„აქ იყო ივანიშვილის სურვილი და ამიტომაც უცებ გაუფორმეს საპროცესო საზღვრის კვეთაზე, ფინანსურ დანაშაულზეც, უცებ ჩატარდა სხდომაც, მაშინ, როცა ეს თვეობით იწელება… ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ, 18 თებერვალს გათავისუფლდა.
„ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთია-ერთშია,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
,,ჩემთვის ეს არის ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უწყობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი, ფინანსურ კონტექსტში, გაბედავს წასვლას.
განსაკუთრებით ეს ეხება მის ყოფილ მომხრეებსა და გულშემატკივრებს.
მეორე, რაც გამოჩნდა, ეს არის შემზარავი ფაქტი: სასამართლოს და კრიმინალური იუსტიციის პრაქტიკულად ყველა რგოლის უმძიმესი და კატასტროფული მდგომარეობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული დეტალები: როდესაც ეს ადამიანი განუდგა ბიძინა ივანიშვილს – არ ვიცი, რა ფული ვერ გაიყვეს კონკრეტულად – მოიტაცეს ეს კაცი, რასაც ჰქვია. გვახსოვს ასევე ძალიან კარგად, როგორ ჩართო ამაში ივანიშვილმა სახელმწიფო რესურსი, სუს-ს მისცა დავალება და მოიტაცეს ეს ადამიანი, ჩამოიყვანეს უშუალოდ ოხანაშვილის [სუსის მაშინდელი უფროსი] ჩართულობით. გვითხრეს, რომ ვითომ მწვანე ზოლზე დააკავეს და ეს იყო ტყუილი.
შემდეგ ციხეში ჩასვეს და იძალადეს ამ ადამიანზე იმისთვის, რომ ივანიშვილს მიეღო ფული.
სასამართლო სისტემაში ყოველთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყო დიდი პრობლემა, მაგრამ ივანიშვილმა საკუთარი სახლის სხვენად გადააქცია სასამართლო სისტემა. ეს უკვე კლანური მართვაც აღარ არის. ეს არის პირდაპირ დამორჩილებული, დამონებული, დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც წაართვა ამ ადამიანებს.
ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, დაეწევა.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური, ავადმყოფური სწრაფვა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის, რაც არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.
ბაჩიაშვილის სიცოცხლე რომ საფრთხეში იყო, ფაქტია. ახლა მან გადაწყვიტა, რომ ეს ფული უკან დაუბრუნოს ივანიშვილს. არ ვიცი, რა როგორ დაბრუნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას წინ არ უძღოდა შესაბამისი მოქმედებები. ივანიშვილმა დარეკა და კრიპტოვალუტების კოდები ალბათ მისცა ბაჩიაშვილმა. მანამდე კი, მას სრული ტერორი მოუწყო. ოჯახის წევრებზეც კი მოუწყო ტერორი, ყველაფერი დაუყადაღა, სპეციალურად მისთვის მიიღეს ახალი კანონები…
ბიძინა ივანიშვილის ეს მოქმედება მენტალურად რუსულ-ქურდული „კოზა ნოსტრას“ სინდიკატს არათუ წააგავს, არამედ ერთია-ერთშია.”-აცხადებს დეკანოიძე.








