კახეთს რეგიონული განვითარების ცენტრის (KRDF) ინფორმაციით, იხურება ორგანიზაციის ბაზაზე მომუშავე ცენტრები პანკისის ხეობაში. საუბარია საგანმანათლებლო სივრცეებზე სოფელებში – დუისი, ჯოყოლო და ქორეთი.
ორგანიზაცია პანკისის ხეობაში მუშაობის შეჩერების მიზეზად “ქართული ოცნების” რეპრესიულ კანონებს ასახელებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას.
“ეს პროცესი მოულოდნელი არ ყოფილა. უკვე მეორე წელია ორგანიზაციას ცენტრების შენობებზე იჯარის ხელშეკრულება აღარ უგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით პრობლემის მოგვარებას, რადგან ეს სივრცეები მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცენტრებია – როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ქალებისა და მთლიანად თემისთვის. მათი მნიშვნელობა ყველაზე კარგად სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გაცნობიერებული.
გარდა იმისა, რომ ვეღარ ვსარგებლობთ ცენტრების შენობებით, საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე სულ უფრო შეუძლებელი ხდება დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერის მიღებაც. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გვიწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების გახმოვანება.
2000 წლიდან დღემდე, ცენტრები ათასობით ახალგაზრდას სთავაზობდნენ უფასო კურსებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. ასევე, ადგილობრივ ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასო კურსები გაევლოთ ჭრა-კერვის, კულინარიის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თექისა და თიხის მიმართულებით. ამჟამად, ცენტრებში 20 ადგილობრივი ქალია დასაქმებული. ხოლო წლების განმავლობაში ასობით ახალგაზრდა სარგებლობდა ცენტრების შეთავაზებული შესაძლებლობებით.
ჩვენთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილება გვიწევს, რადგან ყოველდღიურად მუშაობის დროს კიდევ უფრო ნათლად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ახალგაზრდებთან, ქალებთან და მთლიანად თემთან უშუალო მუშაობა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანი იმედაშვილის ინფორმაციით, მათი საგანმანათლებლო პროგრამები ეხმარებოდა პანკისის ხეობის 17 სოფლის მოსახლეობას, ქისტებს, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს, ნატურალიზებულ ლტოლვილებს, აჭარელ ეკომიგრანტებსა და ფშავლების თემის მოსახლეობას – ჯამში, 6000-მდე ადამიანს. ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (120-მდე სოფელი, თუშეთის ჩათვლით, 30 000-მდე ადამიანი) და პერიოდულად, მეზობელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც.
- აბიტურიენტების მოსამზადებელი უფასო კურსები უმაღლესი განათლების მისაღებად (ქართული, გეოგრაფია, ისტორია, ინგლისური და სხვა);
- თემატური საგნები ბავშვებისათვის (პერიოდულობით: ქართული, ისტორია, გეოგრაფია, დაწყებითების სწავლება);
- ათობით ტრენინგი, სემინარი სამოქალაქო განათლების მიმართულებით;
- ათობით შეხვედრა საინტერესო მომხსენებლებთან: მწერლებთან, პოეტებთან, სპორტსმენებთან, მსახიობებთან, ფოტოგრაფებთან, დიპლომატებთან, საჯარო მოხელეებთან…
- თიხის თერაპიის კურსი ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის;
- ჭრა-კერვის და ხალხური რეწვის კურსი ქალებისთვის;
- ქსოვის, ქარგვის კურსი ქალებისთვის;
- ცეკვის კურსი ბავშვებისთვის;
- პერიოდული საგანმანათლებლო ღონისძიებები, ფესტივალები;
- სერტიფიცირებული ექთნის კურსი გოგოებისთვის;
- ბიბლიოთეკები;
- ტექნიკით და სხვა მატერიალებით აღჭურვილი ახალგაზრდული სივრცეები;
- ქალთა ოთახი (უხუცესი ქალების);
- საგანმანათლებლო ბანაკები მოზარდებისთვის;
- ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი;
- უფასო სამართლებრივი დახმარება ლტოლვილებისთვის და სოც. დაუცველებისთვის;
- საგრანტო დაფინანსება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
- საგრანტო დაფინანსება ტურიზმის ხელშეწყობისთვის;
- საგრანტო დაფინანსება საზოგადოებრივი პროექტებისთვის;
- საგრანტო დაფინანსება მეწარმეებისთვის;
- საგრანტო დაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;
- დასაქმების ხელშეწყობის და უნარების განვითარების ხელშემწყობი პროექტები;








