ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, დღეს, სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობა შეიკრიბა და სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მოითხოვა.
მოსახლეობის განცხადებით, დღეს მშვიდობაურში (სოფელი ბახვის თემში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნომერ პირველი პრობლემა გზაა, არადა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა, მიიღეს გადაწყვეტილება შეკეთდეს კლუბი, რაც არასწორია:
“ვითხოვთ გზის შეკეთებას, სოფლის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევისას, მხოლოდ გარკვეული წრის წარმომადგენლებს ესაუბრებიან და არა მთლიანად სოფელს. ვითხოვთ, რომ მერი ან მისი წარმომადგენლები შეხვდეს ყველას და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც სოფლის უმრავლესობას სურს”
აცხადებდნენ მერიასთან მისული მშვიდობაურის მაცხოვრებლები, მათთან შესახვედრად გამოსულ-ოზურგეთის მერთან საუბრისას.
მშვიდობაურელები ოზურგეთის მერიასთან დღეს დილით შეიკრიბნენ და ოზურგეთის მერს, პაატა კუნჭულიას შეხვდნენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელში, ამ საკითხის გადასაწყვეტად-თუ რა გაკეთდეს სოფლის პროგრამის ფარგლებში-მიმდინარე თვის 24 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებენ.
ფოტო გიორგი გირკელიძე (გურია ნიუსი)








