გურიის მოამბე

ვერც ლილუაშვილი და ვერც ღარიბაშვილი, სამართლიან სასამართლოს ვერ მიიღებენ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერც ლილუაშვილი და ვერც ღარიბაშვილი სამართლიან სასამართლოს და სამართლიან გამოძიებას ვერ მიიღებენ.

მისი თქმით, “რეჟიმს ორი ამოცანა აქვს: ერთი ეს არის ყოველთვის ფული, მეორე კი შიშის დანერგვა”.

,,ვერცერთი დაკავებული, მათ შორის ვერც ლილუაშვილი, ვერც ღარიბაშვილი სამართლიან სასამართლოს ვერ მიიღებენ და სამართლიან გამოძიებას ვერ მიიღებენ, ეს იქნება ფაქტი და ასე იქნება ყველა დაკავებულის შემთხვევაში. 

რეჟიმს აქვს ორი ამოცანა, ანუ მათი ქმედებების მოტივაცია არის ორი რამ: ერთი, ეს არის ყოველთვის ფული, როდესაც გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები, ჩვენ უნდა ვეძიოთ ხოლმე ფულის ინტერესი და მეორე, ეს არის შიშის დანერგვა, ანუ ტერორი.

ეს ორი მოტივაცია არის მათი ქმედებების უკან ამოსავალი წერტილი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ორივე შეიძლება იყოს, ის ყბადაღებული ფულის დაბრუნების თემა, რაზეც უკვე ძალიან დიდი ხანია ეს მოარული ჭორები თუ წყაროები საუბრობენ, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ფული ამოიღოს მისი გუნდის წევრების მხრიდან, რომელთა მხრიდანაც აქვს ეჭვები, რომ იმაზე მეტი მოიპარეს, ვიდრე მისი მხრიდან იყო ნებადართული და მას სჭირდება, რომ ეს ფული უკან დაიბრუნოს. მეორე, ის, რომ დათესოს შიში და ტერორი, მათ შორის მის მხარდამჭერებში, თუ მისი მთავრობის ყოფილ თუ მოქმედ წევრებში, რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს დაპატიმრების საფრთხის წინაშე, მაშინაც კი როდესაც შენ ისეთი ერთგული ხარ, ისეთი უპირობო ერთგულება გაქვს მის მიმართ, როგორიც ჰქონდა ლილუაშვილს და ღარიბაშვილს,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, დღეს, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights