“ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“ – ხალხი ისევ ქუჩაშია და ისევ პროტესტის ხმა ისმის. ამ წუთებში მოვლენათა ეპიცენტრშია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია.
მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან. “არ გაბედოთ“ – ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, რომელიც 250 დღეა ქუჩაში დგას.
დღეს აქ მოვედი როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც მასწავლებელი, ჩემი თანადგომა მზია ამაღლობელს, ნინო მასწავლებელს, უნდა გაძლიერდეს, რადგან ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რომ სადაც საჭიროა, იქ გადაიყვანონ და იქ მიხედონ ნინო მასწავლებელს. ყველა სინდისის პატიმარს და პოლიტპატიმარს ჩვენი მხარდაჭერა, არ გავჩერდებით,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო მოძრაობა სამასი ქალის დღევანდელი გზავნილია, არ გაბედოთ, მივმართავთ ივანიშვილს და მის მარიონეტ ხელისუფლებას, რომლებსაც დიდი ხანია თავს გაუვიდათ, მაგრამ ამას არ მოითმენს და არ აპატიებს ქართველი ხალხი. მზია ამაღლობელი ნამდვილად არის გამარჯვებული. მათი სახით ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა, რომ ვიბრძოლოთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა მათ მიმართ. თავისუფლება ნინოს, მზიას, სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს. ძალა ხალხშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
მარში პარლამენტისკენ მიემართება და სწორედ იქ გაგრძელდება პროტესტი, რომელიც ქვეყანაში 250 დღეა გრძელდება.