შუა გურია
`მზღვრის ამას გურიას აღმოსავლეთით მთა ფერისათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი, სამფრით ჭოროხის მდინარე და მთა მცირე, ფერისათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი და დასავლით შავი ზღუა~.
ასე შემოსაზღვრავდა ამ მხარეს XVIII საუკუნის დიდი ქართველი ისტორიკოსი, ფეოდალურ ისტორიოგრაფიაში საისტორიო გეოგრაფიის ფუძემდებელი ვახუშტი ბაგრატიონი.
მეცნიერი ბატონიშვილი აქ გურიის იმ უძველეს საზღვრებზე მიუთითებს, რომელიც `შუა გურიის~ გამაერთიანებელი ტენდენციის წყალობით განხორციელდა.
ჯერჯერობით ტერმინ `შუა გურიას~ წარმოქმნის ზემო ქრონოლოგიური საზღვრის გათვალისწინება ხერხდება მხოლოდ. ესაა ქაიხოსრო პირველი გურიელის (1626-1658 წწ.) აჭის წმინდა გიორგისადმი ბოძებული ერთი უთარიღო შეწირულების წიგნი.
`შენ დიდებულო მძლეველო მხედარო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ზღვათა და ხმელეთთა განთქმულო მოწამეთა მთავარო, წმინდაო გიორგი აჭისაო, გევედრები მე გურიელი ქაიხოსრო მას ჟამსა ოდეს თქვენს საყდარს სიმაგრეში ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმან ვამეხმა თავს დასასხმელი დიდი ლაშქარი იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე, ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდენ, მოგვიხდენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარ მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ~.
`შუა გურია~ რამდენიმე ძველი ქვეყნის გაერთიანებითაა წარმოქმნილი, ადრეფეოდალურ ხანაში მისი ცენტრი უკვე `გურიანთის~ ქვეყანაშია, ამავე დროიდან შემოდის საგეოგრაფიო სახელი `გურია~-ც, რომელიც არა თუ თავის `ალმა მატერს~, `შუა გურიას~-აც მალე გადასცდა. სახელწოდება `შუა გურია~ სწორედ `გურიის~ ასეთი აღზევებისა და ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით შორს გაჭრის შედეგადაა წარმოქმნილი. იგი გურიის `ზემო~ და `ქვემო~ ნაწილებთან შეპირისპირებითაა მიღებული და მის საშუალედო ტერიტორიულ მდებარეობას მიემართება.
ტერმინი `შუა~ ხევის აღსანიშნავადაც იხმარება და `სოფლი~-საც. პირველისათვის სამაგალითოა აჭარის `შუახევი~, რაც, თავის მხრივ, `ზემო~ ხევსაც გულისხმობდა და `ქვემო~-საც.
ზოგიერთი ავტორი `შუა გურია~-ს გურიის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციათაგანად მიიჩნევდა. (ზ. ცინცაძე, გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა XIX საუკუნეში, `მაცნე~, 3, 1980, გვ. 63).
`შუა გურია~ `გურიის~ გული და მისი წარმომქმნელი ბირთვია. ამდენად მისი პროვინციად გამოცხადება და `ზემო~ თუ `ქვემო~ ნაწილებთან გათანაბრება სწორი არ ჩანს.
ასეთი შეუსაბამისობა გურიის ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის თანამედროვე დონეზე არც არის გასაკვირი, რადგან ეს საქმე ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც სხვა მხარეებში გვაქვს დიდი მიღწევები. ყველაფერი ეს იმით აიხსნება, რომ მეცნიერება (საისტორიო გეოგრაფია), რომელიც ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ შესწავლას ემსახურება, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა სამეცნიერო დისციპლინაა და არც კადრების სიმრავლით გამოირჩევა. ამასაც  თავისი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: საისტორიო გეოგრაფიაში მუშაობა მკვლევარისაგან მრავალმხრივ დასპეციალებას და მასშტაბური აზროვნების უნარს მოითხოვს. დღეს კი, როდესაც ასე ღრმად განვითარდა მეცნიერებათა დანაწევრება და მკვლევარნი მეტწილად ვიწრო სპეციალობათა ზღუდეებში აღმოჩნდნენ ჩაკეტილნი, ძალზე ძნელი გახდა ამ გამაერთიანებელის  როლში წარმატებით (მეცნიერული სიღრმით და არა დილეტანტურად) გამოსვლა. ამიტომაც უმრავლესობა მაინც თავის ვიწრო სარბიელზე ყოფნას ამჯობინებს და ისტორიულ-გეოგრაფიული ძიებისაგან თავს იკავებს, მაგრამ, თუ ასეთს რაღაც ერთგვარ ხარკს უხდის, მაშინ მას მეცნიერული ღირებულება აღარ გააჩნია.
'.$TEXT['print'].'