ბჟუჟი თუ ბჟუჯი?
ბჟუჟი თუ ბჟუჯი?
...,,სოფელს და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის წყალი ,,ბჟუჯი,, ჩამოუდის, რომლის ნაპირები და თვით კალაპოტი სავსეა უზარმაზარი სიპი ქვებითა და ქვებს ეს მდინარე შორი მანძილიდან მოაგორებს და მის ძალას წინ ვერაფერი უდგება, რაც კი რამ მოხვდება, განსაკუთრებით წყალდიდობის დროს, თან მოაქვს. სოფლელთათვის რისხვაა, თავზარ დამცემია, მათს ნაოფლარსა და ნაჭირნახულებს ერთ წამში აქრობს, მიწასთან ასწორებს, იტაცებს ყანებს, სახლებს, შინაურ საქონელს და ზღვას ურთავს. წყალდიდობის დროს მღვრიეა, ისე კი თეთრია რძესავით, რადგან სულ შფოთავს, ქუხს, ლოდიდან ლოდს ეხეთქება, სდუღს, თითქოს ცეცხლი შეუკეთებია ვისმესო. ზედვე ეტყობა, რომ თავისუფალი ადგილის, მთების შვილია, მთების ძუძუთი ნაზარდი,, (თედო სახოკია ,,მოგზაურობანი,, 1985 წ. გვ. 50).დაკვირვებული მოგზაური და მწერალი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს დაუდეგარი მთის მდინარე დროთა განმავლობაში როგორ იცვლიდა კალაპოტს. მოგზაური განაგრძობს:... ,,მეტად დაუდეგარი რამ არის ბჟუჯი, კალაპოტის ცვლა საშინლად უყვარს. კიდეც ამიტომაა, რომ ზედ მკვიდრი სამუდამო ხიდის გაკეთება ვერ მოუხერხებიათ სოფლელთ. მარტო ზამთრობით თუ გაზდებენ ერთ_ორ ძელს და ისიც გაზაფხულამდე ჩერდება. ადიდდება თუ არა წყალი, ეს სახელდახელო ხიდი თან მიაქვს და სოფლელთათვის გაღმა-გამოღმა ნაპირები მდინარისა შეკრულია. ამ დროს ყოველ უშიშარ მგზავრს ბჟუჯის ჩქარი და მაგარი წყალი მეტად ულმობელად სჯის ხოლმე სითამამისათვის. სცადეს კიდეცა შემოქმედში ამ წყალზედ მკვიდრი ქვის ხიდი გაეკეთებიათ. მთელმა სოფლის საზოგადოებამ მიიღო მონაწილეობა, ადგილობრივმა მკვიდრმა იაგორ მამინაიშვილმაც ორას თუმანზე მეტი გაიღო თავისდა წილად ამ საკეთილო საქმისათვის, ბოლოს, როგორც იყო, დაამთავრეს ხიდი, მაგრამ ერთ წელიწადსაც ვერ ისარგებლეს სოფლელებმა ამ ხიდით. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალმა ჯერ ერთი მხრიდან შეაგლიჯა ნიადაგი, მერე მეორე მხრიდან, ბოლოს სულაც წაიღო ხუთიათას მანეთათ დამჯდარი  ხიდი და დარჩნენ სოფლელნი უხიდოდ, ძველებურად,, (თ. სახოკია ,,მოგზაურობანი,~ 1985 წ. გვ 51).არსებობს საინტერესო ზეპირგადმოცემა იმის თაობაზე რომ, რომ დაუდეგარი ბჟუჯის თავაწყვეტილი ქმედება როგორ შეაჩერა გურიის უკანასკნელმა მთავარმა მამია V გურიელმა. გადმოცემა ჩაწერა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა პროფესორმა ქველი ჩხატარაშვილმა. :,,ბჟუჯი წინათ იმ მაღლობლის ძირში მიედინებოდა, რომელზეც გურიელის სასახლე იდგა, წყალდიდობის დროს მდინარე სასახლის გალავანს ძირს უთხრიდა. გურიელის ბრძანებით სოფ. შემოქმედში არხი გაუჭრიათ და ბჟუჯის წყლის დიდი ნაწილი იმ არხში, მდინარის ახლანდელ კალაპოტში გადაუგდიათ, ძველ კალაპოტს სახელად ნაბჟუ(ჯ)არა შემორჩა,, (ქ. ჩხატარაშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან. თბ. 1985 წ. გვ. 5) აქედან ნათლად ჩანს რომ ქალაქი ოზურგეთი გაშენებული იყო მდინარე ბჟუჯზე. ამდენად მდინარე ბჟუჯის მნიშნელობა ჩვენი ქალაქისათვის არის უნიკალური. მის სახელწოდებას კი მეტი ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება განსაკუთრებით აუცილებელია მისი ნამდვილი სახელწოდების დაცვა, რომელიც არა დღეს მიღებული `ბჟუჟია~, არამედ როგორც დოკუმენტებით დასტურდება _ ,,ბჟუჯი~.
'.$TEXT['print'].'