საანგარიშო კონცერტი სუფსის სამუსიკო სკოლაში "ნებისმიერ კონცერტს დაამშვენებდნენ ამ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები"
იყო როგორც სოლო, საფორტეპიანო ნომრები, აკომპანიმენტები და საგუნდო სიმღერები, ასევე ხალხური საკრავების გუნდის მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ნომრები.
კონცერტი სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა, პატარა ვირტუოზების მიერ შესრულებული სამუსიკო ნაწარმოებები ერთმანეთს ცვლიდნენ. თითოეულ ნომერს ეტყობოდა დაუღალავი  შრომა და მუშაობა, რაც პატარა მუსიკოსების ნიჭთან ერთად, პედაგოგების დამსახურებაც არის. შთამბეჭდავი იყო სოფო ჯორბენაძის მიერ შესრულებული, ოვესბერგის ,,ბებიას ზღაპარი”, ანანო მოქიას ნათია აბულაძის საფორტეპიანო ნომრები. აღსანიშნავია ასევე მოსწავლე ჯულიეტა გოგელიას და პედაგოგ მარი თოიძის შესრულებული ,,შენ დაგეძებ”, რომელსაც აკომპანიმენტს მოსწავლე უწევდა. ასევე მოსწავლე ნიკა გოგიჩაიშვილის და პედაგოგ ნინო მოისწრაფეშვილის შესრულებული საფორტეპიანო ნომერი.
უკვე მეორე წელია სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს ხალხური საკრავების წრე, რომელსაც ახალგაზრდა პედაგოგი ჯამბული ჯიბლაძე ხელმძღვანელობს. მან მოსწავლეებთან ერთად ფანდურისა და სალამურის თანხლებით შეასრულა ,,სატრფიალო”, ,,ნანა დელა”, ხალხური ჰანგების გაჟღერებამ კი დარბაზის განსაკუთრებული ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.
საგუნდო ნომრები მოამზადა პედაგოგებმა ლელა კეჭაღმაძემ  და რუსუდან მარშანიშვილმა. გუნდის მიერ შესრულებული იყო მ. სეფისკვერაძის ,,იგალობე ზღაპრის ჩიტო”, ნ. გაბუნიას ,,გაზაფხული”, ხალხური ,,აჭარული შაირები”, რ. ლაღიძის ,,ჩემი საქართველო სად არის”. კონცერტის კულმინაცია იყო ემოციებით დატვირთული  ლ. ლოლუა -,,დადეთ იარაღი”, რომელიც რუსუდან მარშანიშვილის გუნდმა შეასრულა. სიმღერამ ოვაციები, ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
კონცერტმა დადებითი ემოციით აავსო ყველა და საუკეთესო შთაბეჭდილებები დატოვა. აღფრთოვანებულმა სტუმარმა, ,,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის” უფროსმა, ქალბატონმა  ირმა მგელაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ კონცერტს დაამშვენებდნენ ამ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები.
როგორც სამუსიკო სკოლის დირექტორმა ნანი მარგალიტაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სკოლაში 140 ბავშვი ეუფლება მუსიკის ხელოვნებას, სადაც მათ 17 პედაგოგი შეასწავლის სხვადასხვა საგნებს: ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, აკომპანიმენტს, მუსიკის ლიტერატურას, გუნდს, ხალხურ საკრავებს. ბავშვები არამარტო სუფსიდან, არამედ მიმდებარე სოფლებიდან (ხორეთი, ჩოჩხათი, წყალწმინდა),საკმაოდ დიდი მანძილიდანაც დადიან, ცუდი ამინდისა და გადაადგილების პრობლემის მიუხედავად. სიყვარულით ეუფლებიან მუსიკას.  ქალბატონმა ნანიმ აღნიშნა, რომ სხვა წლებთან შედარებით კარგ პირობებში იმყოფებიან, სკოლამ წლების განმავლობაში რამდენიმე შენობა მოინაცვლა. პრობლემებს რა დალევსო, სკოლას ასე თუ ისე ინსტრუმენტებიც აქვს, მაგრამ როიალი აუცილებელიაო. წელს სკოლას 29 აღსაზრდელი ამთავრებს, წინ გამოცდები ელოდებათ.
'.$TEXT['print'].'