ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება – მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება
ამ ცვლილებებს, პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი; თემურ ხომერიკი, “გურიის მოამბესთან” საუბარში გამოეხმაურა:
,,ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრისთვის არა მგონია აუცილებელი კომერციულ ბანკში მუშაობის გამოცდილება – მნიშვნელოვანია შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა. ამასთან, გასარჩევია ორი სხვადასხვა საკითხი: საბჭოში არჩევის კვალიფიკაცია — რა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება უნდა ჰქონდეს კანდიდატს; საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა კონკრეტულ საკითხზე — შეიძლება თუ არა წევრმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებაში, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან აცილების საფუძველი. ეს მეორე საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით ამ დღეებში წარმოშობილ ვნებათღელვებში: გამოძიების არსებობა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს. მხოლოდ გამოძიების დაწყება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირი ბანკის საბჭოს წევრობისთვის პროფესიულად შეუფერებელია. საჭიროა კონკრეტული კანონისა და აცილების საფუძვლის შემოწმება. ისიც საკითხავია როგორ მოხდა ამ ხალხის სებ წევრებად წარდგენა/ დანიშვნა და ხელისუფლების სხვა შტოებმაც რატომ შექმნა არალეგიტიმურობის გარემო მაშინდელ პრეზიდენტთან გარიგებით.”
განაცხადა ხომერიკმა;
“დღეს ყველა იძახის 2024 წლის საჩივარზე არაფერი ვიცოდითო- მაშინ ასეთი უმოქმედო სებ საბჭო ვის ჭირდება და სებ რას ელოდებოდა 2 წელი?! როცა ამტკიცებდნენ, 2023 წელს არ იცოდნენ თუნდაც ქალბატონი ნანას სკანდალური წარსული?!” კითხულობს ექსპერტი;
ცნობისათვის: დღეს – ცნობილი ხდება, რომ
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება – მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება.
ამ და მთელ რიგ სხვა ცვლილებებს “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
აღნიშნული სიახლის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტი მოიწვიოს და ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება განსაზღვროს.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ განისაზღვრება ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და დგინდება, რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს
“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები ფართოვდება – მასში აისახება ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვება. ასევე განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ციფრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.







