გურიის მოამბე

რუსეთში დააკავეს კულინარიის ისტორიკოსი არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით

რუსული კულინარიის ისტორიკოსზე, პაველ სიუტკინზე სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს და მას რუსეთის არმიის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.

60 წლის ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. მედიის ცნობით, იგი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, სიუტკინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა შეტყობინებები, რომლებიც „ფსიქოლოგიური და ლინგვისტური კვლევის თანახმად, შეიცავდა განზრახ ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შესახებ“.

რუსული მედიის თანახმად, ბრალდება არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციაზეა საუბარი.

სიუტკინი რუსული და საბჭოთა სამზარეულოს ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია.

რუსულ სოციალურ მედიაში წერენ, რომ სიუტკინს საჯაროდ ესხმოდნენ თავს პუტინისტი Z ბლოგერები და მას რუსოფობს უწოდებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights