ოზურგეთის ‘არწივები’ ელიტაში ითამაშებს-მატჩის მიმოხილვა

ავჭალა არენაზე“, ‘არწივები’-‘არმიას’ პირველი ლიგის ფინალურმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გურულებმა მშობლიური ქალაქიდან მრავალრიცხოვანი ქომაგი იახლეს. ‘არმიას’ კი მხარს ქართველი ჯარისკაცები აქტიურად უჭერდნენ. მსაჯობის მაღალმა ხარისხმა, გუნდების მოთამაშეთა სანიმუშო ქცევამ და შესაშურმა ბრძოლისუნარიანობამ ლიგის სატიტულო შეხვედრა ნამდვილ სარაგბო ზეიმად აქცია.

შეხვედრა ‘არწივების’ მძლავრი იერიშებით დაიწყო და მე-8 წუთზე მეტოქის 5-მეტრიანთან კარგად აგორებული მოლით გურულების მასირებული შეტევა მღლეტელმა ილისონი გალალამ ლელოთი დაასრულა. სამხრეთ აფრიკელ მგეზავ მარვინ ფრედერიკსის მახვილი კუთხიდან შესრულებულმა ზუსტმა გარდასახვამ გურულებს დებიუტში 7-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

მიღებული ლელოს შემდეგ ‘არმია’ გააქტიურდა და ტაიმის შუაწელს 5-წუთიან მონაკვეთში გამოცდილი კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმის შედეგად ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ლევან ობოლაძის ბიჭები დინამიურ თამაშში რაციონალურად ირჯებოდნენ და ფულბეკ საბა ილურიძის სწრაფი და მახვილგონივრული თამაშის წყალობით, კომბინაციურ სტილში ლელოს გატანაც მოახერხეს, რომლის გარდასახვა ხარაზიშვილს არ გაჭირვებია. ‘არმია’ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა-13:7.

მეორე ტაიმში სამატჩო მღელვარებამ და შესაბამისად მეტოქეთა მხრიდან ტექნიკურმა წუნმა იმატა. ‘არმია’ დაცვას მეტ ყურადღებას უთმობდა, ‘არწივები’ კი შეხვედრაში გარდატეხის შეტანას მაქსიმალურად ცდილობდნენ და ფრედერიკსის 60 მეტრიდან გატანილი დიდებული არეკნის შემდეგ უპირატესობა მეთოდურად დაიბრუნეს.

შეხვედრაში გარდამტეხი 68-ე წუთი გამოდგა. ფრედერიკსმა ჯერ 22/50-ის მოქმედი წესით საკუთარი ნახევარიდან მეტოქის 15-მეტრიანთან განხორციელებული უზადო დარტყმით საკუთარ გუნდს აუტის უპირატესობა მოუპოვა. დერეფანიდან მოწოდებული ოვალი ფრედერიკსმა ‘არმიას’ ჩათვლის მოედანზე ეფექტურად შეაცურა, სადაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგად გურულების ფრთა ჯაბულანი მკულვანი გაერკვა. 1 წუთის შემდეგ ფეხმარდმა მკულვანმა საკუთარი ნახევარიდან სისწრაფეზე წამოღებული ოვალი ლელოდ თავად აქცია და „დუბლიც“ გაიფორმა. ფრედერიკსს, ხელსაყრელი პოზიციების ქონის მიუხედავად, ორივე გარდასახვა გაუცუდდა, რის გამოც ‘არწივების’ უპირატესობამ მხოლოდ 7 ქულა შეადგინა.

მატჩის ბოლო 10-მა წუთმა „არმიელთა“ გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა, თუმცა ტექნიკურმა წუნმა და რიგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ობოლაძის ბიჭებს შედეგიანი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ‘არწივებმა’ პრინციპულ მეტოქეს სეზონის მეოთხე შეხვედრაც მოუგეს, ამჯერზე-20:13 და კლუბის 14-წლიანი ისტორიის მანძილზე დიდ 10-ში თამაშის უფლებაც პირველად მოიპოვეს.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ‘არწივების’ მთავარი მწვრთნელის გია ამირხანაშვილის გარჯა. გამოცდილი სპეციალისტი გურულებს მეორე წელია ერთობ ნაყოფიერად დამრიგებლობს და აღნიშნულ პერიოდში ‘არწივებმა’ თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუუმჯობესა, რაც გუნდის შედეგზეც ნათლად აისახა. მიმდინარე სეზონში, ფინალის ჩათვლით ოზურგეთელებმა 20-ივე ჩატარებულ შეხვედრაში იმარჯვეს. გურულებისთვის ისტორიაში ქართული რაგბის ელიტაში თამაში უცხო ხილს არ წარმოადგენს. 32 წლის წინ ჩოხატაურის ‘ჯანი’ პოდიუმს შეწვდა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ამრიგად, დიდი რაგბი ლელო ბურთის სამშობლოში – გურიაში დაბრუნდა.

‘არმიას’ დიდ 10-ში დაბრუნების შანსი კიდევ დარჩა. ქვეყნის ექს-ჩემპიონი ელიტაში ასვლაზე დიდი 10-ის ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსან ‘აკადემიას’ 2-მატჩა დუელში დაუპირისპირდება.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share