ტაძრის დღესასწაული სუფსაში ,,უკეთუ უცნაური სიკვდილისაგან გადარჩი, შენმა გაკეთებულმა მადლმა გადაგარჩინა"
ტაძრის დღესასწაული სუფსაში ,,უკეთუ უცნაური სიკვდილისაგან გადარჩი, შენმა გაკეთებულმა მადლმა გადაგარჩინა
ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1991 წლის ივნისში ჩაეყარა, რომლის საძირკველი ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს მამა ანდრიას (კბილაშვილი) ყოველთა წმინდას სახელზე უკურთხებია, რამეთუ  კურთხევა ყოველთა წმინდას დღესასწაულთან მიახლოებულ დღეს მომხდარა. მშენებლობა შეანელა ქვეყანაში არსებულმა იმდროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ. ტაძარი თეიმურაზ სარიშვილმა ააშენა. ,,გული ყოველთვის მტკიოდა, როცა გადმოცემით ვისმენდი ჩემს სოფელში არსებული ხის ტაძარი, მსგავსად ბევრი ტაძრისა იმ ავადმოსაგონარ პერიოდში იქნა განადგურებული”, ამბობს თეიმურაზ სარიშვილი. მან მცირე ბიზნესის შექმნისთანავე პირველი შემოსავალი ტაძრის მშენებლობაში ჩადო და დღესაც არ აკლებს მზრუნველობას. ახლახანს დასრულდა მრევლის შემოწირულობით ტაძრის გალავანის და სამრეკვლოს მშენებლობა.
სუფსის ტაძრის პირველი მოძღვარი მამა მიქაელი (ტუღუში) იყო, რომელიც თავისი სოფლის _ ნატანების ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მისი ადგილი დაიკავა მამა ზაბულონმა (ხუბუკელაშვილი), რომელმაც რამდენიმე წელი დაჰყო, ამჟამად გრიგოლეთის მამათა მონასტერშია. საბოლოოდ დამკვიდრების შემდეგ ტაძრის წინამძღვარია, მამა გაბრიელი (ლომაძე).
საზეიმო წირვა-ლოცვა ჯიხეთის მონასტრის წინამძღვართან, მამა ანდრიასთან ერთად, სუფსის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გაბრიელმა აღავლინა. როგორც წირვაზე ითქვა, ყოველთა წმინდათა ტაძარი დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთია, ერთი ყოფილა აღმოსავლეთშიც.  წირვის დასასრულს მამა ანდრიამ იქადაგა, მრევლს მარხვისა და ლოცვისკენ მოუწოდა. თითოეული მართლმადიდებელი უნდა ასრულებდეს ამ სწავლებას და დარიგებას:
,,ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ემზადება ღვთის სასუფევლისთვის. ყველა ქრისტიანი, რომელთაც მართლმადიდებელი ეწოდებათ, ეს იქნება ქართველი, ბერძენი, ეთიოპელი თუ ამერიკელი, ნათელი დაადგება მათ. ყველა იმას, ვისაც მწვალებელი ჰქვია, რომ დაინახავ ეტყობა კიდეც, რომ ჭეშმარიტ გზას შეცდომილია. რა გაქვთ მათთან სასაუბრო და სადიალოგო? შენ ხარ მამათა, მოციქულთა სწავლებისგან განდგომილი და გეძახიან მწვალებელს, ეშმაკისაგან შეპყრობილს, მეტი აღარაფერი არ უნდა უთხრათ. მთავარი არის სარწმუნეობა, სარწმუნეობაში არის სიყვარული, სიმდაბლე, მოთმინება, მარხვა და ლოცვა, რომელიც მფარველია სულისა და რომელიც იწყება ხვალ (20 ივნისიდან). მარხვა სულიერი სიმაღლეა, ხორცის განთავისუფლება არის ტყვეობისგან. ბედნიერი ხალხი ხართ ქართველები, რომ მართლმადიდებლები ხართ, ღვთისმშობლის კალთის ქვეშ ბრძანდებით, უდიდესი მადლი, წყალობაა ჩვენი. დღეს, ყოველთა მოწამეთა დღესასწაულს ვდღესასწაულობთ. პირდაპირი გაგებით, თუ დავუფიქრდებით, ჩვენი წინაპრების დღესასწაულია, ისინი ყველა სამშობლოსთვის თავდადებულნი, მოწამეები იყვნენ და ჩვენ მათგან გენეტიკურად გადმოგვეცა სარწმუნეობა. ისინი ჩვენთვის ლოცულობენ, ჩვენ მათთვის ვლოცულობთ და ღვთის სასუფეველში მიგველიან ისინი. ჩვენი ყოველი ცუდი მათზე ძალიან მოქმედებს, ძალიან განიცდიან. ამისთვის ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ვილოცოთ ცოცხლებისთვის, მიცვალებულთათვის, ვიმარხვოთ  და როგორც დღევანდელ საკითხავში იყო, კეთილ საქმეს ნუ დავივიწყებთ, რამეთუ ის არის მფარველი და მეოხი ჩვენი და ცოდვათა მიმტევებელი, როგორც ეს მე-40 ფსალმუნში წერია. სჯულის კანონში ამის შესახებ ნათქვამია, ,,უკეთუ უცნაური სიკვდილისაგან გადარჩი, შენმა გაკეთებულმა მადლმა გადაგარჩინა~. მადლომოსილები, ღმერთმოსილები უნდა იყოთ, რომ უფალი და მისი ანგელოზი იყოს ჩვენთან. ასე რომ, გადაგვარჩენს სიყვარული ღმერთისა და მოყვასისა, ხორციელი უბიწოება გადაგვარჩენს ჩვენ. მოთმინება, თავმდაბლობა გადაგვარჩენს. სიმშვიდე არის სულიერება, თითოეულმა თქვენგანმა უნდა მოუთმინოს გულფიცხელთა, მერე ის მოგითმენთ... ფსალმუნები წაიკითხეთ ხშირად, ძალიან დაგამშვიდებთ. ფსალმუნი მარტო საგალობელი კი არ არის, არამედ ეს არის სულისა და ხორცის მკურნალი. აუცილებელია ერთმანეთზე ლოცვა, ეს ნიშნავს კაცი რომ მიდიოდეს გზაში, ფეხი აუცდეს და უცებ ხელი შეაშველო. მარხვა მფარველობას ნიშნავს. პირჯვარის გადაწერა უნდა იცოდეთ აუცილებლად, ზოგიერთს ჰგონია, რომ იცის, მაგრამ პირიქით, შეურაცხყოფა არის ჯვარის, ისე იწერს პირჯვარს. პირჯვარი უნდა იყოს გამართული. ყველაზე მთავარია ის, რომ მადლობელი უნდა იყოთ ღმერთისა ყველაფრისთვის, რასაც მოგცემთ. ჩვენ კი არ ვზრუნავთ ჩვენთვის, უფალი ზრუნავს თქვენთვის და როგორც სახარებაში წერია, უფალმა უფრო უკეთესად იცის, შენ გშია, გწყურია, გცივა თუ ჩასაცმელი გინდა. როგორ შეიძლება ადამიანს სასმელი ან საჭმელი გაუჭირდეს, ისეთ შესანიშნავ პირობებში და რელიეფში ვცხოვრობთ. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, ხელი გაანძრიოს. როცა ადამიანი ლოცულობს, მარხულობს, უფალი ნიჭს აძლევს სულიწმინდისას და ნეტარებაშია. ეს ის ნავსაყუდელია, რომელიც გადაგვარჩენს ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებითა. თითოეული თქვენგანი უნდა მოემზადოს ზიარებისთვის, უნდა იყოს აღმსარებელი. ის, რაც შინაგანად გაწუხებს ცოდვა, უნდა მიხვიდე და მოინანიო, ჩვენ სინანულით, სიყვარულით, ზიარებით გადავრჩებით. თქვენი სიმშვიდით მრავალი მოიქცევა, თქვენი სიყვარულით მრავალი გაკეთილშობილდება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთი შეგეწიოთ ცხოვრებისა თქვენისათა. მადლი უფლისა და ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული უფლისა იყავ ჩვენ მცხოვრებთა თანა, ამინ! “

'.$TEXT['print'].'