ქე დეიქცა და დეიღუპა აი, ქვეყანა და ავიღოთ ხელში ძალა მოქალაქეებმა-ირმა გორდელაძის გურული პოლიტნარატივები

„პოლიტიკა აფუჭებს ადამიანს, პოლიტიკა ბოჭავს და მე ვარ თავისუფალ ფრენას მიჩვეული არწივი, რომელსაც არ ჰყავს ფეხის დამბაკუნებელი, მე ვუბაკუნებ სხვას ფეხს“, – ამბობს გურული ფირალი ირმა გორდელაძე, რომელთანაც ინტერვიუს „ნეიშენ ჯორჯია“  გთავაზობთ.

– გამარჯობა ქალბატონო ირმა, როგორ ხართ?

– გამარჯობა, ნამეტარი სიცივეა, ახლა მოვედი სკოლიდან, ციოდა და ცეცხლს ვანთებდი, რომ მომწერე, თორემ ისე გევიყინებოდი.

– ქვეყანაშიც კი დაანთეთ ცეცხლი…

– რა ვიცი, ნენა, რაცხას ვფუტავდი გურიაში და არ გაცდა გურიას. აი, პირველი დაფუტება კი არ არის. ადრე გარემოს დაცვაზე ვფუტავდი, ახლა მთლად ვარესი ამბავი გვჭირს.

– საინტერესოდ დაიწყო ჩვენი დიალოგი და ამას ინტერვიუში აუცილებალდ გამოვიყენებ…

– რაფერც გინდა, ისე გამეიყენე, ნენა.

– გურულებს „ალტ ინფო“ ისევ გიტევთ?

– ოზურგეთში მოყუჩებული არიან. ჩუმ-ჩუმად სა რას შობიან, მაი ამბებიც მომდის.

– შვრებიან რამეს?

– დარბიან ტურებივით, ეხვეწებიან ხალხს, გადმოი ჩვენს მხარესო, ვინ გაბედავს, ნენა?!

მოკლედ, დავიწყებ თავიდან, შემთხვევით საუბარს მოვკარი ყური, რომ ალტ ინფოს ოფისი იხსნებოდა, კარგად  ხართ-მეთქი, მე ვუთხარი, სად ხსნიან, თქვა და აქა და აქაო. მოკლედ, შევეხმიანე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვუთხარი, რომ ჯგუფი შევქმნათ, რომ რამე ჩვენ დავიწყოთ სამოქალაქო მოძრაობა ამის წინააღმდეგ. ასე, სახელდახელოდ, ორ დღეში გაკეთდა ყველაფერი. ახლა კი ვდარაჯობთ იმ ოფისს, რომ რამე ისეთი შევამჩნიოთ, ყველაფერი გავაკეთოთ.  როცა ამას ვგეგმავდით, ვგებულობთ, რომ ოზურგეთში შემოვიდა ეს ალტ ინფო. ჩამოიყვანეს ხალხი, ფოტოები რომ დადეს, მხოლოდ და მხოლოდ 4-5 ოზურგეთელი ვიცანით, დანარჩენი ჩამოყვანილი ჰყავდათ.  ჩქარ-ჩქარა აკურთხეს ოფისები. იმ დღესვე, როგორც კი გავიგე, რომ აი, ამბები მოხდა, სახლში მოსული უკან გავბრუნდი, თოვდა, ის რაც იყო, იყო სპონტანური აქცია. ამ დღის შემდეგ ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ, იქ არავინ არ ყოფილა.

– ფართის მეპატრონესთან არ გქონდათ კომუნიკაცია, არ ჰკითხეთ, დამქირავებლები სად არიან?

– მოვიძიეთ ფართის მეპატრონე, მე თვითონ ვესაუბრე, მითხრა, რომ ეს იყო ნახევარი საათით ნაქირავები შენობა. ამას შევევშვით და წავედით ჩოხატაურში, იქ ალტინფოელებსაც გავესაუბრეთ, მაგრამ სჯერათ, რომ ისინი არიან პროქართული მოძრაობა. ამჯერად სიწყნარეა, არავინ არსად არაა შესული, ეს მორგოშიები ხომ მოსკოვში არიან და იქედან გასცემენ დავალებებს.  მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ჩუმ-ჩუმად მხარდაჭერებსაც აგროვებენ, უბრალოდ, ჩვენი სამოქალაქო პოზიციის შემდეგ, ის მუქარები და დაცინვებიც შეანელეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დადიან გავლენიან ადამიანებთან, რომ გადაიბირონ.

კიდევ არის ასეთი თემა, რომ მაგათ ჰქონდათ მუქარა: იარაღით ვუმკურნალებთ ავადმყოფებსო. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას.

– ანუ, მუქარაც იყო?

– დიახ, განცხადებაც შეტანილია, საქმე ძიებაშია, მე დაკითხვაზეც ვიყავი უკვე – ამას თუ თავიდანვე არ მიექცა ყურადღებას, მერე დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება და ეს ადამიანები უფრო მეტს მოინდომებენ.

– ამ მუქარების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც თქვენი მოძრაობა გამოჩნდა, ოფისების გახსნის იქით ეშინიათ. ვნახეთ, რაც მოხდა ქობულეთში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ალტ ინფო საშიში არ არის.

– ახლა თემა რაშია, იმედია, არ განვმეორდები: ალტ ინფო არის ხელისუფლების მიერ შემოყვანილი ძალა, რომ უმტკივნეულოდ ჩავბარდეთ რუსეთს. ის განცხადებები, რაც ამ ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებსგან ისმის, არის პირდაპირ მიმართული იმისათვის რომ ქვეყანა გადასცენ რუსეთს, – ეს ჩემი სუბიექტური აზრია. რეალურად, ამაზე მუშაობა წლები მიმდინარეობდა, რუსეთის აგენტურა ყველგან არის საქართველოში, მათ არცერთი აგენტი არ დაუჭერიათ, არ დაუსჯიათ. რუსეთის აგენტურა არის ყველგან – ეკლესიიდან დაწყებული საჯარო სამსახურით დასრულებული. რა არის დასამალი, ნახევარი სიმართლის თქმას არ თქვა, საერთოდ, ჯობია, მაგრამ ამას რომ იტყვი, „ნაცი“ ხარ.

– ხშირად ამბობთ, სამოქალაქო ტერმინის გაქრობა სურს ხელისუფლებასო. ეს რაში სჭრიდება?

– ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე სანდო არის მოქალაქე.

– და ყველაზე ძლიერიც, არა?

– დიახ, რომელიც არ მიეკუთვნება არცერთ პარტიას და პარტიული აზროვნებით არ მოქმედებს და მოქალაქე არის შეგნებული ფენა საზოგადოების, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ნდობა იმიტომ, რომ სამოქალქო საზოგადოება მოვლენებს აფასებს მწვავედ და ობიექტურად, არა ვართ მოქცეული პარტიული გავლენების ქვეშ. ამიტომ ცდილობენ ამ ფენის გაქრობას.  ხატავენ, რომ არსებობს მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“, ანუ სამოქალაქო საზოგადოება არ არის, თან ამ „ალტ ინოფს“ და კონსერვატორების შემოსვლით ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოებიდან გადაიბირონ მრევლი, ისინიც აპოლიტიკურები არიან. ისეთ ადამიანებზე აქვთ გათვლა, აი, მაგალითად, მრევლს ეკლესიით და ჯვრით გადაიბირებენ.

– თან, ეკლესია ხომ ძლიერი ინსტიტუციაა ქვეყანაში.

– დიახ და კიდევ მოსძულდა ხალხს „ქოცი“ და „ნაცი“ და ეძებს მესამე ძალას და  მათ მომხრებს ჰგონიათ, რომ ეს მესამე ძალა არის კონსერვატორები. და კიდევ, ლგბტ-ს თემა, რომ ე.ი. ჩვენ უნდა დავიცვათ ტრადიციები და აშშ-ევროპა გვატენის ამ პრაიდებს.  პლუს, წლებია, მიდის ევროპის წინააღმდეგი კომპანია, მაგრამ უკრაინის ომმა დააჩქარა ეს პროცესბი.

– და ყველაფერი უფრო თვალსაჩინო გახდა.

– კი ბატონო და ჩვენ, როდესაც უნდა გვქონდეს სახელწმიფო პოზიცია, ხალხს აქვს სხვა პოზიცია, ხელისუფლებას – სხვა. ხოდა, ეს ალტ-ინფოც ასეთი შემოგდებული თემაა, მაგრამ არ ჰყავთ ამათ იმდენი მომხრე, რა გათვლებიც ჰქონდათ. წარმოდგინე, არ ელოდნენ წინააღმდეგობას საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ეს ადამიანები, ვინც ვართ ამ საზოგადოებაში, ვართ ძლიერი ძალა. ეს არის მიზანმიმართული, რომ გააქრონ მოქალაქის სტატუსი და ნესბიმერ მოქალაქეს, რომელიც გამოთქვამს აზრს, აწეპებენ პოლიტიკურ იარლიყს. ძალიან მოძველებული მეთოდია  მაგრამ აპრობირებულია და მოქმედებს.

– ქალბატონო ირმა, საუბარი რომ დავიწყეთ, 9 აპრილი ახსენეთ და ისიც თქვით, ყველაფრის მონაწილე ვარო. მაშინ, როცა დამოუკიდებლობისთვის, ქართულ ენისა და მთლიაონიბისთვის იბრძოდით, იფიქრებდით, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ დაცვა გახდებოდა საჭირო?

– ბოლო 6-7 წელია, უკვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ეს პროცესი ბოლო წლებია დაიწყო. სახელწმიფოს კურსი რომ შეიცვალა, ეს ვიგრძენით ყველამ. ნიადაგის მომზადება ხდება, ღმერთმა დეიფაროს და ხვალ რომ რუსეთს ჩაგვაბარონ, ნიადაგი იყოს მზად და ხალხი შეჩვეული იყოს და ვინც პროტესტს გამოთქვამს, ჩაქოლავს მეორე მხარე.

– ანუ, ცდილობენ სამოქალაქო დაპირპსირებას?

– დიახ, უნდათ სამოქალაქო დაპისპირება, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩავქოლოთ ერთამენეთი.

– 9 აპრილის თაობა ხომ ცოცხალია, ამას როგორ იზამენ?

– ის თაობა, ბევრი არის თანამდებობის პირი, ბევრი არის საჯარო სამსახურში, ვინც ვართ დარჩენილი, ქე ვართ ქუჩაში გამოსული . 51 წლის ვარ, 52 წლის გავხდები, ჩემს თვალწინ საბჭოთა იმპერია დაინგრა, მერე იყო დამოუკიდებლობის პერიოდი, მერე იყო გაჭირვება და დარწმუნებული ვარ, მეორე იმპერიის დანგრევას მოვესწრები. ე.ი. 9 აპრილის თაობას ახსოვს ის პერიოდი, 5-6-ში იქ რომ ვიდექით, დაჩოქილი „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდით, დაო და ძმაო – ეს მუხტი იყო  და მხოლოდ ამად ღირდა ცხოვრება. იქ მყოფი ნებისმიერი შეუვარდებოდა ტანკს.

– და ასეც მოხდა.

– ეს იყო მომენტი, როცა ერი მზად იყო თავდადებისთვის. ისე არაფერი აერთიანებს ერს, როგორც სამოშბლოსთვის სისხლის ღვრაო, ყველა ვიყავით მზად სიკვდილისთვის. იყვნენ ლიდერები, რომლებიც საოცარ მუხტს იძლეოდა და ჩვენ ვიბრძოდით ნანატრი თავისუფლებისთვის.

– ახლა არაა მუხტი?

– ახლა რა მოხდა, ის მუხტი არ არის და გაზარმაცდა საზოგადოება, მიაბარა ეს თემა ოპოზიციას, რომელიც არის ჩასვრილი, ოპოზიცია ულიდეროა. აბა, ახლა, მოდი, სიმართლე ვთქვათ. არც ლიდერი, არც ოპოზიცია, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს კოჰაბიტაციაში. 9 აპრილის თაობა ზოგი ხელისუფლებაში, ზოგიც დაიღალა, ზოგიც ემიგრაციაშია, ნიჰილიზმია, უიმედობაა. მოკლედ, მუხტი გვინდა, რა. და ი, მესამე ძალა არის მოქალაქეებში. შეგნებული მოქალაქეები, განურჩევლად სტატუსისა, იყოს ის ნაციც, ქოციც, ოღონდ ამ შემთხვევაში დადგეს, როგორც მოქალაქე. ახლა, ჩვენ თუ ველოდეთ, ოპოზიცია ვერაფერს შვება, თანაც ეს ოპოზიცია გადაღეჯებულია,  ლობიო რომ გადაღეჯდება და ძნელად იხარშება, ეგრეა. ოპოზიცია ვერ ქმნის იმ მუხტს, რომ საზოგადოება გამოვიდეს ქუჩაში.

– და ხსნა, გზა სადაა?

– არის მეორე ვარიანტი, სქართველოს ისტორიაში არის ასეთი მაგალითი – გამოსულან მოქალაქეები. აბა, რა ვქნათ, ამათ თუ ვუცადეთ, ახლა, ვინცხა გამოჩნდება დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე, ქე დეიქცა და დეიღუპა აი, ქვეყანა და ავიღოთ ხელში, კაცო, ეს ძალა მოქალაქეებმა.  ყველა რეგიონში და ქალაქში 5 მოაზროვნე ეყოფა ამ ყველაფერს.

– ქალბატონო ირმა, სამომავლოდ პოლიტიკაში გიხილავთ?

– აპაა, იმიტომ რომ პოლიტიკა აფუჭებს ადამიანს, პოლიტიკა ბოჭავს და მე ვარ თავისუფალ ფრენას მიჩვეული არწივი, რომელსაც არ ყავს ფეხის დამბაკუნებელი, მე ვუბაკუნებ სხვას ფეხს.

– თქვენ გულწრფელობას ხედავენ ადამიანები და ისიც გამოჩნდა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება.

– აი, ეგ კი მინდა, შვილო, მოქალაქე ტერმინი გაცოცხლდეს და მისი როლი.

– ერთ-ერთი ხართ, ვინც ყველაფერ ამას აცოცხლებს.

– დედა, რა ჯობია მაგას, მე რასაც ვამბობ და ვმოქმედებ, ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამას ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. თურმე, ადამიანებს უბრალო ხმა მონატრებია.

– და გულწრფელ აზრიც.

– ყაბალახიო და გურული ნარატივიო, ამბობენ, კლასიკურად, აკადემიურად ისე ვსხვლავ, შენი მოწონებული, მაგრამ ეს ამოუვიდა ხალხს კისერში. ხოდა, ამ გურულ ნარატივს იმიტომ არ ვანებებ თავს, გურული ვარ და რომც არ მოვინდომო, მაინც გამოვურევ, მაგრამ რაზე გეუბნები, იცი? – მოსწყინდა, ნენა, აი, გატკიცინებული პოლიტიკოსები ხალხს, იქეთ რომ ამუნათებენ კაი ჭმული, კაი სმული.

– ნამდვილად სჯობს გურული ფირალობა, ქალბატონო ირმა

– რა ვიცი, შვილო, მაგრამ რაფერი თემაა, იცი? – ჩვენ გურულებს პაწა გვაკლია. საქმე რომ მიდგება, ბუნტზე ვართ უშიშნი ვითარცა უხორცონი. დამთავრებული ამბავია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ეუფ, ბუნტი.

– გურულების აჯანყებას აპირებთ?

– ალბათ. ბებიას და ბაბუას გაზრდილი ვარ, შიში თუ შეგეპარა ყურში დიდ საქმეს ვერ გააკეთებ. რა დროის შიშია, ნენა, გვექცევა ქვეყანა თავზე.

– საინტერესო იყო თქვენთან საუბარი…

– გადავჩხრიკეთ ჩვენ ნაცარი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა გავთითოულდეთ, არ გვქონდეს იარლიყი და ვიდგეთ ერთად, როგორც საქართველოს მოქალაქეებს შეეფერებათ. და ახალგაზრდები, თქვენ უფრო მაგრები იქნებით, თქვენ ხართ თავისუფლებაში გაზრდილი, დაბადებულები. არ გეკადრებათ თქვენ ასეთ საქართველო. ისეთი კარგები ხართ. იმდენი გულანთებული ახალგაზრდა გავიცანი, რაღა შემაშინებს, არაფერი! გადავრჩებით, ნენა…

 ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share