პირველი გასტროლი 23 წლის შემდეგ, იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გიორგი ფოჩხუას თეატრალურ ფესტივალს და 145-ე თეატრალური სეზონის მოლოდინში
პირველი გასტროლი 23 წლის შემდეგ, იდეა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გიორგი ფოჩხუას თეატრალურ ფესტივალს  და 145-ე თეატრალური სეზონის მოლოდინში
`მნიშვნელოვანი წელიწადია ჩვენი თეატრისთვის, გვქონდა მსახიობ ვერიკო ხუხუნაიშვილისა და რეჟისორ ოთარ კუტალაძის ბენეფისები. 27 აპრილი კი დაუვიწყარი დღე იყო ჩვენი თეატრისთვის, მუნიციპალიტეტებს შორის პირველად ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა თეატრალური მოღვაწეების სამი ვარსკვლავი. ვინც მაშინ ამ ღონისძიებას ესწრებოდა, დამეთანხმება, რომ ეს იყო ქართული თეატრის დიდი ზეიმი. უფრო მასშტაბური და რეზონანსული ღონისძიება წლეულს ჩვენ ფაქტიურად არ გვქონია.
უკვე 7 წელია თეატრის ხელმძღვანელი ვარ და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არც ერთ თეატრს ქვეყნის შიგნით გასტროლი არ ჰქონია. სულ ვფიქრობდი და ვოცნებობდი, რაღაც ერთი გასტროლი რომ შევაკოწიწოთ... და აი წელს მოგვეცა ამის საშუალება, რისთვისაც არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ბატონ ალეკო მამეშვილსა და ბატონ ილია ვაშალომიძეს ამ გასტროლის წილობრივად დაფინანსებისთვის. შედეგად ოზურგეთის თეატრი პირველი გაიჭრა საგასტროლოდ. მნიშვნელოვანი გასტროლი გვქონდა ქალაქ ზუგდიდში, სადაც ძალიან მაღალმომთხოვნი, ძალიან სერიოზული მაყურებელია. მადლობა უფალს, რომ  ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ზუგდიდელები აღფრთოვანებული დარჩნენ ჩვენი დასით, 21-24 მსახიობი იდგა სცენაზე. მასობრივ სპექტაკლებს ზოგიერთი რეგიონის თეატრი საერთოდ ვერ აკეთებს.  
რატომ შევარჩიეთ ზუგდიდი, სამეგრელო, და არა სხვა რეგიონი? ჩვენ ოდითგანვე ვმეგობრობთ ზუგდიდის თეატრთან, ასე ვთქვათ, თანატოლები ვართ, ძალიან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა გვაქვს ამ თეატრთან, მაგრამ, ამავე დროს, კონკურენტებიც ვართ. მოკლედ, 23-წლიანი პაუზის შემდეგ შედგა ეს გასტროლი ზუგდიდში.
პირველ სპექტაკლად წარვადგინეთ ოთარ ბაღათურიას `მეფე ლირი თავშესაფარში~.  მაყურებელი დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ტაშს გვიკრავდა 5-6 პაკლონი დაგვჭირდა, მსახიობები აღარ გამოდიოდნენ სცენიდან, ბოლოს შეგვრცხვა და ფარდა დავხურე, მერე ბათიაშვილის `ლალი სიყვარული და სხვები~-ს ჯერი  დადგა, კიდევ უფრო იმატა მაყურებლების რაოდენობამ და აქტიურობამ. ბოლოს შალვა დადიანის სახელობის თეატრში შალვა დადიანის `გუშინდელნის~ ჩვენეული ვერსია იხილა ზუგდიდელმა მაყურებელმა. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა, დარბაზი გასტროლის დახურვამდე გადავსებული იყო მაყურებლით.  
ერთი, ძალიან სამწუხარო ფაქტი ახლდა ამ ჩვენს გასტროლს. ყველას მოგეხსენებათ, საქართველომ, ქართულმა თეატრმა დაკარგა უნიჭიერესი მსახიობი გიორგი ფოჩხუა. გასტროლის გახსნის დღეს ვთქვი, რომ გიორგი იყო არა მარტო ზუგდიდის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის კაშკაშა ვარსკვლავი თავისი თაობის მსახიობებს შორის. მე მისი რამდენიმე როლი მაქვს ნანახი და აღფრთოვანებული დავრჩი, განსაკუთრებით  `ყვარყვარე თუთაბერში~. ეს ჩვენი გასტროლი ამ უნიჭიერესი 26 წლის ბიჭის ნათელ ხსოვნას მივუძღვენით. ტრაგიკული შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ ჩავედით ზუგდიდში. იმდენად თეატრალური ქალაქია, გასტროლის გადადებაზე თვითონ ზუგდიდელებმა თქვეს უარი. ამიტომ გიორგის სულს მივუძღვენით ეს გასტროლი. ზუგდიდის თეატრის მსახიობებს ვთხოვე, დაგვეწესებინა გიორგი ფოჩხუას სახელობის პრიზი. ზუგდიდის თეატრის მმართველმა ამ პრიზის ღირსად ჩვენი თეატრის მსახიობი მარგო ავაქიანი მიიჩნია. პირადად მე მეგრელი კაცი უნდა მეთამაშა სამეგრელოში და ძალიან ვნერვიულობდი. დავისწარი ჩემი იქაური მეგობრები რეპეტიციაზე და აქცენტის გასწორებაში დავიხმარე. კარგად ითამაშე, გურულ მეგრელს თამაშობო, მითხრეს ბოლოს და მეგრელი კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადმომცეს, `მეგრული სოფელი~ ჰქვია ამ პრიზს. ძალიან ორიგინალური პრიზია. მომავალ წელსაც ჩამობრძანდითო, გვთხოვეს, მაგრამ ვერ ჩავალთ, რადგან, თუ კვლავინდებურად გვექნა მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებიდან, გვინდა, კახეთს, კერძოდ, თელავს  ვესტუმროთ, რა თქმა უნდა, სხვა სპექტაკლებით.
როგორც ზაზა ჯინჭარაძემ თქვა, ოზურგეთის თეატრი ხვალ (იგულისხმება 31 ივლისი) 144-ე სეზონს დახურავს და სექტემბერში  თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს ლაშა ბუღაძის `ნაფტალინს~
`ფესტივალი ახმეტელის თეატრში ჩატარდება 18 სექტემბერს. ძალიან საპასუხისმგებლოა, რამეთუ `ნაფტალინი~ სადაც დაიდგა, წარუმატებლად დაიდგა, ვერ ითამაშა თეატრებმა. თქვენ ესწრებოდით ჩვენს `ნაფტალინს~, რამდენიმე რეცენზიაც გამოქვეყნდა. დარწმუნებული ვარ, ამ სპექტაკლით თბილისის საერთაშორისო ფესტივალზეც წარმატებით გამოვალთ და 145-ე სეზონსაც ღირსეულად გავხსნით~.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ლია კილაძის თქმით, გიორგი ფოჩხუას სახელობის ფესტივალის დაფუძნებას საფუძველი ჩაუყარა ზაზა ჯინჭარაძის იდეამ:
`გიორგი, თურმე, დიდი სიხარულით გველოდა და თვითონ იყო ინიციატორი რომ ზუგდიდელებიც გვწვეოდნენ ოზურგეთში. შემდეგ იცით, რა საშინელი ტრაგედიაც დატრიალდა. მისი სახელობის პრიზი, რომელიც  ქალბატონ მარგო ავაქიანს გადაეცა, ჩვენთვისაც და ზუგდიდელებისთვისაც არის სიმბოლო იმისა, რომ, მიუხედავად ამ საშინელი ტრაგედიისა, რჩება იმედი და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდის თეატრის მიერ გიორგი ფოჩხუას სახელობის ფესტივალის დაფუძნებას საფუძველი ჩაუყარა ზაზა ჯინჭარაძის იდეამ გასტროლზე გიორგის პრიზის დაწესების შესახებ. ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული გამხდარიყო ეს ფესტივალი და, ბუნებრივია, პირველებმა გამოვთქვით სურვილი, აუცილებლად ჩავიდოდით და მონაწილეობას მივიღებდით ამ ფესტივალში~.
და ბოლოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ამ პრესკონფერენციისთვის მომზადებულ პრესრელიზში ყველაზე მეტად დაგვაინტერესა ზუგდიდის თეატრის მმართველის ზურაბ ლაშხიას კომენტარმა ზუგდიდში ოზურგეთის თეატრის გასტროლის შესახებ:
`ამ გასტროლის შესახებ შემიძლია ვისაუბრო მთელი დარჩენილი ცხოვრება. მოედნების გაცვლის ტრადიცია თეატრებს გვქონდა და გვექნება. ამას ჩვენამდე ჩაეყარა საფუძველი და უფლება არ გვაქვს, არ განვაგრძოთ. ძალიან ნასიამოვნები ვართ სამივე სპექტაკლით. ყველაფერი იყო დახვეწილი. მოგეხსენებათ, როგორი ტრაგედია გადავიტანეთ, მიუხედავად ამისა, მაყურებელი მაინც მოვიდა ოზურგეთის თეატრის სპექტაკლზე.

'.$TEXT['print'].'