“ქართული ოცნების” სპეცოპერაციას სახელად “კონსტიტუციური გადატრიალება” ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება”, – ამის შესახებ მთავარი არხის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.
გუშინ დიდი დღე იყო.
“ქართული ოცნების” სპეცოპერაციას სახელად “კონსტიტუციური გადატრიალება” ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება. თავისუფლებით გალახული “ქართული ოცნება” უკვე დარწმუნებულია საკუთარი მარცხის გარდაუვალობაში და ჩვენ მას უნდა “დავეხმაროთ”, რომ ეს უფრო კარგად გააცნობიეროს. დავეხმაროთ უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და თავხედური გამბედაობით. ზუსტად ეს თვისებები აქვს გუშინდელი აქციის უდიდეს უმრავლესობას, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს. და თითოეულმა ჩვენთაგანმა, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა ეს მათგან უნდა ისწავლონ, მათ უნდა მიბაძონ. სწორედ ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენგან, საბჭოთა კავშირში დაბადებულთაგან უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა და უკანმოუხედავად, შეუჩერებლად იაროს წინ, ნათელი დასავლური მომავლისკენ. ჩვენი ისტორიული ვალდებულებაა მათ თავისუფალი და ევროპული საქართველო გადავაბაროთ, რადგან დამონებულ რუსულ საქართველოს ეს გოგოები და ბიჭები უარს ეუბნებიან დღეს და, უკვე ქალები და კაცები, უარს ეტყვიან ხვალაც.
პერსონალური მადლობა ყველა სპორტსმენს, ვინც თავისი გამბედაობით და პატრიოტიზმით აღადგინა ქართული სპორტის სამოქალაქო ღირსება, რომელსაც ასე მიზანმიმართულად ანგრევენ “ოცნების” ზონდერებად ქცეული სპორტული ფსევდო-ელიტები. ამ მხრივ ყველაზე სიმბოლური “დინამოს” პოზიციაა, რომელმაც კვლავ დაგვარწმუნა, რომ ის არა უბრალოდ დიდი საფეხბურთო ისტორიის გუნდია, არამედ ქართული კულტურული კოდის მატარებელი ეროვნული სიმბოლო. ამით დღევანდელმა “დინამომ” გაიმეორა 1981 წლის “დინამოს” გმირობა.
“დინამო, დინამო, დინამო!
გამარჯვება, ბიჭებო!”…და გოგოებო.თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან, – წერს ნიკა გვარამია.