ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის საჯარო სკოლაში სწავლება შეწყდა – სკოლის 227 მოსწავლე სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა
ეს, შუხუთის სკოლის შემდეგ, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეორე საჯარო სკოლაა, რომელმაც ფუნქციონირება, ახალი სასწავლო სეზონის განახლების შემდგომ შეწყვიტა:
“არაფერი არ ვიცოდით, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ონლაინ რეჟიმზე უნდა გადავსულიყავით, დავიწყეთ სწავლა თუ არა ორ დღეში დაგვირეკეს და შევწყვიტეთ”
უთხრა “გურიის მოამბეს”, სატელეფონო საუბარში, სუფსის სკოლის დირექტორმა, ტარიელ ჯიჯიეშვილმა;
“ჯერ ვერ გეტყვით, მოხდება დემონტაჟი შენობის და ახლის აშენება, თუ ამ შენობის რეაბილიტაცია, სკოლა რომ ამორტიზირებულია ეს ყველამ ვიცით – დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან – რეაბილიტირება დაიგეგმება თუ ახლის აშენება – ამ წუთში სწავლის ონლაინ რეჟიმზე ვართ გადასული” – თქვა ჯიჯიეშვილმა და გვთხოვა, რომ მეტი კონკრეტიკისათვის ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში დაგვერეკა, ანაც განათლების სამინისტროში;
სუფსის სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ქეთინო გოგუაძე, ჩვენთნ საუბარში ამბობს, რომ სკოლა დიდი ხანია ამორტიზირებულია, შენობა მწყობრიდან გამოსულია და ფაქტობრივად მისი ფუნქციონირება შეუძლებელიც კი იყო, თუმცა, ის რომ ეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადადიოდა, ეს პედაგოგებმაც და მშობლებმაც მხოლოდ საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესის დაწყების მეორე დღეს გაიგეს;
“არავის არაფერი არ უთქვამს, 18 სექტემბერს გავიგეთ რომ სკოლა იხურებოდა, გუშინ იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან და გვითხრეს, რომ ერთ კვირაში გვეცოდინება პასუხი რას გადაწყვეტენ, სკოლა ძალიან ძველი იყო. იატაკიც საშინელ მდგომარეობაში, აქა იქ კედლებიც მწყობრიდან იყო გამოსული” – ამბობს გოგუაძე;
სუფსის საჯარო სკოლაში დღეისათვის 227 მოსწავლეა;
მიმდინარე წელს, სკოლამ, 10 პირველკლასელი მიიღო;








