ეს ორი ევროპარლამენტარი ივანიშვილის რეჟიმს ექომაგება, ვინ არიან?

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მეორედ ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები სიტყვით გამოვიდნენ.

პარლამენტის წევრების დიდმა ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება “უცხოური გავლენის კანონის” ხელახლა შემოღების გამო გააკრიტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, წარდგენილი კანონპროექტი უკან წაიღოს. თუმცა, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ორი ევროპარლამენტარი, რომლებმაც ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარეს და ამგვარად გაემიჯნნენ გამომსვლელი უმრავლესობის განცხადებებს.

ხსენებული ორი ევროპარლამენტარი ირლანდიელი პოლიტიკოსები, მიკ უოლასი და კლერ დეილი არიან – ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების (GUE/NGL) პარტიის წევრები.

ორივე მათგანი ევროპარლამენტის წევრი 2019 წელს გახდა, თუმცა, პოლიტიკური მოკავშირეები 2012 წლიდან არიან.

მას შემდეგ, რაც ირლანდიის სოციალისტურმა პარტიამ უოლასი გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო დაგმო, პარტია დეილიმაც დატოვა.

საინტერესო მათი პოლიტიკური შეხედულებები ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის შესახებ – განსაკუთრებით რუსეთთან, ჩინეთთა, სირიასთან და სხვა დიქტატორულ და ავტორიტარულ რეჟიმებთან მიმართებით.

უოლასი, ისევე როგორც დეილი, ევროპარლამენტში მუდმივად ეწინააღმდეგება რეზოლუციებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რუსეთს აკრიტიკებენ. უფრო მეტიც, 2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარისკაცების მობილიზების პროცესში იყო, უოლასმა NATO-სთან მიმართებით რუსეთის მობილიზაცია შეაფასა, როგორც “ცხადად თავდაცვითი” ქმედებება.

ამასთანავე, უოლასი NATO-ს გაუქმებას ემხრობა. უოლასმა 52 პარლამენტართან ერთად, 598-ის წინააღმდეგ,  მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის $1.2 მილიარდის სესხის გაცემას.

2022 წლის მარტში უოლასმა მხარი არ დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობდა. მანვე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას უგზავნიდა.

ამასთანავე, უოლასი ეწინააღმდეგებოდა უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთზე სანქციების დაწესებას, ხოლო 2022 წლის ნოემბერში მან მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებდა.

ამ ყოველივეს ისიც ემატება, რომ 2021 წელს უოლასმა უარყო, რომ ჩინეთში უიღურების მასობრივი დაკავებების მტკიცებულება არსებობს და განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის შემადგენელი ნაწილია.

2018 წელს უოლასმა ასევე უარყო ცნობები, რომ სირიის მმართველმა ბაშარ ალ ასადმა ქალაქ დუმაზე თავდასხმისას ქიმიური იარაღი გამოიყენა. 2021 წელს მან გამაცხადა, რომ ასადის რეჟიმი სირიას “გენოციდური ექსტრემისტებისგან” იცავს და იგი სირიის მთავრობაზე სანქციების დაწესების მოწინააღმდეგეა.

საყურადღებოა ისიც, რომ 2022 წელს უოლასმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას “დასავლური ნეოლიბერალიზმის პაიკი” უწოდა, ხოლო ამავე წელს, როდესაც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, უოლასმა დემონსტრანტები გააკრიტიკა და ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

არანაკლებ საინტერესოა კლერ დეილის პოლიტიკური კარიერაც. რუსეთის დამგმობი რეზოლუციებისთვის მხარის არდაჭერის გარდა, დეილი მიიჩნევს, რომ “გავრცელებული რუსოფობიის უბოდიშო ოპონენტია”.

თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დეილი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებელ საჯარო ფიგურათა სიაში შეიყვანა.

2022 წლის მარტში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დამგმობ რეზოლუციას დეილიმაც არ დაუჭრა მხარი, და უოლასის მსგავსად კლერიც არ ემხრობა რუსეთზე სანქციების დაწესებას.

დეილის ასევე დაგმობილი აქვს რუსეთის ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მან “იმიგრანტების მოწინააღმდეგე რასისტი უწოდა”, რაც ნავალნის შესახებ სამთავრობო ნარატივის ნაცნობი გადამღერებაა.

მიკ უოლასი და კლერ დეილი სხვა რიგ საკითხებშიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციები აქვთ. ზოგიერთის შეფასებით ისინი ანტი-ისტებლიშმენტის პოზიციებზე დგანან, თუმცა, ეს მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებით მართლდება, რადგან აშკარაა, რომ ზემოხსენებულ საკითხებში ისინი ძირითადად რუსეთის, ჩინეთის, ირანის ან სხვა ავტორიტარული რეჟიმების სამთავრობო ნარატივებს იზიარებენ. ამაში დასარწმუნებლად ის ფაქტიც საკმარისია, რომ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდა უოლასისა და დეილის ვიდეოებს ხშირად იყენებს საკუთარი დეზინფორმაციის გასავრცელებლად. საქართველოს მთავრობის მსგავსად.

ტაბულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share