მძიმე წელი იყო 2024. 90-იანი წლების შემდეგ საქართველო ასეთი მკვეთრად პოლარიზებული არ ყოფილა. მაშინ საერთო ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მოახერხა პოლიტიკური დაპირისპირების შემცირება და საერთო ეგზისტენციალურმა პრობლემებმა პოლარიზაცია ჯერ გააფერმკრთალა, მერე წაშალა.
ასეა; როდესაც ერს გონიერება არ და ვერ ჰყოფნის გასაერთიანებლად, განგება ეგზისტენციალურ გამოწვევას უგზავნის.
ანალოგიურ პროცესებს ვუცქერით ახლაც. პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც ორად გაყოფილ ერს გაამთლიანებს.
საქართველოს მომავალი ორივე პოლუსს თავისებურად ესმის. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დიქტატორული სტაგნაცია მათთვის მისაღებია, რადგან დაიჯერეს რომ დიქტატურა მშვიდობის გარანტიაა; მეორე ნაწილს კი საქართველოს დემოკრატიული განვითარება სურს; თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის სტანდარტებზე აგებული სახელმწიფო, მაქსიმალურად სრულყოფილი და განვითარებული ინსტიტუტებით.
ერთ ნაწილს ანტი-ცივილიზაციის ბუნაგში მოხვედრა არ ადარდებს, თუკი სტაბილური სახრავი გარანტირებული იქნება, მეორე ნაწილი კი ცივილიზაციის ნაწილად მოიაზრებს თავს და მზად არის დაუღალავად იშრომოს ამისათვის.
სტაგნაციონისტების მხარეზეა დაუნდობელი ძალა. დემოკრატები კი “კავკასიური ცარცის წრის” გრუშე ვაჩნაძესავით ვერ იმეტებენ სამშობლოს ქაოსისთვის და არაადამიანურ აგრესიას მაინც აწეული ხელებით და სიმშვიდით ხვდებიან. ასეთია ისტორიული რეალობა და დღევანდელი მოვლენები ზუსტად ამ სახით შევა ისტორიაში, რადგან სწორედ ამგვარად და ამ ჭრილში ხედავს დემოკრატიული სამყარო ამჟამინდელ საქართველოს.
ალბათ ისევ, როგორც 90-იანებში, მხოლოდ საერთო, პრიმიტიული ეგზისტენციალური გამოწვევა თუ წაშლის უმაღლესი ხარისხის პოლარიზაციას. მორიგების და გააზრების პოტენციალი სამწუხაროდ გამოგველია.
“მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია” … ამიტომ ცხოვრება გრძელდება. 2025 დიდი გამოცდა იქნება საქართველოსთვის. ზუსტად გაირკვევა ერის პროგრესული პოტენციალის მარგი ქმედების კოეფიციენტი. იმედია ცივილიზაციაც არ გაგვწირავს და არ იტყვის ჩვენზე უარს.
ჩვენს გასაკეთებელს კი მაინც ვერავინ გააკეთებს. თავად უნდა შევძლოთ გადარჩენა. ან ერთად მივაღწევთ წარმატებას, ან ერთად დავიღუპებით. ცხადია გადარჩენაც და დაღუპვაც ფარდობითი კატეგორიებია. მავანთათვის საბჭოთა საქართველოს წლები ბედნიერი და უზრუნველი იყო, მავანთათვის კი ტკივილისა და დამცირების.
მაინც იმედი ვიქონიოთ …
მშვიდი და აზრიანი ახალი წელი ყოფილიყოს 2025…
გილოცავთ! 
