გურია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, უკვე გაიცნო და აღიარა ღვინის სამყარომ
გურია,  როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, უკვე გაიცნო და აღიარა ღვინის სამყარომ
ამ მიზნით, დავამყარეთ საქმიანი ურთიერთობები საქართველოს წამყვან მევენახეებთან, მეღვინეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეიძლება ითქვას, რომ გურია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, უკვე გაიცნო და აღიარა ღვინის სამყარომ.
სისტემატურად ვართ ჩართული ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში. 2010 და 2011 წლებში მონაწილეობა მივიღეთ თბილისში, ვაკის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს `ღვინის კლუბის~ (ხელმძღვანელი ბატონი მალხაზ ხარბედია) მიერ ორგანიზებულ, უკვე ტრადიციად ქცეულ `ახალი ღვინის~ ფესტივალში. აქ, მკაცრი წინასწარი შერჩევების შემდეგ, დაუშვეს ჩვენი ღვინოები: `საკმიელა~ და `თეთრი კამური~, რომლებმაც საყოველთაო მოწონება და სერტიფიკატები დაიმსახურეს (ამ ფესტივალზე სხვა შეფასებები და დაჯილდოებები არ ხდება).
2011 წლის მაისში ბათუმში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეგიდით, ჩატარდა `ოჯახში დამზადებული ღვინოების~ მე-4 ფესტივალი, რომლის დასკვნით ნაწილსაც ბათუმის სახელმწიფო თეატრში ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. ჩვენმა `საკმიელამ~ თეთრ ღვინოებს შორის ფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს მედალი და ფულადი პრემია დაიმსახურა, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გურულ ღვინოებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ.
შარშან ეკრანებზე გამოვიდა ინგლისის ცნობილი ტელეარხის `Travel Channel~-ის 47-წუთიანი დოკუმენტური სარეკლამო ფილმი, რომლის ინიციატორი და წამყვანი გახლავთ იზაბელ ლეჟერონი, წარმოშობით ფრანგი, ქ. კონიაკიდან, კონიაკის მწარმოებელთა შთამომავალი, ამჟამად ლონდონში მცხოვრები, მსოფლიო მეღვინეობაში ყველაზე კომპეტენტური ქალი, ღვინის ცნობილი საერთაშორისო კონკურსების ჟიურის უცვლელი წევრი, ევროპის წამყვანი ტელეარხების სხვადასხვა შოუს მონაწილე. მას ოფიციალურად აქვს მინიჭებული ღვინის სამყაროს ყველაზე მაღალი ტიტული `Mასტერ~ ოფ წინე~ (Mჭ). საქართველოზე გადაღებულ ფილმში წარმოდგენილია მევენახეობა-მეღვინეობით გამორჩეული რამდენიმე რეგიონი, მათ შორიც გურიაც.
იზაბელ ლეჟერონი, თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად, 2010 წლის შემოდგომაზე ჩვენი სტუმარი გახლდათ. ოზურგეთის ფოლკლორული ანსამბლის `შვიდკაცას~ თანხლებით, გურული სიმღერა-საგალობლების ფონზე, მათ რთულ პირობებში (გადაუღებლად წვიმდა) გადაიღეს მაღლარი ყურძნის კრეფა გურიაში, აგრეთვე ჩვენი ტრადიციული სუფრა. ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნიკალურ ქართულ ფენომენს _ ქვევრს და მასში ღვინის დაყენება-შენახვის საუკუნოვან ტრადიციებს.
ფილმის პრეზენტაციაზე 2011 წლის ივნისში ჩვენც მიგვიწვიეს ქ. თბილისში. პრეზენტაციას, იზაბელთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად, ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალია და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია სიდამონიძე. ფილმი დღესაც ტრიალებს ევროპის წამყვან ტელეარხებზე. საქართველოში მისი პრემიერა შედგა ტელეკომპანია `იმედზე~.
2011 წლის 15-18 სექტემბერს კახეთში ასოციაცია `ქართული ღვინის~ ინიციატივით, მოეწყო ქართული ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. 100 მონაწილიდან 2/3-ზე მეტს უცხოელები წარმოადგენდნენ. ქართველი მონაწილეების მცირერიცხოვან ჯგუფში წარმომადგენლობის პატივი გურიის რეგიონიდან ჩვენ გვხვდა წილად (ორგანიზატორების ხარჯით). სიმპოზიუმი ჩატარდა ალავერდის ტაძარში, სადაც, ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის (მახარაძე) კურთხევით, მთელი ბრწყინვალებითაა აღდგენილი შუა საუკუნეების ცნობილი ალავერდის მარანი, აგრეთვე მოწყობილია მაღალი დონის საკონფერენციო დარბაზი და სხვა აუცილებელი ატრიბუტები ასეთი დონის ღონისძიებების ჩასატარებლად. ამ წარმომადგენლობით სიმპოზიუმზე ჩვენი მიწვევა კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ გურია ღვინის სამყარომ აღიარა, როგორც დიდი პოტენციალის მქონე, მით უფრო, რომ სიმპოზიუმზე არ იყვნენ მიწვეული ისეთი დიდი რეგიონების წარმომადგენლები, როგორიცაა სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი...
როგორც უკვე ვთქვით, ასოციაციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულეებაა წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე რუდუნებით გამოყვანილი 60-ზე მეტი გურული ვაზის ჯიშის მოძიება-დაბინავება. ამ მიზნით ჩვენ ასოციაციის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, თითქმის 18 წელი დავდიოდით სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ვეძებდით ამ ჯიშებს. უკვე მოძიებული გვაქვს 40-მდე დადგენილი და ჯერ კიდევ დაუდგენელი რამდენიმე ჯიში. მარტო შარშან მოვიძიეთ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშები: ბადაგი და თეთრი ჩხავერი, აგრეთვე ჯერჯერობით ამოუცნობი 2 ჯიში.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მიზანშეუწონელია წინაპრების დატოვებული 60-ზე მეტი ჯიშის გავრცელება მოსახლეობაში. ამ ჯიშებს ჯერ კიდევ განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდება. ჩვენ ვეძებთ გზებს და საშუალებებს, რომ გურიის ისტორიაში პირველად მოვაწყოთ გურული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც წარმოდგენილი და დაცული იქნება ყველა აბორიგენული ჯიში.
მოსახლეობაში მხოლოდ  მოსავლიანობისა და ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესო ჯიშები უნდა გავრცელდეს. ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ქვეყნის წამყვან მეცნიერებთან, სპეციალისტებთან და ასეთ ჯიშებად შევარჩიეთ: წითელყურძნიანებიდან _ სხილათუბანი (საღვინე), მტევანდიდი (საღვინე), ჯანი (საღვინე-სუფრის), ალადასტური (საღვინე-სუფრის); თეთრყურძნიანებიდან _ საკმიელა (საღვინე), თეთრი კამური (საღვინე-სუფრის), კლარჯული (საღვინე-სუფრის).
დღეს უკვე დიდი და მხარდი მოთხოვნილებაა ამ ჯიშების ნერგებზე, განსაკუთრებით საკმიელაზე. ამ მოთხოვნას ჯერჯერობით სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ახლო მომავალში პრობლემას აუცილებლად გადავწყვეტთ საკუთარი სანერგე მეურნეობის მოწყობით, რასაც წლეულს ვაპირებთ.

ანდრო ვაშალომიძე,
გურიის რეგიონული ასოციაცია `გურული ვაზის~ გამგეობის თავმჯდომარე.


'.$TEXT['print'].'