1 სექტემბერს გურიაში ლოტბართა სტუდია ამოქმედდება - მომავალი ლოტბარები ოთხ წელიწადში 170 სიმღერას სამი ხმით, ანუ 510 მელოდიას დაეუფლებიან
_ ბატონო ავთანდილ, მოდით, პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფის წევრები გავაცნოთ მკითხველს.
_ სიამოვნებით. ვფიქრობ, რომ ბატონებს საყვარელ სალუქვაძეს, ნოდარ გოგუას, ვასილ ჩიგოგიძეს, ვასილ ჩხაიძეს `გურიის მოამბის~ მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. არც მე მივიჩნევ თავს უცხოდ ამ საზოგადოებაში. მოკლედ, ასეთია საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა.
_ სტუდიის შექმნის მიზანი მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, უფრო ხომ არ დააკონკრეტებთ?
_ ეს გახლავთ ერთ-ერთი თემა იმ დიდი პროექტისა რასაც `ოზურგეთი _ ფოლკლორის ქალაქი~ ჰქვია. სხვათა შორის, საინიციატივო ჯგუფის წევრები დიდი ხანი ვმუშაობდით ამ თემაზე და მივედით დასკვნამდე, რომ გურული სიმღერა ნელ-ნელა კარგავს ინტერესს, ახალგაზრდობასაც ნაკლებად იზიდავს, იმიტომ, რომ არ ხდება მისი რეალიზება. გურული სიმღერების პოპულარიზაციის მიზნით, აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა, მათ შორის ფოლკტურიზმის დაფუძნება, ტურისტების შემოყვანა, ვთქვათ, ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი მარშრუტების გახორციელება, რათა გავაცნოთ ამ ხალხს ჩვენი ადათი, წესი, ფოლკლორი. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იქნება, მაგალითად, გურული ქორწილი, თავისი სამზადისით, ატრიბუტიკით, სიმღერებით.
გვინდა, საზღვარგარეთიდანაც მოვიწვიოთ გურული სიმღერების შესწავლის მსურველები. თქვენ იცით, რომ ასეთი პროექტი ხორციელდება კიდეც მაკვანეთსა და ლიხაურში, ბატონ ტრისტან სიხარულიძესთან და ბატონ კარლო ურუშაძესთან ჩამოდიან, სწავლობენ, მაგრამ ბატონებს _ ტრისტანს, კარლოს და სხვა ლოტბარებსაც, თუნდაც საკუთარ სახლში, ხომ უნდა შევუქმნათ მოსწავლეთა მრავლად მიღების და სწავლების პირობები.  
პოლიფონიური იშვიათობით გამორჩეული გურული სიმღერა მხოლოდ ჩვენი საგანძური არ არის, მას მთელი მსოფლიო აღიარებს, როგორც ფოლკლორულ შედევრს. ხვალ, ზეგ, როდესაც აუცილებლად გაიზრდება ინტერესი გურული ფოლკლორული სიმღერებისადმი, თუ აქედანვე არ ვიზრუნეთ, ფაქტობრივად, დავდგებით იმის წინაშე, რომ პედაგოგი არ გვეყოლება ამ შედევრების მომავალი თაობისთვის გადასაცემად.
_ თუ გადაჭარბებული ნათქვამი არ გამომივა, ფაქტობრივად, დღესაც იგრძნობა ლოტბარების დეფიციტი.
_ გეთანხმებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, შექმნილიყო სალოტბარო სტუდია. ასეთი სკოლა ჯერ კიდევ 1968 წელს დაარსა დიდმა გიორგი სალუქვაძემ. სკოლამ რვა წელიწადი იფუნქციონირა და ლოტბართა ორი თაობა გამოუშვა.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, ბატონი გიორგის ვაჟის, საყვარელ სალუქვაძის მეშვეობით, საქვეყნოდ ცნობილი ლოტბარისა და ქორეოგრაფის არქივში ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მისი ხელნაწერები ამ სკოლის შესახებ. გავუკეთეთ ამ ხელნაწერებს კორექტირება, მოვარგეთ დღევანდელობას და წინადადებით შევედით საკრებულოში, სადაც ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი პროექტის დაფინანსებას. მინდა, მადლობა ვუთხრა გურიის გუბერნატორს, ბატონ ვალერი ჩიტაიშვილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ალეკო მამეშვილს, კულტურის ცენტრის დირექტორს, ბატონ კობა ბანძელაძეს რომლებიც სწორად ჩაწვდნენ საკითხის დადებითად გადაწყვეტის აუცილებლობის არსს.
_ რამდენწლიანი იქნება ეს სასწავლებელი და რა დისციპლინებს შეასწავლის ის მოსწავლეებს?
_ სტუდიაში მოსწავლეები დაეუფლებიან გურულ ხალხურ სიმღერებს, გურულ საგალობლებს, ჩონგურსა და სოინარზე შესასრულებელ სიმღერებს, სადირიჟორო ხელოვნებას, საგუნდო ხელოვნებას, სავალდებულო ფორტეფიანოს  და ქართული ფოლკლორის ისტორიას. ოთხწლიანი სწავლების პერიოდში გვინდა, შევარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, დაფინანსებადი იქნება 15 მსმენელი, თითოეულს აუნაზღაურდება კვებისა და მგზავრობის ხარჯები 150 ლარის ფარგლებში, ფაქტობრივად, ეს იქნება სტიპენდია.
_ და ვინ იქნებიან პედაგოგები?
_ ღმერთს მადლობა, რომ დღესდღეობით გვყავს ასეთი ხალხი: ბატონი ტრისტან სიხარულიძე, ბატონი ამირან გოლიაძე და მისი მეუღლე, ქალბატონი ეთერ პავლიაშვილი, ქალბატონი ლამზირა მიქაძე, ბატონი გიორგი სალუქვაძის შვილიშვილი ნინო სალუქვაძე, ბატონები ბიძინა მჟავია და მამუკა რუსიძე. გარდა ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლის პრესტიჟის ასამაღლებლად დროგამოშვებით სიმღერებს შეასწავლიან სახელგანთქმული მოღვაწეები: ბატონები ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, რომლებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ სტუდიის დაარსებას.
_ ბატონო ავთანდილ, ამ სტუდიის ამოქმედება ხომ არ გამოიწვევს გურული სიმღერების შემსწავლელი სკოლის _ `კრიმანჭულის~ გაუქმებას?  
_ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზეც დაისვა. `კრიმანჭული~ დროებით შეჩერებულია, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ იგივე პედაგოგებით ამ სკოლასაც აღვადგენთ და ის სტუდიასთან ერთად იარსებებს. სხვაობა იცით, რა არის? `კრიმანჭული~ მოსწავლეებს სიმღერებს შეასწავლის, ჩვენ კი სიმღერების მსწავლებელი პედაგოგები უნდა მოვამზადოთ. ოთხ წელიწადში ისწავლება 170 სიმღერა სამი ხმით, ანუ 510 მელოდია, ეს არის უდიდესი პროგრამა და მას დიდი ნიჭი და ამ ნიჭის ბოლომდე გახარჯვა სჭირდება. ფაქტობრივად, გავერთიანდით, შემოვიერთეთ `კრიმანჭული~, რომელიც ასევე 1 სექტემბრიდან განაახლებს მუშაობას. ლოტბართა სტუდია მუშაობას დაიწყებს 9 საათსა და 30 წუთიდან და დაამთავრებს 14 საათსა და 30 წუთზე. დღის მეორე ნახევარში კი იგივე პედაგოგები იმუშავებენ `კრიმანჭულის~ მოსწავლეებთან.
ერთი წლის შემდეგ სტუდიის მოსწავლეების ბაზაზე ჩამოყალიბდება ანსამბლი `საუნჯე~, რომელიც ჩაატარებს როგორც საანგარიშო, ისე საგასტროლო კონცერტებს.
გათვალისწინებული გვაქვს შევასწავლოთ სხვა კუთხის სიმღერებიც და ამ მიზნით მოვიწვიოთ იქაური ლოტბარები.
_ ბატონო ავთანდილ, ეს ყველაფერი  საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. როგორ მოხდება სტუდიის დაფინანსება?
_ ჯერჯერობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო საწყისი თანხა, რომლითაც უნდა მოვამზადოთ სასწავლო ოთახი, გავაკეთოთ რეკლამები, მოვიზიდოთ მოსწავლეები, შევიძინოთ 15-15 ცალი ჩონგური და სოინარი. ფაქტობრივად, პირველ სექტემბერს უნდა დავხვდეთ მომზადებული. სტუდია ჩამოყალიბდა კულტურის ცენტრთან და მას მთლიანად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. სტუდიის ერთი წლით ფუნქციონირებას დაახლოებით  38-40 ათასი ლარი დასჭირდება, მაგრამ იმხელა პატრიოტული და ეროვნული საქმე კეთდება, რომ, ალბათ, ღირს ასეთ დიდ თანხაზე წასვლა.
ერთი სიტყვით, 1 სექტემბერს თქვენ დაესწრებით ლოტბართა სტუდიისა და `კრიმანჭულის~ ერთობლივ პრეზენტაციას.
_ მაშინ 1 სექტემბრამდე და წარმატებებს გისურვებთ.
_ მადლობთ
'.$TEXT['print'].'