ოზურგეთის თეატრის დასი ლიტვაში გასამგზავრებლად ემზადება
ოზურგეთის თეატრის დასი ლიტვაში  გასამგზავრებლად ემზადება
_ თუ არ ვცდები, ეს ჩვენი თეატრის 144-ე სეზონია. ბატონო ზაზა, როგორი სიტუაციაა დღეს ამ დიდი ისტორიის მქონე თეატრში?
_ _ სანამ შეკითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გადაცემის იდეის ავტორებს, ძალიან მნშივნელოვანი პროექტია, თითქმის ყველა გადაცემას ვუყურებ, სადაც კარგადაა განხილი ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემები, ეკონომიკური და კულტურული საკითხები. თქვენ ნოვატორები ხართ გურიაში ამ კუთხით, ღმერთმა დაგლოცოთ და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება შეკითხვას, მინდა გითხრათ რომ ჩვენი თეატრი ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე თეატრია ჩვენს ქვეყანაში, 144 წელს ითვლის, ჩვენზე ასაკით უფროსი გახლავთ გორის თეატრი, შემდეგ მოდის ქუთაისი მესხიშვილის სახელობის თეატრი, შემდეგ ოზურგეთი და ზუგდიდი. ჩვენს თეატრში აღიზარდნენ კინოსა და თეატრის ცნობილი ვარსკვლავები. ჩამოთვლა გამიჭირდება, თუმცა რამდენიმეს მოგახსენებთ: ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, ვასო ურუშაძე, გრიგოლ თალაკვაძე, რომან ლომინაძე, ქალბატონი ლამარა თურმანიძე, გაბრიელ მდინარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ამირან ქადეიშვილი, იური ჯიჯიეშვილი და სხვები, აი, ეს თანავარსკვლავედი ქართული თეატრისა და კინოს შექმნა ოზურგეთის თეატრმა.
_ როგორია თეატრის წლევანდელი ბიუჯეტი, ხომ არ გაზრდილა ან ხომ არ შემცირებულა?
_ მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორე წელია სამწუხაროდ თეატრის სახელფასო ფონდი არ გაზრდილა, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება გულისყურით მიუდგება ამ საკითხს, თქვენ კარგად ხართ ინფორმირებული თუ როგორი არაადამიანური შრომა უწევთ მსახიობებს, მჯერა, რომ მსახიობებს გაეზრდებათY სახელფასო ფონდი და უფრო შრომისუნარიანი გახდება მათი მუშაობა.
_ ძალიან ცივი ზამთარია. ვიცი, გათბობის პრობლემა გაქვთ, როგორ ატარებთ რეპეტიციებს?
_ ეს არის ჩვენი თეატრის აქილევსის ქუსლი, თუ შეიძლევა ასე ითქვას, ახლა ჩვენ ორ პრემიერას ვამზადებთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო პრემიერა ვითამაშეთ 4 დეკემბერს `გამარჯობათ ხალხო~ და როგორი გაუსაძლისი პირობები იყო დარბაზში, მაგრამ არც ერთ თეატრის ერთგულ მაყურებელს დარბაზი არ დაუტოვებია, ამ კუთხით მინდა მადლობა გადავუხადო მხარის პირველ პირს ვალერიან ჩიტაიშვილს, რომელიც პირადად ჩართულია ამ პროცესის მოგვარებაში, შედგენილია ხარჯთაღრიცვა, ჩამოვიყვანეთ უძლიერესი არქიტექტორები, რომლებმაც გამოიანგარიშეს თუ რა დაჯდება გათბობის სისტემის დამონტაჟება. დაახლოებით მილიონ ლარამდე ადის, ბატონ ვალერის აქვს მოლაპარაკება რამდენიმე ფონდთან და ეს საკითხი დაყენებულია მთავრობის დონეზე. ვერ გეტყვით, როდის მოგვარდება ეს საკითხი, მაგრამ მხარის ხელისუფლება ვიცი რომ ამ პრობლემას მოაგვარებს.
_ ბატონო ოთარ, 9 მარტს ეგრეთ წოდებულ საგაზაფხულო სეზონს ხსნით. რა სცენარები დევს სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის პორტფელში, როგორია წლევანდელი რეპერტუარი?
_ უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ამ გადაცემის ავტორებს. ბატონმა ზაზამ ამომწურავად ისაუბრა თეატრის წარსულზე და არ გავმეორდები, შესანიშნავი წარსული აქვს ჩვენს თეატრს, ჩვენი თეატრის შემოქმედებითი წარმატებები ცნობილი იყო არამარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, როცა გასტროლებით გავდიოდით საზღვარგარეთ.  ჩვენ მთელი დასავლეთ ევროპა მოვიარეთ თითქმის, მერე იყო სამწუხაროდ პაუზა და ჩავარდნები, საბედნიეროდ კვლავ გამოჩნდა საშუალებები ბატონი ზაზას აქტიური მცდელობით და ჩვენი თეატრი კვლავ წავა ლიტვაში. რაც შეეხება კითხვას, 9 მარტს ჩვენ ვხსნით სეზონს ცაგარელის პიესით `ოინბაზი~, ჩვენ რეპერტუარი ძირითადად აგებული გვაქვს ქართულ დრამატურგიაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეპერტუარში არ გვაქვს უცხოური პიესები. 2010 წელს საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი გვქონდა `შემოდგომის სონატა~, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. 22 მაისს დაგეგმილი გვაქვს პრემიერა ბაღათურიას პიესისა `მეფე ლირი~, შემდეგ გვაქვს ზუგდიდში და ლიტვაში გასტროლები და ვფიქრობთ, წელსაც ისევე, როგორც გასული წელი, წარმატებული იქნება. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს თეატრში. სეზონის გახსნას დაემთხვა ჩვენი მსახიობის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის რომან ურუშაძის დაბადების დღე. ვფიქრობ ,ესეც ბევრ მაყურებელს მოიყვანს და ახალ 144-ე სეზონის გახსნას სავსე დარბაზით შევხდებით.
_ ბატონო ზაზა, ისევ თქვენთან გადმოვალ შეკითხით: თეატრის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ დასი ოქტომბერში მიწვეულია ლიტვაში. ბალტიისპირეთში გამგზავრება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მანამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ხომ არ არის გარკვეული, ვინ უნდა მოახდინოს ფინანსური უზრუნველყოფა?
_ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის ყურსშია ჩაყენებული, პანევეჟისის სახელმწიფო თეატრი და ჩვენი თეატრი დამეგობრებულია. ამიტომ, ყველა დეტალი გარკვეული გვაქვს, საუბარია იმაზე, რომ ეს სპექტაკლი ორ ენაზე ვითამაშოთ, ამჟამად ვასო ჩიგოგიძე ლიტვაშია, პანევეჟისის სახელმწიფო თეატრში მუშაობს სპექტაკლზე `გამარჯობა ხალხო~, საუბარია, რომ ლიტვის თეატრიც ჩამოვა საქართველოში და აქაც გავმართავთ სპექტაკლს. რაც შეეხება დაფინანსებას,  მხოლოდ გამგზავრების ხარჯებზეა საუბარი და ეს არ არის მცირე თანხა, საუბარია 15 -20 ათას ლარზე, იმედი მაქვს რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ლიტვაში გავემგზავროთ.
_ ბატონო ზაზა, ვიცი, რომ დიდ დროს გართმევთ თეატრის მართვის პროცესი. როგორც მსახიობს გეკითხებით, ამჯამად თუ ხართ დაკავებული რომელიმე როლით?  
_ ვცდილობ, რომ სცენას არ ჩამოვცილდე, ძალიან რთულია თეატრის ხელმძღვანელობა და არანაკლებ რთულია მსახიობობა. უნდა იაზროვნო სცენაზე. ამჟამად ბატონ ოთარ კუტალაძესთან ვარ დაკავებული, არის ეპიზოდური როლი. ვფიქრობ, საინტერესო სახეა და როგორ გამომივა, ვნახოთ.
_ `გამარჯობა ხალხოს~ გარდა სხვა სპექტაკლებსაც ხომ არ ნახავს ლიტველი მაყურებელი?
_ `გამარჯობა ხალხო~ არის მიწვეული ფესტივალზე, 18 ოქტომბერს იწყება საერთაშორისო ფესტივალი და ამ სპექტაკლით წავრსდეგებით ლიტველი მაყურებლების წინაშე. სხვათა შორის, ლიტველი მაყურებელი გასულ წელს იყო ჩვენთან ჩამოსული.
_ ბატონო ოთარ, ლიტვაში გამგზავრებამდე წინ ზუგდიდის გასტროლებია, რა სპექტაკლები გაქვთ ამ საგასტროლო რეპერტუარში.
_ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩვენმა თეატრმა მოახერხა ზუგდიდში გასტროლები დაეგეგმა, მოგეხსენებათ ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობამ ეს ურთიერთობა გააბა ისეთნაირად, რომ იქ დაბალფასიანი სასტუმროა ნაშოვი, გარკვეულია ყველაფერი. რაც შეეხება სპექტაკლებს, სამხატვრო საბჭოს დადგენილებით გადაწყვეტილია, რომ წავიღოთ ოთხი სპექტაკლი. ბათიაშვილის `წერილები შვილებს~, დუმბაძის მითაიშვილის მიერ გაინსცენირებული `გიჯები~, ბათიაშვილის `ლალი სიყვარული და სხვები~ და ლაშა ბუღაძის `ნაფტალინი~. ჩვენ ახლა ორ პრემიერას ვამზადებთ და შესაძლებელია მეხუთე სპექტაკლი დავამატოთ ან ერთ-ერთი მათგანი ჩავანაცვლოთ ახალი პრემიერით.  
_ თეატრში ახალი სახეები, ახალგაზრდა მსახიობები გამოჩნდნენ. გააცანით ისინი `გურიის მოამბის~ მკითხველებს.
_ ექსკლუზივი თქვენ გაქვთ, მინდოდა ამის შესახებ პრესკონფერენცია მომეწვია, ყველას დაასწარით. იცით, ალბათ, რომ ჩვენ ინსტიტუტში გვყავდა მიზნობრივი ჯგუფი, ჩვენგან იყვნენ წარდგენილები და დაბრუნდნენ თეატრში, ერთი, იზა ჟღენტი ჩოხატაურელი გახლავთ, რომელიც უკვე დაკავებულია სპეტაკლში, არის ქეთევან ცეცხლაძე, გიორგი ბოლქვაძე და საუბარია, რომ დაგვიბრუნდეს ლევან საღინაძე. ქეთი ცეცხლაძის დებიუტი შედგება 9 მარტს.
'.$TEXT['print'].'