მომატებულ წყლის გადასახადზე – “მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება”

“მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.
კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ „ჯივიპის“ ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას“ | წერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი.
🔴 გუშინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო. სემეკ-ის თქმით, თუ დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. ამავე განცხადებით, თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights