ამერიკას უფრო მეტად უყვარს საქართველო და უფრო მეტად ზრუნავს მასზე, ვიდრე „ქართული ოცნება“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დასავლეთი საზოგადოების განწყობას ხედავს. როგორც რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთი არ უნდა, ამას ამერიკაც, ევროპაც ხედავს. ამიტომ მათ არ უნდათ საზოგადოების დაკარგვა. მათ სახელმწიფოს დაკარგვა არ უნდათ. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და საზოგადოება, სახელმწიფო რჩება. ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, მთელი გულწრფელობით ეხმარებიან სახელმწიფოს. ის, რომ ახალ ელჩს ნიშნავენ, ძალიან საინტერესოა. ეს პირდაპირ სამზარეულოდან მოდის. ეს არ არის მეზობელ სახელმწიფოში ან სხვაგან მყოფი ელჩი, რომელიც აქ გადმოყავთ. ის არის პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. ეს ქალბატონი მუდმივად მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპაზე, ვენაზე მუშაობდა. ყოფილი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ქვეყნებთან მუშაობდა. ენერგეტიკის ბრწყინვალე სპეციალისტია და აშკარად, საქართველოში ჩამოდის, რათა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ დეგნანზე ლაპარაკი მოუსპოს. რომ არ გამოუქვეყნონ რაღაც-რაღაცები, მოდის სუფთა ფურცლიდან, რომ საქართველომ ამერიკას ვერაფერი დააბრალოს. აბა ახლა რას იზამ?! ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების წინ ცვლიან ელჩს, რათა „ქართული ოცნების“ ვითომ გამონაყოფმა და მისმა ყველაზე უფრო აქტიურმა მხარემ „ხალხის ძალამ“ ამერიკის წინააღმდეგ ელჩის დარტყმის საშუალება არ გამოიყენოს. ამერიკას უფრო მეტად უყვარს საქართველო და უფრო მეტად ზრუნავს მასზე, ვიდრე „ქართული ოცნება“. ეს ამის მშვენიერი მაგალითია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.