
ახალი ამბები
| დებოშით დაწყებული საკრებულოს სხდომა და პროტესტი დემონსტრაციულად |
|
|
| ავტორი - თეა იოსელიანი | |||
| MONDAY, 03 მაისი 2010 08:44 | |||
|
ჩვეულ რეჟიმში, მშვიდად დაწყებული საკრებულოს სხდომა დებოშის საფუძველი მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ ლამის მისალმების დასრულებისთანავე ის დროებით შეაჩერა და საკრებულოს წევრების მობილიზება საკუთარ კაბინეტში, გუბერნატორთან შესახვედრად მოახდინა.
მათთვის მყუდროების დარღვევისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლელა ნაცვალაძემ, რომელმაც შემთხვევით მოჰკრა ყური სხდომის შეწყვეტის მიზეზს, სხდომათა დარბაზის დემონსტრაციულად დატოვებამდე, ნაუცბათევად მინი პრესკონფერენციაც გამართა და მომხდარით მიღებულ მორალურ შეურაცხყოფაზე დაკონკრეტდა.
ნაცვალაძის წასვლიდან სულ ორიოდ წუთში გაგრძელებული სხდომა ისევე გაურკვევლად განვითარდა, როგორც მოულოდნელადაც დასრულდა (დაგვიბარეს შესვენების შემდეგ გავაგრძელებთო, მერე კი გადაიფიქრეს). რაც შეეხება მინიმუმამდე დაყვანილ დროში განხილულ პროექტებს: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, ორი პროექტის შეჩერების მიზეზი, დასუფთავების მოსაკრებელზე სულ ახლახან მიღებული კანონპროექტის, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიციის შესყიდვებიდან ამოსაღები თანხების გაურკვეველი მიმართულება გახდა. პირველის შემთხვევაში როგორც აღნიშნეს, ბრმად მიღებული პროექტი დახვეწილი სახით ჩამოყალიბებამდე და ახალი რედაქციით მიღებამდე შეაჩერეს, მეორე კი, პროექტში ფიქსირებული თანხების ზუსტ მიზნობრიობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მიღებული სავარაუდო და სათუო პასუხების შემდეგ (კიდევ კარგი, კითხვა საზოგადოებრივი კავშირის წარმომადგენელს, თამაზ ტრაპაიძეს გაუჩნდა) საერთოდ აღარ განიხილეს. უფრო მეტიც, გადამოწმების საჭიროებაც კი დაინახეს. ეს რამაც პრინციპში ცოტა დაბნეულობა და მცირე დისონანსი შემოიტანა (საკრებულოს თავმჯდომარე კი, ვერა და ვერ გადაეჩვია სიჩუმეს ძახილს და მაგიდაზე საწერკალამის კაკუნს). ახლა რაც სხდომიდან შედარებით პროდუქტიული დარჩა, დამტკიცდა ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და კიდევ, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადამდგარ გელა ბურჯანაძესაც შეუწყვიტეს უფლებამოსილება. სულ რამდენიმე დღით არსებული ვაკანტური ადგილიც შეავსეს და ამიერიდან ფრაქციის თავმჯდომარეობა ბურჯანაძის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს, კაკო ზაქარეიშვილს გადაულოცეს.
|


