ინტერვიუ, რომელიც გამოფენის ექოს მოჰყვა
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთევან ხიდაშელმა "გურიის მოამბეს" უთხრა, გამოფენა 8 მარტს საგანგებოდ დაამთხვიეს:
ყოველთვის იყო ამაზე აპელირება, რატომ მაინცა და მაინც 8 მარტს? ეს ხომ კომუნისტური დღესასწაულია?! სწორედ იმიტომ დავამთხვიეთ გამოფენა 8 მარტს, რომ ეს სტერეოტიპი დაგვემსხვრია. 8 მარტი არ არის მხოლოდ ქალისთვის ყვავილების ჩუქების, მოფერების, ქალის მიმართ სითბოს გამოხატვის დღესასწაული, ეს, პირველ რიგში, ქალთა უფლებების დაცვის დღედ აღიარა კლარა ცეტკინმა. მერე რა, რომ ის ქალი იმ დროში სოციალიზმში ხედავდა ამ პრობლემის გადაჭრას. რა, ქალთა უფლებების დაცვა დღეს არ არის აქტუალური~?!
`ქალები რეგიონის განვითარებისთვის~ სულ ერთი წელია, რაც დაფუძნდა, თუმცა საინიციატივო ჯგუფი ოთხი წელია მუშაობს სოფელ დვაბზუში და, როგორც ქალბატონი ქეთევანი ამბობს, საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ ქალთა პრობლემების კვლევასა და გადაჭრის გზების ძიებაში. მიმდინარე ორი პროექტის თემაც სწორედ ეს საკითხებია და გალერეაში მოწყობილი გამოფენაც ამ პროექტების შემადგენელი ნაწილი გახლავთ..
`იცით, რა? გამოვფინეთ ისეთი ქალების ნამუშევრები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, უბრალოდ, სახლში აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს. გვინდოდა, ეს რაღაც სტიმულის მიმცემი ყოფილიყო მათთვის, ზოგადად გამოგვეყვანა ისინი საზოგადოებაში, გვეჩვენებინა ხალხისთვის, ანუ ქალთა გააქტიურების მიზანს ემსახურებოდა ეს გამოფენა. სულ 27 ქალბატონის ნამუშევრები გამოვფინეთ, როგორც შემდეგ კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, აქედან მხოლოდ სამის ნამუშევრები იყო ადრე გამოფენილი. ზაფხულში გვქონდა ძალიან კარგი პროექტი პატარა ნასაკირალში, რომელიც დვაბზუს თემს ეკუთვნის (დაბა ნასაკირალში არ აგერიოთ), ამ მუსულმანი ქალების ზოგადად უფლებებზე, ვიცით, რომ ჩვენი გადასახედიდან ძალიან მძიმე შრომას ეწევიან, მძიმე მდგომარეობაში არიან. პრობლემას ისიც ქმნის, რომ მათთვის უცხოა ქალთა უფლებებზე საუბარი. ამ გამოფენის ერთ-ერთი დიდი წარმატება ისიცაა, ალბათ, რომ მოვახერხეთ ამ ქალების სახლიდან გამოყვანა. აქვთ ძალიან კარგი ნამუშევრები.რა თქმა უნდა, მათ ნაქარგში არის აღმოსავლური ორნამენტების ელემენტები, მაგრამ არის მართლმადიდებლურიც. მაგალითად, აღმოსავლურ ვარსკვლავთან ერთად გამოსახული აქვთ ქართული ჯვარი, თუმცა არ იციან ამისი დანიშნულება, ეს ქვეცნობიერში უდევთ. რომ იცოდნენ, შეიძლება ამოიღონ კიდეც, სჯობია იქ იდოს, ქვეცნობიერში. მე მაინც მჯერა, ეს ყველაფერი სადღაც მერე გაიღვიძებს. სულ სხვანაირი დამოკიდებულებაა ამ ხალხთან საჭირო, მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა გვახსენდებოდეს. იმდენად ბედნიერი იყვნენ, თვით პოლონეთის ელჩმა, ქალბატონმა  ურშულა დოროშევსკამაც კი აღნიშნა~.
_ ქალბატონო ქეთევან, პოლონეთის ელჩის სტუმრობა უბრალოდ დაემთხვა ამ გამოფენას თუ...
_ არა, რასაკვირველია. ძველით ახალ წელს დვაბზუში საკალანდო ღონისძიება ჩავატარეთ. `სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს~ პოლონელი მოხალისე გოგონები დაგვეხმარენ, თანხები მოგვაძიებინეს, ბევრი რაღაც გვასწავლეს, გიჩვენეს, რომ ძალიან პატარა ფულით შეიძლება ძალიან კარგი საქმეები გააკეთო. ამის მაგალითი იყო სწორედ მათი დახმარებით ჩვენს მიერ მოწყობილი კალანდობა. ეს გოგონები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან, იკვლევენ სოფლის პრობლემებს,  დაგვეხმარენ მოხუცებისთვის საჩუქრების დარიგებაში, საბავშვო ბაღს გაუკეთეს ძალიან კარგი საჩუქრები. გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ელჩისთვის ეჩვენებინათ ის საქმეები, რაც გურიაში და კერძოდ ოზურგეთში კეთდება ამ მიმართულებით. ქალბატონი ურშულა ძალიან გულისხმიერი ქალბატონია, მეუღლესთან ერთად ჩამობრძანდა, ნახა ამ ქალების ნამუშევრები, იყო ლანჩხუთში, ბავშვთა ცენტრში, საჩუქრები ჩაუტანა ბავშვებს. წინა დღეს, 7 მარტს გვქონდა ჩვენ შეხვედრა, ძალიან კარგ რაღაცეებს ჩაეყარა საფუძველი დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში. რამდენიმე პროექტი გამოიკვეთა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ დააფინანსებს საელჩო. თუ თვითონ ვერ გაწვდება, დონორ ორგანიზაციებს მოგვიძიებს.  
ელჩისთვის მუსლიმანი ქალების თემა აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. თვითონ უკრაინაში მუშაობდა თურმე მსგავს პრობლემებზე. როგორც კი ნახა ნაქარგობები, მაშინვე მოითხოვა ამ ქალებთან ადგილებზე შეხვედრა.
ფაქტიურად, ელჩის ვიზიტი ნასაკირალში იმას ემსახურებოდა, რომ იქ, ადგილზე უნდა შეიქმნას სახელოსნო. ჩვენი ამ გამოფენის კიდევ ერთი მიზანი იყო, გაკეთებულიყო ამ შემოქმედი ქალების ნამუშევრების ბაზა. გვინდა ინტერნეტ-მაღაზიისთვის თანხების მოძიება.  
_ საინტერესოა. ინტერნეტ-მაღაზიის იდეა საიდან წამოვიდა?
_ ზუსტად აქედან წამოვიდა, ოზურგეთი მაინც, ჩაკეტილი სივრცეა შემოქმედებისთვის. ძალიანაც რომ მოწონდეს ადამიანს ვინმეს ნამუშევარი, ელემენტალური თანხა არ აქვს, რომ შეისყიდოს. ეს პრობლემა ისედაც დგას, საერთოდ, შემოქმედი ხალხისთვის. Oორი წლის წინ ორჯერ ვიყავით სტაჟირებაზე პოლონეთში, სადაც უამრავი პარტნიორი გვყავს, გვაქვს მათთან მიწერ-მოწერა. გვითხრეს თუ თქვენ გააკეთებთ ინტერნეტ-მაღაზიას, რეკლამას ჩვენ გაგიწევთო. აქ რასაც ფასი არ აქვს და არავინ არ იყიდის, იქ იმას ასეულობით ევროდ ჰყიდიან. ეს მართლაც საკმაოდ დიდი შემოსავალი იქნება აქაური ხალხისთვის. მოგეხსენებათ, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. ეს არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული გეგმა. მაგრამ ეს არ მოხდება ალბათ სწრაფად. პირველ ეტაპზე სახელოსნო უნდა გაკეთდეს. ვისთანაც ყოველდღიური მიწერ-მოწერა გვაქვს, იმან უნდა მოგვიძიოს ტრენერი, რომელიც ამ ქალებს ასწავლის ბუნებრივი საღებავების მიღების მეთოდებს. რომ არ დამავიწყდეს, ამ ქალებს ხულოშიც აქვთ ფანტასტიკური ნამუშევრები ხალიჩებისა და ფარდაგების სახით, ამისი სპეციალისტები ჰყავთ, მაგრამ მოთხოვნილება აღარაა რაღაცნაირად. ამის აღორძინებაც გვინდა. ერთი სიტყვით, პროექტი საკმაოდ ძვირი ჯდება, ქალბატონი ურსულა დაგვპირდა დახმარებას, რომელიც დვაბზუს ნასაკირალში გაეცნო რა ჩვენს ბუნებას, ხელსაქმის ხელოვნებასთან ერთად, აგროტურიზმის განვითარებაზეც გვესაუბრა.
'.$TEXT['print'].'