გარდაცვალებიდან მეოთხმოცე წელს ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლეს ლიხაურში პირველი პანაშვიდი გადაუხადეს
გარდაცვალებიდან მეოთხმოცე წელს ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლეს ლიხაურში პირველი პანაშვიდი გადაუხადეს
სოფელმა პატივი მიაგო თავისი უპირველესი შვილის, ერისა და ღვთის კაცის, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ხსოვნას, გარდაცვალების მეოთხმოცე წელს პანაშვიდი გადაუხადა წარმოშობით პოლონელ ქალბატონს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი წმინდანის მიერ ერისადმი გაწეულ უზარმაზარ ღვაწლში. სოფლის ცენტრში იდილიურად განფენილ, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში ქალბატონი ნინოს პოლტორაცკაიას სულის მოსახსენიებელად ილოცა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოსებმა (ღლონტი). პანაშვიდს ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები, ექვთიმე თაყაიშვილის ყოფილი მოსწავლე, პროფესორი იური სიხარულიძე.
` დღეს `ლეხოურში~, როგორც თვითონ ბატონ ექვთიმეს უყვარდა თქმა, პირველად აღინიშნება ეს დღე, რომელიც ამიერიდან ღირსახსოვარი გახდება. ქალბატონი ნინოს და ბატონი ექვთიმეს მეუღლეობა სამაგალითოა საქართველოს ისტორიაში, ნიმუშია იმისა, როგორ შენდებოდა ქართული ოჯახი, ქართული სული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენმა საზოგადოებამ, რასაკვირველია, იცის, რომ აქ დიდია წვლილი ილია ჭავჭავაძისა, რომლის წყალობითაც მოხდა ქალბატონი ნინოსა და ბატონი ექვთიმეს შეუღლება. მეუღლეობასაც გააჩნია. ქალბატონი ნინო ბატონი ექვთიმეს საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშემწყობი, მისი ნამდვილი მარჯვენა ხელი იყო. პირადად მე წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი ბატონი ექვთიმეს მოსწავლე, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, ქალბატონი ნინო ცოცხალი აღარ იყო. კარგად მახსოვს, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიდა ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი მეუღლის გარდაცვალების გამო, ქალბატონი ნინოს მარადიულ სასუფეველში გარდასვლით მას უზარმაზარი ტრაგედია დაატყდა თავს, ის მარტო დარჩა თავის უზარმაზარ მოღვაწეობაში. მე ვფიქრობ, ძალიან დიდია ქალბატონი ნინოს დამსახურება ქართველი ერის წინაშე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არა ნინო პოლტორაცკაია, შესაძლებელია, ექვთიმე თაყაიშვილი ბოლომდე არ გახსნილიყო, როგორც მოღვაწე,~ _ უთხრა ლიხაურში `გურიის მოამბეს~ დიდი ექვთიმეს ნამოწაფარმა, ბატონმა იური სიხარულიძემ.
'.$TEXT['print'].'