გურიის პასქის ფესტივალი "2012" - სააღდგომო კომპოზიციების მადლით და სილამაზით გასხივოსნებული დღე გურიაში
გურიის პასქის ფესტივალი
ფესტივალის მონაწილეებს თავიანთი სააღდგომო კომპოზიციების გამოფენა-გაყიდვის საშუალება მიეცათ. როგორც შარშან, წელსაც ფესტივალის მიზანი უცვლელი იყო _ კულინარ-დიზაინერთა გამოვლენა და ქველმოქმედება. ფესტივალში მონაწილე გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც  გურიის სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებით დაკომპლექტდა. ფესტივალში მონაწილე კომპოზიციების ავტორებსა და კულინარებს სიგელები, ფასიანი საჩუქრები, გამარჯვებულებს კი დიპლომები და პრიზები გადაეცათ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ლალი კილაძემ გვითხრა, ნომინაციებზე წარმოდგენილი პასქები და სააღდგომო კომპოზიციები ფესტივალის საკუთრებაა და გამოიყენება ქველმოქმედებისა და ფესტივალის ფონდისთვის. შესაბამისად ყველა ავტორი გახდა საქველმოქმედო აქციის მონაწილე. ფესტივალზე, რომელსაც სასულიერო პირები, უცხოელი სტუმრები, გურიის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე და სამივე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხელნაკეთი სხვადასხვა ტიპის ნივთის გამოფენა-გაყიდვაც წარმოადგინეს. გურიის ვიცე-გუბერნატორის ლელა თავართქილაძის განცხადებით,  ის მიესალმება ასეთ ფესტივალს, მით უფრო, როცა ღონისძიება საქველმოქმედოა.
ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ: გრან პრი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; პირველი ადგილი _ ნინო მენაბდე; მეორე ადგილი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; მესამე ადგილი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა; საუკეთესო გემო _ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა; ფესტივალის სპეციალური პრიზი _ გურიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი; ყველაზე პიკანტური გემო _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; ყველაზე ნოვატორული კომპოზიცია _ დღის ცენტრი `ცისკრის ვარსკვლავი~; ფესტივალის სტუმარი (უცხო ქვეყნის ტრადიციების გაცნობისთვის) _ სტუდენტური სათათბიროს ევროპელი მოხალისეები; ნორჩი კულინარ-დიზაინერი _ ვალერია შარაშენიძე; ფესტივალის აღმოჩენა  _ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; ორიგინალური კომპოზიცია _ აჭის დედათა მონასტერი; ხალხის სიმპათია _ ერკეთის დედათა მონასტერი; ორიგინალური კომპოზიცია _ მარინა დუმბაძე; ფესტივალის მეგობარი _ მაია დოლიძე და ეკატერინე მესაბლიშვილი; ყველაზე ქველმოქმედი _ ვასაძის პურის საცხობი.  
ლელა თავართქილაძე, გურიის ვიცე-გუბერნატორი: `ძალიან კარგია, რომ გურიის პასქის ფესტივალის ჩატარება ტრადიციათ იქცა. ეს ძალიან კარგად შეერწყა ოზურგეთს და რაც მთავარია ოზურგეთმა და გურიამ შეიყვარა ეს ფესტივალი. მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის იდეის ავტორებს, ორგანიზატორებს და ადამიანებს, ვინც ამ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა~.
ლელა იმედაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია გრძელდება, ფესტივალში მონაწილეობა გარკვეულწილად გამარჯვებას ნიშნავს და ამიტომ ყველა მონაწილეს ვუსურვებ გამარჯვებას. ჩვენ ჩოახატაურელებს ფესტივალში განსაკუთრებული გამარჯვების იმედი გვქონდა და გავიმარჯვეთ კიდეც~.
რევაზ ჩიტიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: `ლანჩხუთი წელს მეორედ მონაწილეობს ამ ფესტივალში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ ამ, ძალიან ლამაზ და შინაარსობრივად მრავალფეროვან ღონისძიებაში. მიხარია, რომ, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ფესტივალის გრან-პრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მიიღო~.
ნინო მენაბდე, პირველ ადგილზე გასული: `ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია, შევეცადე საინტერესო კომპოზიცია და გემრიელი პასქა წარმომედგინა, მიხარია, რომ პირველ ადგილზე გავედი. მომავალშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას~.
ლალი კილაძე, ფესტივალის ორგანიზატორი: `უმშვენიერესი დღე იყო, რაც თითოეული მონაწილის, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სახსრებიცა და დროც ამ ლამაზი იდეის მხარდასაჭერად. საზოგადოების თანადგომა რომ არა, წლეულს აღარ გვექნებოდა ფესტივალის განმეორების შანსი და სურვილი ისევ გამოგვემზეურებინა საზოგადოების წინაშე  ოჯახებში არსებული სააღდგომო სუფრის გაწყობის ხელოვნებად ქცეული ტრადიციები. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ იმედით, რომ ისევ შედგებოდა ჩვენი და საზოგადოების თანამშრომლობა, რომელმაც შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ ვიხილეთ სააღდგომო კომპოზიციების მადლით და სილამაზით გასხივოსნებული დღე გურიაში~.
'.$TEXT['print'].'