ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – “კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შტატებთან და ევროპასთან” – წერს კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.
თეთრი სახლი იყენებს ბოლო შანსს, რომ ივანიშვილის გუნდს უკან დაახევინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ თქვეს, რომ გადაიხედება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული ურთიერთობა.
კამალა ჰარისის წერილის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. ბაიდენის მარჯვენა ხელი სალომე ზურაბიშვილს მისი მოქმედებების გამო აქებს და უწონებს კანონზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას. წერილი ვაშინგტონიდან ივანიშვილის ხელისუფლების რეპუტაციისთვის უდიდესი დარტყმაა, ეს სავარაუდოდ იციან თავადაც, თუმცა საკუთარი და ქვეყნის რეპუტაციაც უკვე გადააყოლეს რეპრესიულ კანონს. უკან არ იხევენ და ყველა კრიტიკოსს დასავლეთიდან სიცრუის კამპანიის მონაწილედ ასახელებენ.