მაღალჩინოსნები იყენებენ სამსახურის მანქანას…რატომ არ ვსჯით?! – ყოფილი მოსამართლე გვარამიაზე

საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის თქმით, უსამართლობის განცდას აჩენს, რომ ნიკა გვარამია სამსახურებრივი მანქანის გამოყენების ბრალდებით იხდის სასჯელს.

როგორც მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში აღნიშნა, საქართველოში არაერთი თანამდებობის პირი სარგებლობის სამსახურის მანქანით.

შეკითხვას, არის თუ არა გვარამია პოლიტიკური პატიმარი, ორკოდაშვილმა ასე უპასუხა:

“პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება ძალიან, მაგრამ რამდენადაც მე მოვისმინე, მას ბრალი ედება ძირითადად იმაში, რომ სამსახურებრივ მანქანას იყენებდა. შეიძლება, აქ ერთი მხრივ, დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს, მაგრამ გვყავს არაერთი თანამდებობის პირი, რომელიც ასევე ვიცით, რომ ამ მანქანას იყენებს. ეს აჩენს უსამართლობის განწყობას. თუკი, ერთი ადამიანი შეიძლება დაისაჯოს ამ რაღაცისთვის, მაშინ, რატომ არ ვსჯით მეორეს? ფორმალურად, რომ ავიღოთ [დანაშაულის] შემადგენლობა არის”- ამბობს ორდოკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე კოლეგიის წევრი იყო. მას 65 წელი შეუსრულდა და პენსიაზე გავიდა, რის გამოც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გადაიდო.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share