საქართველოს ნაკრები დღეიდან ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ნაკრების ფეხბურთელების ნაწილი დღეს თბილისიდან გაემგზავრა ავსტრიაში და გაფრენამდე მათ კომენტარებიც გააკეთეს.
ბუდუ ზივზივაძე: „პლეი-ოფების შემდეგ ყველა ფეხბურთელი თავის კლუბებში ძალიან კარგად თამაშობდა, ძალიან თავისუფლად და თვითდაჯერებული იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდისთვის. გუნდში ძალიან ამაღლებული განწყობაა, როგორც ყოველთვის ერთმანეთის ნახვა გვიხარია, ბედნიერი ვართ და ამ ისტორიული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ვიწყებთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გერმანია თავაწეულებმა დავტოვოთ. არა მარტო მე ვარ კარგ ფორმაში, რაც გუნდისთვის კარგია, რადგან ატმოსფერო კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“.
ოთარ კიტეიშვილი: „რა თქმა უნდა, განწყობა კარგია. პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, ყველას გვიხარია ერთმანეთის ნახვა და ის სიხარული, რაც 26 მარტს გვქონდა, განახლდა. თუმცა, აუცილებელია ამ მატჩებისთვის კარგად მომზადება და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ პერიოდს. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ტურნირის წინ და გამოვიყენებთ“.
ზურიკო დავითაშვილი: „სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ და საოცარი ემოციებია. ასეთი განწყობით არასდროს შევკრებილვართ. პირველ რიგში, შედეგის მისაღწევად მივდივართ. რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი გამოგვივა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ფორმაში შევედი და მიხარია, იმედია, ასე გავაგრძელებ და ჩემს ქვეყანას დავეხმარები ჩემი თამაშით. ამხანაგური თამაში ასეთ დროს მნიშვნელოვანია და წაგვადგება“.
გაბრიელ სიგუა: „რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის ნაკრებში გამოძახება, მაგრამ ამავდროულად წარმოუდგენლად გასახარი ამბავია, როცა გეძლევა შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშო და შესაძლებლობები წარმოაჩინო. მე მაქსიმალურად მოვემზადე ფიზიკურად და მენტალურად, ვფიქრობ, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. „ბაზელში“ უფრო უკეთესი სიტუაცია იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო სეზონში უკეთ ვითამაშებთ. ტრავმები მაწუხებდა, მაგრამ ბოლო დროს კარგად ვიყავი და ვფიქრობ, ფორმაში შევდივარ“.
საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შეიკრიბება, ხოლო ევრო 2024-მდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიას დაუპირისპირდება.