"ბრავო მაესტრო"!!! - აჩვენეთ ეს სპექტაკლი მსოფლიოს და გრიპი აღარ იქნება
ასე რომ, აჩვენეთ ეს სპექტაკლი მსოფლიოს და გრიპი აღარ იქნება!
ახლა კი რამდენიმე სიტყვით პრემიერის შესახებ: ეს არის დიდი იმპროვიზაციით, მაღალი გემოვნებით, სხარტი იუმორითა და საოცარი ზომიერებით შექმნილი სპექტაკლი, რომლის გმირების სულიერ სამყაროში პარტერის ბოლო რიგიდანაც ისე ღრმად შედიხარ, რომ თითოეულის სუნთქვას გრძნობ და მათთან ერთად იხარჯები. ამ სპექტაკლში არ არსებობს ეპიზოდური როლი, ყველა მთავარი და ყველა აუცილებელია. შორენა გვეტაძით დავიწყებ, მსახიობმა ისეთი საყვარელი ბეკეკა შექმნა, ილარიონს რომ მართლა კოლმეურნეობაში წაეყვანა და ჩაებარებინა, ალბათ, მთელი პარტერი სცენაზე აუცვივდებოდა.
ვალერიან კანთელაძის მურადა კი იმდენად მგრძნობიარე და ფილოსოფიურია, კეცზე ბოლო მჭადიც რომ გქონოდა ჩაკრული, გამოცხობას არ აცლიდი, საკუთარი ხელით არეკავდი და მიურბენინებდი, ოღონდ არ მომკვდარიყო.
რაც შეეხება თამარ მდინარაძის ფაქიზოს, ისეთი ნაძერწი და ფაქიზი რამაა, სცენარს სად გაექცევი, თორემ `საბოინოდ~, ან სხვის მოიმედედ შარაგზაზე დასაგდებად როგორ გაიმეტებ ადამიანი.  
შეიძლება ვინმე შემომედავოს, ამ ცხოველებს რომ ჩააცივდი, რეცენზიას წერ თუ დისერტაციას იცავ ვეტერინარიაშიო? საქმე ისაა, რომ დიდი ნოდარ დუმბაძის `მე ბებია, ილიკო და ილარიონში~ არც ბეკეკაა თხა, არც მურადაა ძაღლი და არც ფაქიზოა ძროხა; სამივე, მართალია, უტყვი, მაგრამ აღმატებული სულიერი არსებაა, რომელთა გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ წუთისოფელში ყოფნა ნაწარმოების სულძაღლიან თუ სულუძაღლო გმირებს.
ჰოდა, ახლა მივხედოთ მათაც:
ჩემი აზრით, ახალგაზრდა მსახიობ  გიორგი დოლიძეს როლის შესრულება საერთოდ არ დასჭირვებია, რადგან ცხოვრებაშიც ისეთივე ზურიკელაა, როგორიც სცენაზე.
სამაგიეროდ, ოთხი პერსონაჟის _ `მაესტროს~,, ექიმის,, ამბაკოს და გეოგრაფიის მასწავლებლის განსახიერება მოუხდა ომარ ურუშაძეს, რომელმაც ოთხივე გმირით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ამოუწურავი კომიკური შესაძლებლობები, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომედიურ ჟანრში არ ჰყავს ბადალი.
კაპასი ქალის მეტი რა მინახავს, ცხოვრებაშიც და სცენაზეც, მაგრამ მარგარიტა ავაქიანის ეფროსინე მაინც სულ სხვაა, რავა ვთქვა, მარა, გურული კაპასია.
ბელა კიკვაძემ თავისი ოლღათი გვიჩვენა, რომ ის ნებისმიერ როლში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.
ოზურგეთის თეატრი ამაყია, რომ ჰყავს ისეთი დიდი პროფესიონალი მსახიობი, როგორიცაა გაბრიელ მდინარაძე, რომლის ილიკოს, როგორც მის სხვა ადრეულ გმირებს, ოვაციით შეხვდა მაყურებელი.
4 დეკემბერს ბედნიერი იყო როგორც თეატრი, ისე თეატრში პრემიერაზე მისული ოზურგეთელი მაყურებელი, 22 წლის შემდეგ მშობლიურ თეატრს დაუბრუნდა შეუდარებელი ამირან ქადეიშვილი. სპექტაკლში მისი ცალთვალა ილარიონი კუტუზოვზე მართლაც ასჯერ უკეთ ხედავს, რა ხდება დედომიწის გულში.
საერთოდ, სპექტაკლში ვერ ვნახე სუსტად და ვნახე ზუსტად შესრულებული როლები. რამდენიმე ტექსტობრივი ლაფსუსი უფრო, ალბათ, პრემიერისთვის დამახასიათებელი მღელვარებით იყო გამოწვეული.
ერთი რამ არ მოეწონა ამ არდასაფსებ თვალს: არ ვიცი, ეს რეჟისორის ჩანაფიქრი იყო თუ მსახიობის იმპროვიზაცია, ფიზკულტურის მასწავლებელი კაბის ბოლოზე რომ წვდება ზურიკელასკენ ქოლგით გაქანებულ ოლღას. შეიძლება პროვინციულად ვმსჯელობ, მაგრამ, ჩემი აზრით, ოლღა ისეთი ბებიაა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ჰყავს და მის კაბის კალთას უფრო მორიდებით უნდა მოვეპყრათ.
ქებათა ქებას იმსახურებს მხატვარი ლომგულ მურუსიძე, რომლის სივრცობრივმა დეკორაციამ, სიღრმეში გადებული კოლორიტული ხიდით, რეჟისორსა და მსახიობებს შესაძლებლობა მისცა მთელ პერიმეტრზე მაქსიმალურად გამოეყენებინათ გურული ყოფისთვის დამახასიათებელი სცენა.
რაც შეეხება ეკა კუსიანის მუსიკალურ გაფორმებას, თავდაპირველად სმენას თითქოს ეხამუშა დუმბაძის სამყაროში მოხევური ფოლკლორის ინტონაციები, მაგრამ, რაც მთავარია, შემდგომი სცენებში რიტმი უდავოდ ჰარმონიულად იყო მორგებული გურულ ხასიათს _ სიმკვირცხლეს.
როგორც სხვა სპექტაკლებში, აქაც მოქნილი და დახვეწილია მარიკა ქვეითაიას ქორეოგრაფია.
აღარაფერს ვამბობ რეჟისურასა და ოზურგეთის თეატრში 16-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხშედგმულ რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძეზე, რადგან პრემიერის ბოლოს, ხანგრძლივ აპლოდისმენტებთან ერთად, პარტერიდან და იარუსებიდან მაყურებლის ყელით მაჟორულ ნოყზე გასროლილი `ბრავო მაესტროთი~ ყველაფერი ნათქვამია!
როგორც პრემიერის დამთავრების შემდეგ გაცხადდა, `გამარჯობა, ხალხოს~ ჯერ დედაქალაქში ნახავენ, შემდეგ კი ლიტვაში ელოდებიან.
რაღა დაგვრჩა? _ წარმატებები ვუსურვოთ.
'.$TEXT['print'].'