სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.
როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, – წერს გელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.








