სად პოეზია მჭვირვალებს, იქ შენი ლექსიც მეფობს
ასე ამბობდა თავის პოეზიაში ჭეშმარიტი პოეტი და მოქალაქე ბატონი ლევან დარჩია. იგი, მართლაც, უკვდავებას შეუერთდა თავისი ხალასი შემოქმედებით და კაი-კაცობით. მისი ყოველი ლექსი თუ წერილები გამთბარია ხალხის სიყვარულით, სიმართლისადმი, ქვეყნისადმი თავდადებით.
ასეთ ზეკაცს არ ივიწყებენ. ამიტომაც შეიკრიბნენ ლევანის კოლეგები, ახლობლები, მისი ოჯახი ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რომ აღენიშნათ მისი სახელის უკვდავყოფა. საღამო დაამშვენეს ახალგაზრდებმა, მოსწავლეებმა: თემურ ფირცხალაიშვილმა და ზურიკო ვირუბოვმა. მათ მაღალმხატვრული ოსტატობით წაიკითხეს სახელოვანი პოეტის ლექსები. აუდიტორიაც აღფრთოვანებული უსმენდა ღირსეულ დეკლამატორებს. მისი ცხოვრების ეპიზოდებზე საინტერესოდ ისაუბრეს ,,სამების~ წევრებმა: გიგლა აფხაზავამ, კუკური კუკულაძემ, საღამოს წამყვანმა, ქალბატონმა ლია ურუშაძემ. ლექსები მიუძღვნეს კოლეგებმა: პოეტმა ჯემალ დობორჯგინიძემ და სახალხო მთქმელმა დიმიტრი ბერიძემ. შთამბეჭდავი იყო ვიდეოფილმი, რაც მიუძღვნეს შვილებმა: დაჩიმ და გედამ.
მაყურებელთა თვალწინ კადრი კადრს ენაცვლებოდა: აი, ლევანის ლაღი ბავშვობა, მოსწავლეობა, სტუდენტობა, სამხედრო სამსახური და სიყვარულის ისტორია, რაც დაგვირგვინდა ქალბატონ ლილისა და ბატონი ლევანის შეუღლებით. შემდეგ კი სიყვარულის ნაყოფი: დაჩი და გედა, რომელთაც მშვენიერ ლექსებს ჩუქნიდა ბედნიერი მამა, ამავე დროს  უსაყვარლეს მეუღლეს, ქალბატონ ლილის. შემდეგ კი... შემდეგ ბედისწერის დაუნდობლობა: ბუნების შვილი ბუნების წიაღში ბუნებასვე ჩაებარა. ეჭვი არ არის, მისი სული ცათა სასუფეველშია. იქაც ის ლევან დარჩია იქნება, როგორც აქ, ჩვენთან იყო.
ცხოვრება გრძელდება: მისი შვილები და მეუღლე ისე განაგრძობენ ცხოვრებას, როგორც ლევანს უხაროდა. მისი სპეტაკი სული ამას იგრძნობს.

სული ლამაზი თან გდევდა
და კრისტალური ხედვა,
რამდენი რამე კვლავ დაგრჩა
ფრათაშეუსხმელი, ლევან!
ვარსკვლავი განა კვდება?
იგი დროებით ქრება,
შემდეგ კი კვლავ ინთება
ცისარტყელების ფერად.
შენაც მნათობად ბრწყინვალებ,
ჩვენი ,,სამების~ შეფო,
სად პოეზია მჭვირვალებს,
იქ შენი ლექსიც მეფობს.
მოგვევლინები ისევ,
სითბო-ალერსის მფენად
და სიტყვის მარგალიტებს
კვლავ გვინობათებ, ლევან!

'.$TEXT['print'].'