სუფსაში ანსამბლ ,,აისს" სანიმუშო ანსამბლის წოდება მიენიჭა _ზაურ ლაზიშვილი - ,,სანამ ქართველი ჭაბუკები და ქალიშვილები ქართულად ცეკვავენ, გადაშენება არ გვიწერია"
სუფსაში ანსამბლ ,,აისს
,,აისს~ გასულ კვირას 10 წლის იუბილე შეუსრულდა და ორგანიზატორებიც შეეცადნენ ეს დღე, ერთი ჩვეულებრივი დღისაგან განსხვავებული ყოფილიყო. მართალია, ამ დღეს ცეკვის დიდი დღესასწაული იყო, თუმცა კულტურის სახლს, როგორც მისი მესვეურნი იხსენებდნენ, ბევრი ტკივილიც ახსოვს. ახსოვთ ის პერიოდი როცა მბჟუტავი `ლამპის~ შუქზე, უშუქობასა და გაყინულ დარბაზში, უხდებოდათ მუშაობა. მიუხედავად ამ მძიმე წლებისა, როგორც ალეკო სიხარულიძემ განაცხადა, იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ ოდესმე მზე მათთვისაც ,,გამოანათებდა~. სურვილმა და დაუღალავმა შრომამ თავისი გაიტანა. ლანჩხუთის კულტურის ცენტრის და უშუალოდ დირექტორის სოფო ჭელიძის გვერდში დგომამაც მათ მომავლის იმედი ჩაუსახა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლი `აისი~ არაფრით ჩამოუვარდება სხვა წამყვან ანსამბლებს. ამის დასტურია, კიდევაც ანსამბლის მიერ მოპოვებული არაერთი სიგელი, დიპლომი თუ გრანპრი.
ანსაბლმა წარმოგვიდგინა არაერთი ქორეოგრაფიული კარგი და ლამაზი ნომერი. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ,,განდაგანა~, ,,ნარნარი~ თუ უბრალოდ ,,სვანური~, რომლის შესრულებისას ბიჭებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი გააჩაღეს. მართალია, ზოგი მათგანი სცენაზე პირველად ავიდა, მაგრამ ეს რომ ლელა სიხარულიძეს არ გაემჟღავნებინა, დამიჯერეთ, ვერც შეატყობდით. სალომე გურგენაძისა და ალეკო გასპარიანის მიერ წარმოდგენილ დუეტს კი დიდი ოვაცია და მქუხარე ტაშიც მოჰყვა.
კონცერტის დასასრულს სტუმრებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ,,აისს~ და 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანიმუშო ანსამბლის წოდება მიანიჭეს.
კონცერტის დასასრულს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ მოწვეულ სტუმრებს:
ზაურ ლაზიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ღირსების ორდენის კავალერი: ფრიად საინტერესო, დასამახსოვრებელი საღამო გაიმართა. ამ საღამოს სახელია 10 წლისთავი ქორეოგრაფია ,,აისისა~. ის თავის სახელს ამართლებს მართლაც ,,აისია~. არ შეიძელება ამ დღესთან დაკავშირებით არ გავიხსენო ის ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ამ კულტურის სახლში, ამ სოფელში. ერთ-ერთი მათგანია ილიკო გუჯაბიძე. ილიკო გურული ხალხური სიმღერების ღრმად მცოდნე პიროვნება გახლდათ. მან განავრცო და გაავრცელა ეს სიმღერები ხალხში და ასევე დააფრთიანა არაერთი ხელოვანი. მათ შორის უნდა დავასახელოთ ნიკოლოზ ჩავლეიშვილი, რომელმაც დიდი როლი შეიტანა ეროვნული ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნების განვითარებაში. იგი გარკვეულ წლებში მუშაობდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დირექტორად. უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. ეს ღონისძიება კი მრავლისმეტყველია. უპირველესი არის ის, რომ შესანიშნავი თაობა მოდის. ჭაბუა ამირეჯიბი მინდა გავიხსენო და დავესესხო მას, რომ ,,სანამ ქართველი ჭაბუკები და ქალიშვილები ქართულად ცეკვავენ გადაშენება არ გვიწერია~. დღეს სწორედ ეს დავინახეთ.   
ოლეგ ალავიძე, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე): ამ წუთებში საქართველოს ქორეოგრაფიის შემოქმედთა კავშირი იმყოფება ურეკში. ჩვენ ვატარებთ საზაფხულო ფესტივალს, სემინარებს, ტრენინგებს. მთელი საქართველოდან მობილიზებულია ანსამბლები. რაც შეეხება უშუალოდ ამ კონცერტს, ალეკო სიხარულიძის მოღვაწეობას, ჩვენ კარგად ვიცნობთ. ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღის და მისი მუშაობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ საბავშვო ანსამბლებს არ ვთხოვთ, ქართული ქორეოგრაფიის გზები გაკვალოს. მან, უპირველეს ყოვლისა, ესთეტიკური აღზრდა, სწორი პედაგოგიური მუშაობა უნდა განახორციელოს. ამ მხვრივ, აქ ყველაფერი წესრიგშია და ამიტომაც მიენიჭა სანიმუშო ანსამბლის წოდება. აქედან სავსე შთაბეჭდილებებით მივდივარ.
იური ტორაძე, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე:  ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ალეკო სერიოზულად მუშაობს. ჩვენ თბილისშიც გვინახავს მისი გამოსვლები და ნამდვილად კარგის მეტი არაფერი გვეთქმის. ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი რომ ეუფლება ქართულ საცეკვაო ხელოვნებას, ჩვენი ტრადიციის გაძლიერებაა. ქართველები დიდი კულტურის ხალხი ვართ. ამიტომ ამ ყველაფერს გაფრთხილება მოვლა და პატრონობა უნდა. მისასალმებელია, რომ მშობლები და კულტურის მუშაკები ასე ერთსულოვნად, ერთობლივად მუშაობენ.

'.$TEXT['print'].'