო სივრცე თუ ტექნიკური აღჭურვილობა შეეფერება ჩვენი სახელოვანი და მშვენიერი ქალაქის ავტორიტეტს.
უფრო დაწვრილებით მუზეუმის ნიშან-თვისებებზე მომავალში ყურადღება უნდა გამოიჩინოს ადგილობრივმა მედიამ. მონდომებულ და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ურთიერთობით მოხერხდება ამ მრავალპროფილური კულტურული დაწესებულების საგანმანათლებლო-სამეცნიერო თუ ეთნოგრაფიულ-სახელოვნებო სფეროების ინტენსიური მიმოქცევა-გამოყენება. სხვაგვარად ის დიადი მიზნები, რისთვისაც ჩვენი ავლა-დიდების წარმოსაჩენად ჩვენი ისტორიის მაშვრალნი გაისარჯნენ, მიღწეული არ იქნება. მეტიც, ყველანი, ვინც სადღეისოდ სამუზეუმო საქმიანობით ვართ დაკავებული, ვალმოუხდელები დავრჩებით სათაყვანო წინაპრების წინაშე.
ამ წერილით მიზნად არ დამისახავს ოზურგეთის მუზეუმის ექსპონატთა რამდენადმე თანმიმდევრობითი აღწერა-დახასიათება. გაკვრით მივანიშნე, რომ იგი მრავალფეროვანია და ამიტომაც მრავალპროფილური. რად ღირს თუნდაც მისი უნიკალური ფონდსაცავი, სახელიც ზედმიწევნით მართებულად აქვს შერჩეული - ,,ისტორიული,,. ამის პრეტენზიაც გააჩნია, მაგრამ სისტემურად უნდა მოვინდომოთ, რათა ყველა ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენა სათანადო თვალსაჩინოებით იყოს აღწერილ-წარმოდგენილი. მუზეუმები, ხომ დარბაისლური აზროვნების ჭეშმარიტი საშუალებაა! და, მადლობა ღმერთს, ამაში აღარავინ გვიშლის ხელს. მომავალ თაობებს კი ჩვენი ხალხისა და კუთხის ნარ-ეკლიანი წარსულის შთაბეჭდავი ასახვა სჭირდება.
დამაიმედებელი იყო ის ინტერესი, რომელიც მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს აქვთ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. რაც ამ განახლებული ექსპოზიციის მსვლელობისას მათგან მოვისმინეთ, საოცრად დიდ პერსპექტივებს სახავს. მე ამის შესახებ ყველა დეტალი, ბუნებრივია, არ ვიცი, მაგრამ კოლეგებთან საუბრებში მეტად სიურპრიზული ამბები შევიტყვე. სახელდობრ, ადგილობრივი ხელისუფლების სრული მზაობა (მათ შორის ფინანსურიც) აქამდე საარაკო გეგმების განხორციელებისთვის. ალბათ, ამ მხრივაც დაინტერესდება ინფორმაციის საშუალებები და გურიის მცხოვრებთ მეტი ეცოდინებათ სასიკეთო მოლოდინების შესახებ.
... დიახ, დიდი გზა აქვს გავლილი ოზურგეთის მუზეუმს. რთულსა და ბნელ ეპოქას, რომელზეც ზემოთ გაკვრით მოგახსენეთ, ყველამ ერთად გავუძელით. ახლა ისტორიის მარქსისტულ-ლენინური საფუძვლებით კეთებას ბოლო მოეღო. მარტო ამისთვის ღირდა ნანატრი დამოუკიდებლობა!
ვინც იმ დროს მისტირის, ვუსურვებდი, გული მოთბობოდეს. მათ კი, ვინც თავისუფალ საქართველოს ჭირისუფლობს, გულწრფელად ვეპატიჟები ღირსებებითა და ამტანობით მოჭედილ ჩვენს ისტორიაში. ამას თქვენ მრავალი საშუალებით ნახავთ, მათ შორის მუზეუმებშიც, სადაც ერთად დავიმუხტებით ენერგიით, უფრო გაბედულად განვაგრძობთ წინსვლას და ის ჟამიც სრული სიდიადით დადგება, დიდმა ილიამ რომ ინატრა:,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,,!

რუსლან ურუშაძე,
ლიხაური, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის გამგე.

P. S. ჩაღრმავებით არაფერს ვიტყვი შენობაზე. იგი 80-იანი წლების დასაწყისში კომუნისტთა ყველაზე ბუნჩულა ,,გენსეკის,, ლეონიდ ბრეჟნევის საამებლად აშენდა და თავად წარმოადგენს იმის სახიერ ექსპონატს, თუ რა არქიტექტურული ,,გემოვნება,, ჰქონდათ ,,დამყაყების,, (მათივე მოგონილი ტერმინია) ეპოქაში. მაგრამ რა დააშავა ჩვენმა თვალ-მარგალიტმა _ ოზურგეთმა ?! შეჭირვების დროს იქნებ მცირე კოსმეტიკით დავკმაყოფილდეთ, რათა ამ მიმზიდველი მდებარეობის ,,კუნძულზე,, განთავსებული ნაგებობა ხასიათს არ უფუჭებდეს გამვლელ-გამომვლელს.

'.$TEXT['print'].'