ლანჩხუთში ქალთა დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
ლანჩხუთში ქალთა დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
ქალი რომ არა, დღეს ხელოვნების ბევრი ნიმუში ალბათ არ გვექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ევამ აცდუნა ადამი... დღემდე ასე გრძელდება, დღემდე არსებობს ეს ერთობა, რომელიც ღმერთმა დააწესა და ქალი არის ყველაფრის საწყისი ანიდან ჰოემდე... ალბათ, კაცობრიობის დასრულებამდე ასე იქნება: ხოტბას სცემენ მას, ადიდებენ, თაყვანს სცემენ, როგორც დედას, დას, მეუღლეს, ბებიას... ალბათ, ამიტომაც, მიუძღვნეს წელიწადის ულამაზესი დრო – გაზაფხული.
8 მარტს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში კვლავ გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი საღამო. თუმცა, სანამ ეს საღამო გაიმართებოდა, მანამდე დიდი სამზადისი იყო და მოდი ჩვენც აქედან დავიწყოთ.
თავდაპირველად სცენარზე მუშაობა სოფო ჭელიძემ რეჟისორთან, ირმა მენაღარიშვილთან ერთად დაიწყო. ძირითადად ის მასალა შეირჩა, რომელიც გაზაფხულს, ქალს, სიყვარულს მიესადაგებოდა. წამყვანები რეჟისორი და მისი ასისტენტი ზაზა ჩხაიძე გახლდათ.  ირმა ბავშვობის შემდეგ სცენაზე პირველად იდგა  და მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, როგორც მაყურებელმა აღნიშნა, ახალი ამპლუა შესანიშნავად მოირგო. მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდი (ახალ წევრთან ერთად, სოლო-გიტარისტ ვოვა ნიკოგოსიანთან), ქალთა კვარტეტთან და ანსამბლ `მხედრებთან~ ერთად ზრუნავდა, ხოლო ქორეოგრაფიულ ნაწილზე გია ხუხუნაიშვილი, ანი ახობაძე და ირაკლი ჩახვაძე მუშაობდნენ. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სცენას გაზაფხულის ელფერი აკლდა. ამაზე კი მხატვარ-დეკორატორებთან, გამნათებელთან                                                                და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დირექტორის მოადგილეებმა თათია რუსიეშვილმა და თამილა წილოსანმა იზრუნეს. 8 მარტს მისულებს უმშვენიერესი გარემო დაგვხვდა: `აფეთქებული~ ატმის ხეები, ულამაზესი ვარდები და სხვა ძალიან ლამაზი, წელიწადის ამ დროის შესაბამისი დეკორაციები.
კიდევ ერთი, კონცერტზე გასვლითი ღონისძიებების ორგანიზატორმა ირმა ხურციძემ საგანგებოდ მოიწვია მრავაშვილიანი დედები. როგორც ამ ქალბატონებმა გვითხრეს, მიწვევამ ძალიან გაახარა ისინი. მშვენიერმა გარემომ კიდევ ერთხელ დაანახათ, რომ საზოგადოება აფასებს მათ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე.
კონცერტი დაიწყო. წამყვანებმა დღესასწაული მოგვილოცეს. კვარტეტმა გაზაფხულს მიუძღვნა სიმღერა. გიორგი მურვანიძემ ტანგო აახმიანა გიტარაზე.
`_ ქალი მამაკაცის შემდეგ შექმნა ღმერთმა – მიჰგვარა ადამს, შთაბერა სული, მისცა კაცს და უთხრა: ფრთხილად იყავი, ქალს ნუ აატირებ, იმიტომ, რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს, ის შევქმენი კაცის ნეკნისაგან, არა ფეხისაგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისაგან, რომ აღგემატებოდეს შენ, არამედ გვერდისაგან, რომ იყოს შენს გვერდით, ხელის ქვევიდან, რომ დაცული და გულისმხრიდან, რომ იყოს შენთვის საყვარელი.~ _ გვამცნო წამყვანმა.
გაზაფხულის მახარობელ იებს მიუძღვნა სიმღერა სალომე გურგენაძემ...
ფერად კაბებში გამოწყობილი გოგონები წყვილებთან ერთად მიმოიფანტნენ და ახმიანდა ვალსი...
კონცერტს სტუმარიც ჰყავდა _ბატონი მიშა კუკულაძე, რომელმაც ლანჩხუთელ ქალბატონებს ორი უძველესი ჰიტი მიუძღვნა.
არავინ ელოდა სცენაზე სარეს გამოჩენას. სოფიკო ჭიაურელის მიერ ნათამაშევი როლი მოულოდნელად გაცოცხლდა სცენაზე. განსაკუთრებული ტაშით დაჯილდოვდნენ მსახიობები.
`იაგუნდი~  - სიმღერა შეასრულა ქალბატონმა სოფო ჭელიძემ. მასთან ერთად გამოჩნდნენ დაირებით მოცეკვავე ულამაზესი ქალბატონები, რომლებმაც საოცრად გაალამაზეს სცენა.
კონცერტი სატრფიალო სიმღერით ანსამბლმა `მხედრებმა~ დაასრულა და ჩოხაში გამოწყობილმა მამაკაცებმა დარბაზში მსხდომ ქალბატონებს გაზაფხულის მახარობელი ულამაზესი ყვავილების თაიგულები გადასცეს. ამ მოულოდნელმა ჟესტმა გააოცა დარბაზი. არავინ ელოდა, ერთიანად გაირინდნენ...
ყოველდღიური საზრუნავით დაღლილ-დაქანცულებს, ვფიქრობთ, რამდენიმე ლამაზი საათი ვაჩუქეთ. ვაგრძნობინეთ, რომ ისინი ქვეყნად ყველაზე მშვენიერი არსებები არიან. რომ სამყარო სწორედ მათ ირგვლივ ტრიალებს. რომ არა ქალი, უბრალოდ კაცობრიობა დღემდე ვერ მოვიდოდა. ამიტომაც დავიხარჯეთ ასე და შევეცადეთ გაგველამაზებინა ეს დღე.
'.$TEXT['print'].'